პირველი ინდუქციური ქურა 30 წლის წინ შეიქმნა, თუმცა დღემდე პროგრესის ეს თვალსაჩინო პირმშო სკეპტიკურ დამოკიდებულებას ხვდება. ძირითადად იმ ადამიანებისგან, ვისაც მისი მუშაობის პრინციპი არ ესმის და სიახლე აშინებს.
კერამიკული შუშის ქვემოთ მოთავსებულია ინდუქცირების კოჭები, რომლებიც დენის გავლის დროს არ ცხელდება, არამედ მათში იქმნება ელექტრომაგნიტური ველი, რომელიც მის სიახლოვეს არსებულ ფერომაგნიტურ საგნებში (ჩვენ შემთხვევაში რკინის ჭურჭელი) წარმოქმნის მაგნიტურ მორევებს, ის აცხელებს ჭურჭლის ძირს და სწორედ ამ პრინციპით ცხელდება შემდგომ ჭურჭელში მოთავსებული საკვები.
მისი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ ის ჯანმრთელობისთვის მობილურზე ან მიკროტალღურ ღუმელზე საშიში არაა. თუ იკითხავთ ღირს თუ არა ინდუქციური ქურის ყიდვა, ჩვენი პასუხია კი იმ შემთხვევაში თუ:
1.მზად ხართ გადაიხადოთ სამჯერ მეტი სხვა თანამედროვე ქურებთან შედარებით.
2.მზად ხართ დაემშვიდობოთ შუშისა და კერამიკულ ჭურჭელს, სადაც საკვების მომზადება გიყვარდათ. ინდუქციურ ღუმელზე მხოლოდ ფერომაგნიტური ჭურჭლით შეიძლება საკვების მომზადება. ეს ძირითადად ლითონის ჭურჭელია, რომელსაც მაგნიტი იკრავს. თუმცა, ამგვარი ჭურჭელი ქარხნულად სპეციალური ნიშნითაც აღინიშნება.
3.მზად ხართ მოითმინოთ ინდუქციური ქურის დაყენებისთვის არსებული ზოგიერთი შეზღუდვა. ღუმელი არ უნდა იმყოფებოდეს სხვა საყოფაცხოვრებო დანადგარების უშუალო სიახლოვეს. ამიტომაც მისი დაყენება მხოლოდ პროფესიონალებს უნდა ანდოთ.
სამაგიეროდ, თქვენ სამზარეულოში გექნებათ უახლესი დანადგარი, რომლის ზედაპირი არ ცხელდება, მარტივი მოსავლელია და მასზე გადმოსული საჭმელი ყოველგვარი სპეციალური საწმენდი სითხის გარეშე მარტივად შეგიძლიათ მოაშოროთ. ის წარმოადგენს თანამედროვე “გაჯეტს”, რომელსაც უამრავი ფუნქცია აქვს და მისი დაპროგრამებაა შესაძლებელი, მოიხმარს ნაკლებ ელექტროენერგიას და უკეთ ამზადებს საჭმელს.