Stipfold-ის ინტერიერის დიზაინის ახალი პროექტი “RAXYSE” “ლისი გრინ თაუერში” მდებარე ბინაში განხორციელდება. UNstudio-ს მიერ დაპროექტებული “ლისი გრინ თაუერსი” ერთადერთი მაღალსართულიანი თანამედროვე შენობაა არსებულ დასახლებაში, რომლის დიზაინიც შუშით გარშემოტყმულ პლასტიკურ ფორმას წარმოადგენს.
RAXYSE – moodboard
ინტერიერის პროექტი არქიტექტურული კონტექსტის გაგრძელებაა და ფასადის კონტურებს იმეორებს. კონცეფციაში მთავარი აქცენტი ბუნებრივ განათებაზეა დათმობილი. მშვიდი გარემოს შესაქმნელად ბინაში მსუბუქი ფერები და მომრგვალებული კუთხეები დომინირებს.
RAXYSE – რენდერები
პროექტის მიხედვით, ბინის მრუდე და დახრილი კედლები სივრცეს შეარბილებს და მასში დღის შუქის უხვად დინებას შეუწყობს ხელს, რაც სახლში კომფორტული აურის შესაქმნელად ძალიან პრიორიტეტული ნაბიჯია. მრგვალი ფორმების გამოსაკვეთად, განათების ზოლი კედლების ზედა ზღვარს მიუყვება, ქვედა ხაზი კი იდენტური მოცულობის ნეგატიურ სივრცეს წარმოადგენს. ბინაში განთავსებული ავეჯი კედელს შეერწყმება, მათ შორის ზღვარს გააქრობს და დიზაინში უსასრულობის შეგრძნებას დატოვებს.
RAXYSE – რენდერები
პროექტის მიხედვით, ამ მიდგომის გაგრძელებაა ინტერიერზე მორგებული, არასტანდარტული სამზარეულოს კუნძული, ტელევიზორის სადგამი, მაგიდა სტუმრის ოთახში, თაროები ბავშის ოთახში და ხელსაბანი სააბაზანოში, რომლებიც ინტერიერის მრგვალ ფორმებს იმეორებს. ტონების სიმსუბუქე ფოკუსს ქალაქის ხედისკენ მიმართვას, თუმცა თითოეულ ოთახში კონკრეტული მკვეთრი ფერის ავეჯი გამოიკვეთება და ამით სივრცის ხასიათს გააძლიერებს. რბილი ფორმები აბაზანის ბრინჯაოს ფერის აქსესუარებშიც მეორდება, რაც ბინის მთლიანი სივრცის ერთიანად აღქმაში დიდ როლს თამაშობს.
RAXYSE – გეგმა
RAXYSE – რენდერების დეტალები
საპროექტო ჯგუფი: ბექა ფხაკაძე, გიორგი ბენდელავა, გიორგი ზაკაშვილი, ლევან გოგავა
ქოფირაითერი: მიკა მოწყობილი
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
ინტერიერის ტიპი: საცხოვრებელი
ფართობი: 180 კვ/მ
წელი: 2020
სტატუსი: მიმდინარე