in

რჩევები ბინის გაქირავების მსურველთათვის

ნაქირავებ ბინაში მაცხოვრებლებისთვის სახლის სიმყუდროვის პოვნა საკმაოდ რთულია, უწევთ იმ ავეჯთან და დეკორთან შეგუება, რაც მათ გასაქირავებელ სივრცეში ხვდებათ. რადგან მრავალი პლატფორმის წყალობით დღეს გასაქირავებელი ბინების დიდი არჩევანია, გაჩნდა კონკურენცია და მასპინძლები ცდილობენ კომფორტით, აღჭურვილობით და დიზაინით თავიანთი ბინები რაც შეიძლება თვალშისაცემი გახადონ პოტენციური სტუმრებისთვის.

ერთ-ერთი პლატფორმა რომელიც როგორც ბინის ქირაობაში, ასევე მის გაქირავებაშიც გვეხმარება, არის სტარტაფი Rentpointer. კომპანია მომხმარებელს მის მიერ ვერიფიცირებულ გასაქირავებელ ბინებს სთავაზობს და ასევე ბინის მფლობელებისთვის აქვს ბინის გაქირავების მენეჯმენტის (ე.წ. Property Management) სერვისი. კომპანიის ვებგვერდზე ფოტო და ვიდეო მასალის გარდა განთავსდება 3D ტურები, რომელიც კიდევ უფრო დაეხმარება პოტენციურ მომხმარებელს სივრცის აღქმაში.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს კითხვებს ამ სტარტაფის დამფუძნებლები – ქრისტოფერ გვენეტაძე და ალექსანდრე ჩოგოვაძე უპასუხებენ:

რა მთავარ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ბინა, რომ ტურისტებზე გაქირავდეს?

ეს საკითხი შეგვიძლია დავყოთ სამ მნიშვნელოვან კატეგორიად. ჩვენი დაკვირვების შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მაღალ პრიორიტეტს ტურისტები ანიჭებენ სისუფთავეს, შემდგომ ბინის ტექნიკურ მოწყობილობას და საბოლოოდ ინტერიერის დიზაინს. სისუფთავე საკმაოდ აქსიომატიკურია იმ კუთხით, რომ ბინა უნდა იყოს სუფთა, რეგულარულად უნდა ხდებოდეს მისი დასუფთავება და ცვეთა უნდა აღენიშნებოდეს მინიმალურ დონეზე. ასევე არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის დაბინძურებას, მაგალითად ობის სახით. რაც შეეხება ტექნიკურ მოწყობას, აქ არ არის საუბარი მხოლოდ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ტექნიკურ მოწყობილობებზე, არამედ ზოგადად ბინის გამართულ ფუნქციონალურობზე. ამაში იგულისხმება განსაკუთრებით მილსადენი სისტემის სწორად ფუნქციონირება, ელექტროობის გამართულობა და გათბობის უსაფრთხოება. ტექნიკურ გამართულობაში განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან ვიზიტორები მაღალ განვითარებული ქვეყნებიდან, სადაც ცხოვრების სტანდარტიც შესაბამისად მაღალია. ინტერიერის დიზაინი იმიტომ არის ასევე ძალიან საინტერესო, რომ მომხმარებელი ბინის ფუნქციონალის შემოწმების შემდეგ არჩევანს გააკეთებს უკვე ვიზუალური კუთხით ახდენენ. როგორი მრავალფეროვანი ბინებიც არსებობს, ისეთი მრავალფეროვანია მომხმარებლის გემოვნებაც, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შევარჩიოთ ისეთი ინტერიერის დიზაინი, რომელიც იქნება ფართო მასისთვის მიმზიდველი, ან სპეციფიკური გამორჩეული დიზაინი, რომელიც შეიძლება ყველას არ მოეწონოს, თუმცა ამ სპეციფიკურობისთვის გარკვეული ფასობრივი პრემიუმიც დაუწესდეს.

p2_diego_delgado_elias_paris_apartment_photo_by_yannick_labrousse_yatzer
p1_diego_delgado_elias_paris_apartment_photo_by_yannick_labrousse_yatzer
f5_diego_delgado_elias_paris_apartment_photo_by_yannick_labrousse_yatzer
previous arrow
next arrow

 

ყველაზე ხშირად, რა სახის პრობლემები არის ხოლმე გასაქირავებელ ბინებში?

