მაცხოვრებლების უმეტესობა სახლში დიდ დროს ატარებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება და თითოეულ ზონაში კომფორტისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა. იმისათვის, რომ ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ და მოსახერხებელი პირობები შევქმნათ, რემონტამდე აუცილებელია გეგმარებასა და დიზაინთან დაკავშირებული რეკომენდაციები გავითვალისწინოთ, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ. დღევანდელ სტატიაში დიზაინერი მარიამ დემეტრაშვილი საკუთარ გამოცდილებასა და პრაქტიკულ რჩევებს გაგვიზიარებს და რემონტამდე გასათვალისწინებელ ფაქტორებზე გვესაუბრება.
„დღეს სახლი გახდა პიროვნების ხასიათის, ჩვევებისა დაა ცხოვრების წესის გამოხატვის საშუალება. ამიტომ აუცილებელია, ის მაქსიმალურად ავითვისოთ. სწორი ერგონომიული განლაგება არა მხოლოდ გამოავლენს ბინის არსებულ პოტენციალს, არამედ დროს დაზოგავს ყველაზე გავრცელებულ საყოფაცხოვრებო საქმიანობებზე, როგორიცაა საკვების მომზადება, ნივთების ხელმისაწვდომი გადანაწილება, დამხმარე სივრცის გამოყოფა. სწორი გეგმარება გავლენას ახდენს აბსოლუტურად ყველა შემდგომ დიზაინ ეტაპზე და საბოლოოდ, კომფორტს უზრუნველყოფს. ამასთანავე, კარგი გეგმარება ავეჯის განლაგებასთან ერთად, ითვალისწინებს ფილებისა და ყველა მოსაპირკეთებელი მასალის განაწილებას და სერიოზულ გავლენას ახდენს მასალების რაოდენობაზე, რაც საბოლოო ჯამში, მაცხოვრებლების ბიუჯეტზეც აისახება“, — მარიამ დემეტრაშვილი.
სივრცის ფუნქციურ ზონებად დაყოფა
დიზაინერი გვირჩევს, რემონტის დაწყებამდე ზუსტად განვსაზღვროთ, რა ფუნქციური ზონები გვსურს სახლში, შემდეგ კი ისინი პრიორიტეტების მიხედვით გავანაწილოთ. მაგალითად, წინასწარ ვიფიქროთ, იზოლირებული სამზარეულო გვინდა თუ სტუდიოს ტიპის პროექტი; ორი სველი წერტილი თუ ერთი ვრცელი ზონა; ცალკე სამუშაო კუთხე თუ საძინებელთან გაერთიანებული კაბინეტი, რათა რემონტის მიმდინარეობისას, ან მის შემდეგ პროექტის გადაკეთება არ მოგვიწიოს.
ამასთანავე, ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სივრცის ყველა ზონა სრულად იქნას ათვისებული და სახლს გამოუსადეგარი, ცარიელი ოთახები არ ჰქონდეს.
„იდეალურ ბინას არ უნდა ჰქონდეს ცარიელი, გამოუსადეგარი სივრცეები. ამიტომ, ყველა საკუჭნაო თუ „ბნელი ოთახი“ უნდა დაემატოს საცხოვრებელი ფართის მთლიან მოცულობას (თუ ისინი დანიშნულებისამებრ ვერ გაანაწილეთ). თუმცა, იდეალურ შემთხვევაში, სწორად დაპროექტებული ბინა უნდა მოიცავდეს ერთ ე.წ. „ბნელ ოთახს“ — გასახდელს ან საკუჭნაოს. მსგავსი სივრცისთვის კი ოპტიმალური ფართობი — 1,5-3 მ2-ია“.
სამზარეულოს გეგმარება
დიზაინერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულო ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს, არსებობს ძირითადი საკითხები, რომელთა გათვალისწინება რემონტის დაწყებამდე აუცილებელია.
- როგორ ტექნიკას იყენებთ, ჩასაშენებელს თუ ცალკე მდგომს?
- რომელ მოწყობილობებს იყენებთ ყოველდღიურად (ბლენდერს, ყავის აპარატს, საცხობს?..), რათა ისინი ხელმისაწვდომ ადგილას მოათავსოთ.
- კუნძულის განთავსება გსურთ თუ სასადილო მაგიდის? თუ ოჯახში ერთად საუზმისა და სადილის ტრადიცია თქვენთვის მნიშვნელოვანია, უმჯობესია, უპირატესობა სასადილო მაგიდას მიანიჭოთ.
- კარგად დაფიქრდით, რამდენად გჭირდება ზედა კარადები სამზარეულოში, თუ გირჩევნიათ მსუბუქად მოაწყოთ სივრცე?
- ეცადეთ ერთმანეთისგან გამიჯნოთ “ჭუჭყიანი” და სუფთა ზონები და სანაგვე ცალკე გადაიტანოთ (დღეს ბაზარზე მათი მრავალფეროვანი არჩევანია), ამის ხარჯზე კი ნიჟარის ქვემოთ დამატებითი სათავსო შექმნათ.
- გეგმარების დროს თავდაპირველად გამოყავით მაცივრის ადგილი. ის შესასვლელიდან ხელმისაწვდომ ადგილას და ნიჟარასთან ახლოს უნდა იყოს. დიზაინერის აზრით, უმჯობესია, მაცივარი ჩაშენებულ კარადაში ან კუთხის მხარეს მოვათავსოთ.
აბაზანის გეგმარება
მარიამი აბაზანის გეგმარებისას გვირჩევს, რომ შესასვლელის პირდაპირ, უნიტაზის ნაცვლად, განვათავსოთ ხელსაბანი. ჩასაშენებელი უნიტაზის მონტაჟისას, კი არ დაგვავიწყდეს სივრცე, რომელსაც ის დაიკავებს (ჩაშენებული უნიტაზის ინსტალირება კედელს 20 სმ.-ით წინ გამოწევს). ასევე, საშხაპე ზონის გამოყოფა შესაძლებელია არა მარტო საშხაპე კაბინით, არამედ ტიხრით, ყრუ მინითა და მინაბლოკით, რაც მრავალფეროვან დიზაინს ქმნის. დიზაინერის თქმით, მნიშვნელოვანია ტრაპების ტიპის და ვიზუალის სწორად შერჩევა, რადგან მათი არასწორი ადგილმდებარეობა თუ დიზაინი შესაძლოა, არაესთეტიკურად გამოჩნდეს და დისკომფორტი შექმნას.
ავეჯისა და დეკორის განლაგება
უმჯობესია, რომ ავეჯისა და დეკორის მდებარეობა რემონტის დაწყებამდე განისაზღვროს, რათა ეს პროცესი წარმატებით წარიმართოს და სივრცემ სასურველი სახე მიიღოს. მარიამ დემეტრაშვილი საინტერესო ხრიკს გვიზიარებს ლამაზი და მიმზიდველი ინტერიერის შესაქმნელად.
„ქვეცნობიერი ადამიანს ყოველთვის სილამაზის დანახვისკენ უბიძგებს. ამიტომ, გეგმარების დროს ისე გაანაწილეთ ავეჯი, რომ ოთახში შესვლისთანავე პირველი, რასაც დაინახავთ, იყოს აქცენტირებული ელემენტი. მაგალითად, მისაღებში შესვლისას ეფექტური იქნება რბილი ავეჯის ხედი, ან კუნძულსა და სასადილო მაგიდაზე ყურადღების გამახვილება. საძინებელში მოხვედრისას კი მთავარი ფოკუსი შესაძლებელია გაკეთდეს საწოლის ლამაზ თავზე ან კედლის დეკორატიულ შტრიხზე“.
დიზაინერი ასევე გვიხსნის, რომ სივრცეში მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა. რადგან დეკორი თავის ფუნქციას დაკარგავს, თუ ინტერიერი გადატვირთული იქნება. მაგალითად, ჩვენი რესპონდენტის აზრით, თუ ოთახი დატვირთულია განსხვავებული თაღისებური ღიობებით, სხვადასხვა ფორმის დეკორით ან თავად ოთახია არასტანდარტული, აჯობებს, სიმსუბუქის მიზნით, აქცენტი ავეჯზე გაამახვილოთ. ასევე, კარგი იქნება კედლების ღია ტონებში გადაწყვეტა.
საბაზისო რჩევები
ბოლოს, მარიამ დემეტრაშვილი გვიზიარებს საბაზისო რჩევებს, რომლებიც ნებისმიერი ტიპის სივრცის მოწყობისას გამოგადგებათ
- აუცილებელია, რომ კარი სრულად იღებოდეს და ოთახში მოძრაობას არ აბრკოლებდეს.
- შიდა კარები უნდა იყოს ერთი სიმაღლის.
- საძინებელში შესვლისას ადამიანი საწოლის კუთხეში არ უნდა აღმოჩნდეს.
- ტელევიზორი თვალების დონის სიმაღლეზე უნდა დამონტაჟდეს.
- აივანზე გასასვლელი კარი არ უნდა იყოს ავეჯით შეზღუდული.
- სინათლის ჩამრთველის ადგილმდებარეობა და კარის გაღების მიმართულება თანხვედრაში უნდა იყოს ერთმანეთთან.
- როზეტები და ჩამრთველები უმჯობესია, ერთ ზოლზე იყოს გასწორებული.
- იატაკის დონეები უნდა განისაზღვროს დაგეგმარების ეტაპზე. შესაბამისად, წინასწარ უნდა შეირჩეს მოსაპირკეთებელი მასალები, რათა იატაკის დონე სწორად გადანაწილდეს.