in

4 რჩევა რემონტის დროს ენერგოეფექტურობის გასაზრდელად

IPS
IPS

ენერგოეფექტურობა თანამედროვე სამშენებლო სექტორსა და დიზაინში უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა, რომელსაც სრულფასოვანი საცხოვრებელი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს. რემონტის მიმდინარეობისას ენერგოეფექტურობის გასაზრდელად რამდენიმე პრინციპის გათვალისწინებაა საჭირო, რაც სასიკეთო ნაბიჯი იქნება როგორც ეკოლოგიური უსაფრთხოებისთვის და გარემოზე ზიანის შესამცირებლად, ასევე კომუნალური ხარჯების დასაზოგად და ბევრად კომფორტული სივრცის მისაღებად. დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ იმ ძირითად რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც ენერგოეფექტური სახლის მოწყობაში დაგეხმარებათ.

საიზოლაციო მასალები

ენერგიის დასაზოგად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ეფექტური იზოლაცია, რომელიც სითბოსა და ცივი ჰაერის დანაკარგს ამცირებს და გათბობისა და გაგრილების ხარჯებს ზოგავს. თუ შესაბამისი იზოლაცია თქვენს ბინას არ აქვს, რემონტის პროცესში აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ფაქტორი და ფასადი ან შიდა კედლები თბოსაიზოლაციო მასალით მოაპირკეთეთ. ამისათვის საუკეთესო საშუალება ქვაბამბის ან მინერალური ბამბის გამოყენებაა, რომელიც კედელს დასველებისა და შემდგომში ნესტისა თუ ობისგან დაიცავს და ჯანსაღი გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ.

შემინული ზედაპირები და კარები

თბოდანაკარგის მაჩვენებელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფანჯრებისა და კარების რაოდენობა, მათი ხარისხი და სწორი მონტაჟი. ამიტომ რემონტის პროცესში მნიშვნელოვანია ძველი ფანჯრების ახალი ენერგოეფექტური მოდელებით ჩანაცვლება და საჭიროებისამებრ, კარების დათბუნებაც. ექსპერტების მიხედვით, ენერგოეფექტური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, სასურველია, ორ და სამშრიანი შემინული ზედაპირის გამოყენება. ასევე უპირატესობა ენიჭება დაბალემისიურ მინას, რომელიც მაღალი ენერგოეფექტურობით ხასიათდება, შიდა სივრცეში არსებულ ტემპერატურას ინარჩუნებს და ოთახში შემომავალ სინათლეს არ აფერხებს.

გათბობის სისტემები

რემონტის დროს სწორად შერჩეული გათბობის სისტემა მნიშვნელოვნად ზოგავს კომუნალურ ხარჯებს და მაცხოვრებლებს ეკონომიის გაკეთებაში ეხმარება. მაგალითად, ენერგოეფექტურობის გასაზრდელად იდეალური საშუალებაა თანამედროვე თერმოსტატის დაყენება, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია გათბობის სისტემების რეგულირება და სივრცეში სასურველი ტემპერატურის უზრუნველყოფა. ასევე, მაღალი ენერგოეფექტურობით ხასიათდება გათბობის ქვაბის თანამედროვე ალტერნატივა — თბური ტუმბო, რომელიც გაგრილებისა და გათბობისთვის გამოიყენება და ეკოლოგიური სიჯანსაღით გამოირჩევა.

გაგრილების სისტემები

გათბობასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია გაგრილების სისტემების სწორად არჩევა, რათა ცხელ დღეებში ნაკლები ენერგიის მოხმარებით ეფექტურად გააგრილოთ სახლი. ამისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია შესაბამისი სიმძლავრისა და ზომის კონდიციონერის შერჩევა, რომელიც თბოდანაკარგის, ვიტრაჟების რაოდენობის, ბინის განლაგებისა და კლიმატური პირობების მიხედვით დგინდება. ხშირ შემთხვევაში არასწორად შერჩეული მოდელი სათანადოდ ვერ აგრილებს მთელ სივრცეს, გაცილებით დიდი დატვირთვით მუშაობს და შესაბამისად, ხარჯებს ზრდის. პროფესიონალები გვირჩევენ, დიდი ზომის სახლებში გაგრილების თანამედროვე — VRF და VRV სისტემებს მივანიჭოთ უპირატესობა, რომლებიც გაცილებით ენერგოეფექტურია და შენობის თითოეულ ოთახში ტემპერატურის ბალანსის დამოუკიდებელ კონტროლს უზრუნველყოფს, რაც ელექტროენერგიის გადასახადს საგრძნობლად ამცირებს.

რომ შევაჯამოთ, რემონტის მიმდინარეობისას მაქსიმალურად ენერგოეფექტური საცხოვრებლის მისაღებად მნიშვნელოვანია პირველ რიგში, ხარისხიანი და ეფექტური საიზოლაციო მასალის შერჩევა, ენერგოეფექტური კარ-ფანჯრების მონტაჟი, ენერგიის მარეგულირებელი თერმოსტატებისა და თანამედროვე გათბობა-გაგრილების სისტემების ინსტალაცია.

რუბრიკის წამრგენია სამშენებლო სერვისების და მასალების კომპანია “აიპიესი

ავტორი: მეკო მეტრეველი

ერთსართულიანი მინიმალისტური შენობა ჩეხეთში – ADR-ს ნამუშევარი

მცირე ზომის ბინა ფერადი და კლასიკური აქცენტებით ქანთარიას ქუჩაზე — ცისია ბებურიშვილის ნამუშევარი