ბინის ქირაობის შემდეგ ხშირია მომხმარებელს არ მოეწონოს არსებული სიტუაცია, რამე ისე არ აღმოჩნდეს, როგორც სურათში იყო ან ბინის მფლობელმა უთხრა. პრობლემას წარმოადგენს ასევე სხვადასხვა მომხმარებელზე სხვადასხვა ფასის დასახელება, ქირის გადასახადის დროზე ადრე მოთხოვნა, კონტრაქტის არ არსებობა, დათქმულ ვადამდე სტუმრის გაშვება ბინიდან სხვადასხვა მიზეზების გამო, გაფუჭებული ნივთების ან ტექნიკის რესტავრაცია, რაც ხშირად ბინის მფლობელის საზრუნავია და მოუცლელობის გამო მსგავსი პრობლემების კვირობით მოუგვარებელი რჩება.

ინტერიერის დიზაინის კუთხით, რას ურჩევდით ადამიანებს ვინც აპირებს ბინა უცხოელებზე გააქირავოს? რა უნდა გაითვალისწინონ?

ინტერიერის დიზაინი დამოკიდებულია, რომელ სეგმენტზე აქვს სახლის მეპატრონეს გათვლილი და რომელ უბანში მდებარეობს სახლი. ამ ორი ფაქტორის კომბანიციით შეუძლია მეპატრონეს მოახდინოს სახლის მაქსიმალური ფინანსური უტილიზაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მოვახდინოთ მოკლე ვადიანი და გრძელვადიანი ვიზიტის თვისობრივი განცალკევება. ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია 2 კვირაზე დიდხანს იცხოვროს სასტუმრო ნომერში, აქედან გამომდინარე ინტერიერი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს მომხმარებლის არჩევანში. სტუმარს უნდა ჰქონდეს სიმყუდროვის და სახლში ყოფნის შეგრძნება, ეს მიღწევადია კარგად აღრჭურვილი სამზარეულოს და მისაღების მეშვეობით. სასურველია ასევე სახლში კარგ განათებაზე და ზოგადად ღია ფერების წარმოშობაზე ფიქრიც.

რა ტიპის ბინებია უფრო მიმზიდველი ევროპელი ან აზიელი ტურისტებისთვის?

ევროპელ ტურისტებს აქვთ საკმაოდ მაღალი სტანდარტი, როგორც აღჭურვილობის ისე დიზაინის კუთხით. შეუძლიათ ბინა იქირავონ საკმაოდ პატარა ქუჩაზე, მაგრამ ბინის ინტერიერი აუცილებლად უნდა იყოს მათ სტანდარტზე მორგებული. ისინი ყველანაირად ერიდებიან ძველმოდურად გარემონტებულ, ბინებს და ყურადღებას აქცევენ ფუნქციონალურობასა და სიმარტივეს. ლოკაციის კუთხით ნათლად ძველი თბილისი ლიდერობს, რადგან ტურისტებს თბილისში ყველაზე საინტერესო ადგილების დასათვალიერებლად დიდი გზის გავლა არ უწევთ. უნდა ითქვას, რომ ევროპელ ტურისტებს შორის არსებობს სხვაობები და მათი ასე განზოგადება რთულია.

აზიიდან ჩამოსული ვიზიტორების დიდი ნაწილი სასწავლებლად ჩამოდის საქართველოში. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ბინებს, რომლებიც უნივერსიტეტთან ან მეტროს სადგურებთან ახლოს მდებარეობს, ასეთ ლოკაციებში ძირითადად დიდი მოთხოვნაა. ხშირად რამდენიმე სტუდენტი ერთ ბინას ქირაობს და ოთახებს ინაწილებენ, შესაბამისად 4-5 ოთახიანი ბინები უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიებზე საკმაოდ პოპულარული არჩევანია საერთაშორისო სტუდენტებისთვის. რა თქმა უნდა, სტუდენტების ვიზიტი მოკლე არ არის, სტუდენტები მინიმუმ ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრობენ ნაქირავებ ბინაში, ხოლო რაც შეეხება სამედიცინო სასწავლებლებს, აქ სტუდენტების ვიზიტი 6-8 წელი გრძელდება.

რაც შეეხება დიპლომატიური ან სხვა საქმიანი მიზნით ჩამოსულ სტუმრებს, მათი პრეფერენციები განსხვავებულია. ძირითადად ასეთი ვიზიტები 1-2 ადამიანისგან შედგება, შესაბამისად მყუდროდ მოწყობილი საშუალო ზომის ბინები მთაწმინდაზე საკმაოდ ხშირად ხდება მსგავსი ტიპის ვიზიტორების სასურველი სამიზნე.

DIY – შექმენი ჟურნალების მაგიდა საკუთარი ხელით

სახლის მცენარეები როგორც ბუნებრივი ჰაერის გამწმენდი