in

Realtor.ge-მ კომპანიაში რობოტი დაასაქმა

რეალტორის პროფესია, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კარიერის შესაძლებლობაა, რომელიც ადამიანთა კეთილდღეობისაკენაა მიმართული. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ უძრავი ქონება ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია, რაც კი შეიძლება ადამიანმა შეიძინოს ან გაასხვისოს, ცხადი გახდება ფაქტი, რომ ის ყველაზე მეტ სიმყარეს, სიმშვიდესა და კომფორტს ანიჭებს პიროვნებას. რეალტორობა კი ძვირადღირებული პროდუქტის ექსპერტობას ნიშნავს, რომელიც მაღალი პროფესიული უნარ-ჩვევების გარდა, საკუთარ თავში აერთიანებს კარგი მოლაპარაკებების დიდოსტატს, დიპლომატსა თუ იურისტს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, აღნიშნული პროფესიის პოპულარობა და მასზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, უმნიშვნელოვანეს და წამყვან ადგილს 20 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია – Realtor.ge იკავებს, რომელმაც ამ სფეროში ინოვაციური სისტემა შექმნა და მისი მუშაობის პრინციპი სწორედ ამ კონცეფციაზე დგას. წარმატებული პროექტის შემქმნელი Realtor.ge-ის გენერალური მენეჯერი, ანნა თაკვარი, რომელიც კომპანიის მუშაობის სპეციფიკასა და ამ პროფესიის აქტუალურობაზე გვესაუბრება.

ანნა, პირველ რიგში, გვიამბეთ კომპანიის შექმნისა და განვითარების ისტორია, რა გზა განვლო მან?

ჩვენი ბრენდი საქართველოში ცნობილია, როგორც უძრავი ქონების ლიდერი კომპანია, რომელიც 20 წლის წინ შეიქმნა. დღევანდელი სახე მის უფრო გათანამედროვებულ ვერსიას წარმოადგენს. ამ გზით გვინდა ხალხს ვაჩვენოთ, რომ ის სტერეოტიპები, რაც ამ დარგთან მიმართებაში არსებობს, ჩვენთან დანგრეულია. ამერიკულ ფილმებში ხშირად გვხვდება თავისი პროფესიით ბედნიერი, წარმატებული რეალტორი და ეს მართლაც საოცნებო საქმეა განვითარებულ ქვეყნებში. კომპანიის მთავარი მიზანია – რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუხსნათ გზა ამ პროფესიისკენ. ჩვენ გავიარეთ გამოწვევებითა და სირთულეებით აღსავსე 20 წლიანი ისტორია, ამ ხნის განმავლობაში არაერთი პრობლემის გადაჭრის ხერხი მოვიფიქრეთ და ინოვაციები დავამკვიდრეთ ბაზარზე. პირადად მე, 7 წლის განმავლობაში, უძრავი ქონების ბიზნესის მუშაობას მრავალ ქვეყანაში ვაკვირდებოდი და აღმოვაჩინე, რომ ჩვენს კომპანიაში შექმნილ სისტემას, მთელს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, ამ ყველაფერს კი გამოწვევების გამკლავებით მივაღწიეთ. ჩვენი დევიზია – „ბედნიერება განვითარებაშია“. განვითარება არ არსებობს ცვლილებების გარეშე, ცვლილებებისთვის კი აუცილებელია კომფორტის ზონიდან გამოსვლა. საშუალოდ, ყოველ 3 თვეში ერთხელ, საკუთარ თავს ვუმტკიცებთ, რომ კიდევ შეგვიძლია ახალ საფეხურზე ასვლა. 20 წლიანი გამოცდილების შედეგად, ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ის სტატისტიკა, სიახლე თუ ინოვაცია, რაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ხდება და ეს ყველაფერი მოვარგეთ კომპანია Realtor.ge-ის.

მოგვიყევით თქვენი კარიერული გზის შესახებ, როგორ მოხვედით იქამდე, სადაც ახლა ხართ?

უძრავი ქონების ბიზნესში, სრულიად შემთხვევით, რადიკალურად სხვა პროფესიიდან მოვხვდი. თავდაპირველად მსახიობი ვიყავი და კომპანიაში ოპერატორის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. საწყის ეტაპზე რთული იყო. როგორც ამბობენ, ერთხელ რომ ადამიანი სცენის მტვერს გადაყლაპავს, მერე სხვა პროფესიაში გადასვლა ძალიან უჭირს. რამდენიმე თვეში კი აღმოვაჩინე, რომ ეს არის სრულიად ჯადოსნური საქმე. ვერცერთ კინოსცენარში თუ სპექტაკლში ვერ იქნება ისე დინამიკურად გადმოცემული თითოეული დღე, როგორც ეს ჩვენს საქმიანობასა და კომპანიაშია.

ეს არის პროფესია, სადაც თავად მართავ შენს ცხოვრებას, შემოსავალს და არ ხარ სხვაზე ან გარემო ფაქტორებზე დამოკიდებული. აქ მუდმივად შენს ხელშია მართვის სადავეები და მთავარ როლს თამაშობ პერსონალურ  ფილმში. ამ მთავარი როლით ცვლი ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ, რაშიც დიდ ანაზღაურებას იღებ. ამაზე საოცნებო რა უნდა იყოს! მე პირველ პროფესიას შეველიე, მაგრამ ვერცერთი სხვა საქმე და პროფესია ვერ შემიცვლის დღეს იმას, რასაც ვაკეთებ.“

რას გულისხმობს უშუალოდ რეალტორის პროფესია, რა უპირატესობებით ხასიათდება და რამდენადაა ის მორგებული თანამედროვე ცხოვრებას?

რეალტორის პროფესია, პირველ რიგში, ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას გულისხმობს. ადამიანების უმრავლესობა ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ან ვერასდროს ყიდულობს უძრავ ქონებას. სტატისტიკის მიხედვით ინვესტორებიც კი 8 წელიწადში ერთხელ იმატებენ ახალ ქონებას. როგორც წესი, ყიდვა-გასხვისების პროცესში ორივე მხარე დიდ სტრესშია. ისინი თავშივე ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები გამოდიან, რადგან ერთს ქონების მაღალ ფასში გაყიდვა, მეორეს კი ფასდაკლება სურს. ამ დროს, საქმეში, თავის მიმართულებაში  დახელოვნებული ექსპერტის მონაწილეობა კომფორტულად ალაგებს ყველა წამოჭრილ პრობლემასა თუ დაბრკოლებას. საბოლოოდ კი, მოლაპარაკების ორივე მხარე კმაყოფილია – ისინი ზოგავენ დროს, ენერგიას და უამრავ რესურსს, რადგან მათ ნაცვლად მოცემულ საქმეს რეალტორები აგვარებენ. სწორედ კმაყოფილი კლიენტებითა და მესაკუთრეებით მოვიდა ჩვენი კომპანია აქამდე. რეალტორობის უპირატესობა მდგომარეობს იმაშიც, რომ ის თავად მართავს საკუთარ შემოსავალს. არ არსებობს ლიმიტი, თუ რამდენის გამომუშავება შეუძლია დასაქმებულ პირს, ამიტომ ეს სპეციფიკა მკვეთრად ზრდის პროფესიონალის შემოსავალს. ჩვენს კომპანიაში კარიერული განვითარების ძალიან დიდი შანსია, რაც უფრო მაღალ საფეხურზეა რეალტორი, მით მეტ საკომისიოს იღებს კომპანიისგან, კარიერის მწვერვალზე ასულ რეალტორს, ანუ ტოპ-ბროკერს შესაძლებლობა ეძლევა გახდეს ტრენერი, მენეჯერი და დიდ კომპანიაში საკუთარი ფილიალი მართოს.

გვიამბეთ კომპანია Realtor.ge-ის გუნდის შესახებ, რა ძლიერი მხარეებით გამოირჩევა ის?

ჩვენი გუნდი სრულიად უნიკალურია. კომპანიაში დასაქმებული ადამიანები მრავალფეროვანი ინტერესებით გამოირჩევიან, რადგან ყველა სხვადასხვა პროფესიიდან არის მოსული, აქ შეხვდებით: ფსიქოლოგს, ფინანსისტს, ჟურნალისტს, ბანკირს, სპორტსმენს, რომლებიც ერთი იდეისა და საქმის გარშემო ერთიანდებიან და მეგობრულ, პოზიტიურ გარემოში გუნდური მუშაობით ართმევენ თავს ყველა დაბრკოლებას. ვხუმრობთ ხოლმე ხშირად, რომ ჭავჭავაძის N66-ში ჩვენ უკვე შევედით ევროკავშირში და ნატოს წევრებიც ვართ. შიდა კორპორაციული სისტემა ისეა აგებული, რომ გუნდის ერთი წევრის წარმატება, მეორეზეც აისახება. როდესაც რეალტორი წარმატებული გარიგებიდან ოფისში ბრუნდება, ეს ფაქტი ყველას ახარებს, რადგან თითოეული მათგანის ჩართულობა ფასდება და თავის წილ საკომისიოს იღებენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყოველი მათგანი დამფუძნებლის, გენერალური მენეჯერის მხრიდან აღიქმება, როგორც თანაბარი პარტნიორი წარმატებულ ბიზნესში. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მე უცხოეთში ვიმყოფები და დისტანციურად ვმართავ კომპანიას. ეს ერთი მხრივ თავისუფლებაა დასაქმებულთათვის, რადგან ოფისში უფროსი არ იმყოფება, მეორე მხრივ კი, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, რადგან ნათელი სურათია იმისა, რომ კომპანიაში თითოეული ნაბიჯი ზედმიწევნით სწორად არის გაწერილი და უფროსის უშუალოდ ადგილზე ყოფნა საჭირო არცაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მიერ დანერგილი ინოვაციური სისტემა გამართულად და პროდუქტიულად მუშაობს.

რა ხდის თქვენს კომპანიას განსაკუთრებულს? რატომ არის ის ინოვატორი ბაზარზე?

ჩვენს კომპანიას განსაკუთრებულობას სძენს ის არაერთი, ინოვაციური პროექტი, რაც ამ ხნის განმავლობაში განვახორციელეთ. ერთ-ერთი მათგანია ბრენდის 20 წლიან პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული წიგნის შექმნა, რომელიც  პროფესია რეალტორის შესახებ ერთადერთი  ქართულენოვანი სახელმძღვანელოა. სწორედ მის მიხედვით ხდება რეალტორების დატრენინგება, რომლის შემდეგაც, ისინი უნიკალურ სისტემაში ერთვებიან, სადაც მიმართულებას რობოტი მენეჯერი იძლევა. რობოტი მენეჯერი, იგივე SMART მენეჯერი, არის კომპანიის საჭიროებებზე მორგებული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც უზრუნველყოფს რეალტორების პროდუქტიულ მუშაობას და მათ მუდმივად ყოფნას მოვლენების ეპიცენტრში. რობოტის დახმარებით, რეალტორები ყოველთვის საჭირო დროს, საჭირო ადგილას არიან. ის არის ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც წინსწრებით აორგანიზებს ყველა იმ ნაბიჯს, რისი გადადგმაც ამ პროფესიაში მოღვაწე ადამიანებს გვიწევს. SMART მენეჯერი ყოველდღიურად 30-მდე შეტყობინებას/დავალებას უგზავნის რეალტორს და მასთან ერთად უმკლავდება მიმდინარე დღის წესრიგს.

გარდა ამისა, ჩვენს თანამშრომლებს აქვთ წვდომა 100.000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებლის უზარმაზარ მონაცემთა ბაზაზე, რომელიც 20 წლიანი მოღვაწეობის მონაპოვარია და მასში წარმოდგენილია ყველა ის პირი, ვინც კი საქართველოში უძრავი ქონების გასხვისებით ან ყიდვით არის დაინტერესებული. ასე რომ, მუშაობის პრინციპი მარტივია, Realtor.ge-ში დასაქმებულს აქვს წვდომა უამრავ ინფორმაციაზე, გადის ტრენინგს სახელმძღვანელოს საშუალებით და შემდეგ სისტემა მას მიმართულებას აძლევს, თუ როგორ იმოქმედოს ყოველდღიურად.

კომპანიაში ინოვაციურია ისიც, რომ რეალტორებს ჰყავთ თანაშემწე ადამიანების დიდი რაოდენობა – მარკეტინგის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი, გაქირავების მენეჯერი, ოფის მენეჯერი, დეველოპერი, დიზაინერი, ფოტოგრაფი, ანიმაციების მიმართულების ხელმძღვანელი, ვიზაჟისტი, ვიდეოგრაფი – ეს ერთი დიდი გუნდია, რომელიც ურთიერთშეთანხმებულად მუშაობს და რეალტორს ეხმარება გარიგებამდე მისასვლელი გზის გამარტივებაში. საბოლოოდ კი, საქმე უმაღლესი ხარისხის პროფესიონალიზმით სრულდება. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი კომპანიის სახელს უკავშირდება ბაზარზე პირადი რეალტორის სტატუსის დანერგვაც, რაც გულისხმობს ექსკლუზიურ მომსახურებას მესაკუთრესა და კლიენტთან.

რა გამოწვევების წინაშე დგას ახლა კომპანია, რა წარმოადგენს Realtor.ge-ის მთავარ მიზანს და როგორია მისი სამომავლო გეგმები?

Realtor.ge-ის ამჟამინდელ გამოწვევას წარმოადგენს ის საიმიჯო კამპანია, რომელიც ჩვენი არსებობის ისტორიის მანძილზე პირველად წამოვიწყეთ და მის ფარგლებში შევქმენით რეალტორთა აკადემია. პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ამ უნიკალურ, მაღალშემოსავლიან პროფესიაში. წლების მანძილზე დაგროვილი, უზარმაზარი ინტელექტუალური საკუთრება სხვას გავუზიაროთ და ახალი სახეები აღმოვაჩინოთ საქართველოს მასშტაბით, რომელთაც შევასწავლით რეალტორის პროფესიას და ჩვენს კომპანიაში დავასაქმებთ. რეალტორთა აკადემია Realtor.ge-ის გაფართოებას ემსახურება, რომლის შემდეგაც ახალი ფილიალებს გავხსნით ძველ თბილისსა და საბურთალოს ტერიტორიაზე. ჩვენი დიდი სურვილი და ამოცანაა თბილისის ყველა უბანი მოვიცვათ და ხალხმა რეალურად დაინახოს რამხელა პერსპექტივის მქონე, როგორი პრესტიჟულია ეს პროფესია.

ამასთანავე, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Realtor.ge-ინტერესებშია, ეს უდიდესი ცოდნა და გამოცდილება, რაც დავაგროვეთ მარკეტინგულად ერთ პროექტში მოვაქციოთ და სხვა ქვეყნებში გავყიდოთ, რათა რეალტორთა აკადემიას, რობოტ მენეჯერსა და ამ უნიკალურ სისტემას გლობალური სახე მიეცეს. მიზნისკენ სვლა კი დაწყებულია, რადგან უკვე არსებობს რამდენიმე საინტერესო, საერთაშორისო შემოთავაზება, რომელიც ფართო ასპარეზს გაგვიხსნის მსოფლიოს მასშტაბით.

[R]

ტერაკოტას ფერი ინტერიერში — 7 წარმატებული კომბინაცია

Baan Nakhonnayok — მდინარისპირა სახლი ტაილანდში