in

Reed House – ფორმის, ფუნქციისა და გრძნობის ტანდემი

Alliance Group
Alliance Group

პროექტის იდეა იყო გონების, სხეულისა და სულის კეთილდღეობისთვის შესაფერისი სივრცის შექმნა. ეს არის სახლი, სადაც მაცხოვრებლებს შეუძლიათ იცხოვრონ მარტივად, სიყვარულით, სიხარულითა და ბედნიერებით. ადგილი, სადაც მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ განიტვირთონ და გაახალგაზრდავდნენ აქტიური ცხოვრებისგან მოშორებით. არქიტექტორებმა სამი თვე გაატარეს კლიენტებთან, რათა კარგად გაეაზრებინათ მათი ცხოვრების წესი, ფილოსოფია, ოცნებები, სურვილები და მოტივაცია. გამოცდილება, რომლისკენაც ისინი ისწრაფოდნენ და ემოციები, რომლებითაც ცხოვრება სურდათ, კომპანიისთვის უმთავრესი იყო. გამოწვევას წარმოადგენდა დამკვეთების გრძნობების ამოცნობა, გაგება და მათი საცხოვრებელ სახლად გარდაქმნა.

არქიტექტურაში არსებობს ლუი სალივანის მიერ გადმოცემული ძველი პრინციპი, რომელიც ფორმასა და ფუნქციას ეფუძნება. Kamil Taner Architecture & Interiors-სთვის უკვე 100 წელზე მეტია, რაც ეს პრინციპი საკმარისი არ არის. კომპანიას სჯერა, რომ ფორმა, ფუნქცია და გრძნობა ერთიანი უნდა იყოს. ყოველი ფორმა და თითოეული ფუნქცია საკუთარ თავში გრძნობას ასახავს. ყოველი შენობა, სასტუმრო, რესტორანი, კაფე, მანქანა, ველოსიპედი, დივანი, მაგიდა, სკამი და ა.შ…, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ითარგმნება როგორც განცდა, რომელიც გვეუბნება, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, აღელვებულები ვართ თუ მოწყენილები, დაინტერესებულები, თუ გულგრილები და ა. შ. კომპანიის წარმომადგენლებს სწამთ, რომ მათი სამუშაოს უმეტესი ნაწილი სწორი გრძნობების გამოვლენაა.

ერთ-ერთი მიზანი შიდა და გარე სივრცეს შორის არსებული ბარიერის მოშორება იყო. ასევე, პროექტის ავტორებს სურდათ, რომ სახლი სუფთა ჰაერით ავსებულიყო. ამ მიზნის მისაღწევად მათ სახლის დიზაინი შიგნიდან დაიწყეს და გარე სივრცეზე შემდეგ გადავიდნენ. ფანჯრების რაოდენობა და ზომა ჰაერის მიმოქცევის მთავარი საკითხი იყო. სამუშაო ჯგუფმა, პირველ რიგში, შიდა სივრცით დაიწყო: საძინებლების, მისაღები ოთახის, სასადილო ოთახის ზომით, სველი წერტილებით, ფანჯრების მდებარეობით, მათი ურთიერთობით ერთმანეთთან და გარემოსთან. თითოეული სივრცე მკაფიო ხედით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

ინტერიერის გაფორმების პარალელურად ლანდშაფტის დიზაინიც დასრულდა, რათა შიდა სივრცეებიდან გადაშლილი ხედის, ინტერიერისა და გარემოს ერთიანობის შესახებ წარმოდგენა შექმნილიყო. კომპანიამ დააპროექტა თითოეული პატარა დეტალი, როგორიცაა სამზარეულო, სველი წერტილები, საწოლები, კარები, მაგიდები, დივნები, ყავის მაგიდები, კარადები, ბუხარი, განათება, ყველა მისი ფუნქცია და ფორმა. ბოლო ნაწილი იყო სახლის ფორმის დიზაინი. საჭირო იყო ჩრდილი გარე სივრცისთვის და ზაფხულის ცხელ დღეებში სახლის სიგრილის შესანარჩუნებლად.

პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ისეთი ექსტერიერის შექმნა, რომელიც დამამშვიდებელ შეგრძნებას აღძრავდა. ამ შემთხვევაში ეს იყო იაპონური, ბალინური და შუა საუკუნის არქიტექტურის ნაზავი. იმისთვის, რომ დიდი ღია სივრცე შექმნილიყო, გამოყენებულ იქნა ფოლადის კონსტრუქციები და ხე, რამაც ასევე დააჩქარა მშენებლობა. ყველა ეს დიზაინი კლიენტების ანარეკლია და ერთად ავლენს იმ ემოციებსა და გამოცდილებას, რომელთა გარემოცვაშიც მათ ცხოვრება სურდათ. საბოლოო ჯამში, Reed House ბალანსისა და ჰარმონიის იდეალურ ნაზავს წარმოადგენს.

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

#რაშენდება: “Dream Side” ჩაქვში

ხის ფაქტურა ინტერიერში – იდეები შთაგონებისთვის #Homeisინსპირაცია