შინაური ცხოველების მფლობელებისთვის, დეკორაციის ორი მხარე არსებობს: პრაქტიკული, ყოველდღიური მნიშვნელობა (რომელიც ყველაზე აქტუალური არის მაშინ, თუ ძაღლის ან კატის მფლობელი ხართ; თევზი ან ისეთი ცხოველი, რომელიც გალიაში ცხოვრობს, ამ მხრივ ბევრ პრობლემას არ შექმნის) და ესთეტიკური გადაწყვეტები.
სანამ დეკორაციაზე დაიწყებთ ფიქრს, გააანალიზეთ, თუ როგორ აპირებთ თქვენი სახლის ორგანიზებას და როგორ მოერგება მას თქვენი შინაური ცხოველი. თუ ძაღლი გყავთ და რამდენიმე სართულიან სახლში ცხოვრობთ, შესაძლოა მისთვის სივრცე მხოლოდ პირველ სართულზე გამოყოთ. თუ გყავთ კატა, რომელიც ზედაპირების დაკაწვრისკენ არის მიდრეკილი, მაშინ ის უნდა მოარიდოთ ოთახებს, სადაც ძვირფასი ნივთებია, ან შეეგუეთ იმ აზრს, რომ თქვენი ავეჯი დაზიანდება. კატებისა და ძაღლების სტუმრების საძინებლისგან მორიდება, ასევე, კარგი გადაწყვეტილებაა იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სტუმარი ცხოველის ბეწვის მიმართ ალერგიულია.
შემდეგი აშკარა დილემა არის ის, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ბეწვს და ხალიჩებს (ან ხალიჩების ნაკლებობას) და რა მასალა უნდა შევარჩიოთ ავეჯისთვის, რათა ბევრი ბეწვი არ მიიზიდოს. ბეწვი ბევრად უფრო ადვილად ჩანს ხის ან სხვა სახის მყარ იატაკზე, ხოლო ხალიჩის შემთხვევაში, მისი შემჩნევაც და მოშორებაც რთულია.
ავეჯისთვის ხავერდი, შესაძლოა, უცნაურად ეფექტური იყოს, რადგან კატებს მისი ფხაჭნა არ სიამოვნებთ და, გარდა ამისა, ეს ქსოვილი ბეწვს არ იკრავს. ტყავი, ჯინსი და ტილო ასევე ხისტი მასალებია და მათზეც, ისევე, როგორც ხავერდზე, ბეწვი არ ჩერდება. თუ იატაკისთვის ხალიჩის გამოყენებას აპირებთ, კარგად შეისწავლეთ მასალები, რათა გაიგოთ, თუ რომელი მათგანის გაწმენდაა უფრო ადვილი.
თუმცა, კითხვები დეკორაციის შესახებ პრაქტიკულ სფეროს სცილდება. ზოგ ადამიანს სიამოვნებს ინტერიერში ისეთი ნივთების ჩართვა, რომლებიც მის შინაურ ცხოველს შეეფერება. ეს შეიძლება იყოს კედელზე დაკიდებული თქვენი შინაური ცხოველის პორტრეტი, მაგრამ ამის გაკეთების უფრო დახვეწილი გზებიც არსებობს. მაგალითად, პრინტი, რომელზეც გამოსახულია ცხოველები, შესაძლოა, სახალისო არჩევანი იყოს.
თუ თევზი გყავთ, დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ ის ინტერიერის ცენტრალურ ელემენტად აქციოთ. ეს ფუნქცია, შეიძლება, სხვა, გალიაში მცხოვრებმა ცხოველებმაც შეასრულონ.
ასევე, შესაძლოა, ინტერიერს სასიამოვნო ელფერი შინაური ცხოველების ავეჯმა შესძინოს. დეკორატიულ ელემენტებად შეგიძლიათ გამოიყენოთ კატისა და ძაღლის კალათები, აკვარიუმი თევზისთვის და ა. შ. ეს ყველაფერი სახლისთვის უფრო თბილი და მეგობრული გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ.