in

რემონტის გამოცდილება: ანა ლომთაძის რჩევები

IPS
IPS

დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით ანა ლომთაძის რემონტის გამოცდილების შესახებ, რომელმაც საკუთარი სახლი პროფესიონალის დახმარების გარეშე მოაწყო და რემონტის პროცესსაც დამოუკიდებლად გაუმკლავდა. რემონტის  მიმდინარეობისას მას არაერთი წინააღმდეგობა შეხვდა, გარკვეული შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ ამასთანავე, საინტერესო გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა დააგროვა, რომელსაც დღეს ჩვენს მკითხველს უზიარებს.

სტილის შერჩევა

ანა გვირჩევს, რომ სანამ ბინის რემონტს დავიწყებთ, კარგად გავერკვეთ როგორი სტილის სივრცე მოგვწონს, რა მიმართულებისკენ ვიხრებით და რა ტიპის ინტერიერი გვხიბლავს, რადგან პირველადი წარმოდგენის გარეშე, რემონტის მიმდინარეობისას რთულია გადაწყვეტილების მიღება და შეცდომების დაშვების რისკი მატულობს.

„უპირველესად, აუცილებელია მეპატრონე საკუთარ გემოვნებაში გაერკვეს და ზოგადი წარმოდგენა შეექმნას თუ როგორ სახლში სურს ცხოვრება. შესაძლოა ჩვენ სიღრმისეულად ვერ ვერკვეოდეთ ინტერიერის ყველა მიმდინარეობაში, თუმცა სასურველია, საერთო სურათზე ვიფიქროთ. მაგალითად, თანამედროვე სტილი გვიზიდავს თუ კლასიკა? მინიმალისტური ინტერიერი თუ დატვირთული? მუქი ფერები თუ ღია? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხებზე ფიქრს რემონტის დაწყებამდე, რადგან მასალები სწორედ ამის მიხედვით უნდა შეირჩეს“. 

ფართის გათვალისწინება და პრიორიტეტების განსაზღვრა

ჩვენი რესპონდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, ჩვენი სურვილები სივრცესთან შესაბამისი იყოს და შერჩეული სტილი თუ დიზაინ გადაწყვეტა კონკრეტულ ფართს მოვარგოთ და მივუსადაგოთ. ამის შემდგომ, რემონტის დაწყებამდე, აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები და მთავარი ყურადღება მათი განხორციელებისკენ მივმართოთ.

„გირჩევთ, ჩამოწეროთ ის ფაქტორები, რომლებიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და სივრცეები პრიორიტეტების მიხედვით დაანაწილოთ. მაგალითად, შესაძლოა გსურდეთ სააბაზანოში ფანჯარა, ცალკე სამუშაო სივრცე ან იზოლირებული სამზარეულო. ამიტომ, პირველ რიგში, ამ მიზნების განხორციელებას შეეცადეთ, მთელი რესურსი მათკენ მიმართეთ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით კი მოაწყვეთ სახლის დანარჩენი ნაწილები“, — ამბობს ანა ლომთაძე.

მასალების მოძიება და ტექნიკური საკითხების გარკვევა 

როდესაც სახლის სტილსა და დიზაინზე შევჯერდებით, ზონების მიხედვით უნდა განვსაზღვროთ თუ როგორი ტექნიკა და ავეჯი გვსურს. შემდეგ აუცილებლად უნდა გავარკვიოთ რამდენად ხელმისაწვდომია კონკრეტული პროდუქტი ბაზარზე, რა ჯდება, როგორ ხდება მისი შეკვეთა და დამონტაჟება, რათა რემონტის მიმდინარეობისას გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა არ იჩინოს თავი.

„როდესაც ჩამოყალიბდებით თუ როგორი სამზარეულო, აბაზანა, ავეჯი და დეკორი გსურთ, რემონტის დაწყებამდე გაარკვიეთ, რამდენად ხელმისაწვდომია ეს კონკრეტული მასალები ჩვენს ბაზარზე, ასევე – რა პროცედურებთან არის დაკავშირებული მათი შეკვეთა და ჩამოტანა. ასევე, მოიძიეთ ინფორმაცია ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით. მაგალითად, მე აბაზანის უკანა მხარეს ძალიან მინდოდა ქვა ზედაპირის განათებით, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, ამიტომ მასზე უარის თქმა მომიწია. ასევე, ვფიქრობდი ჩაშენებული ნიჟარისა და შემრევების გამოყენებას, მაგრამ მათი მონტაჟისთვის კედლის გამოწევა იყო საჭირო, რაც არ მსურდა და გადავიფიქრე. ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო კიბის მოპირკეთებაც, რომელიც შეიძლება ითქვას, მთავარი ელემენტია სახლში. ბევრს ვფიქრობდი, რომელი მასალა აჯობებდა – ბეტონი, ქვა თუ ხე, რადგან თითოეული მათგანი განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს და სხვადასხვა სირთულე ახლავს თან, რამაც დიდი დრო წაიღო და სარემონტო პროცესი გააჭიანურა. თან საქმეს ისიც ართულებდა, რომ მზა მასალა კიბისთვის არ არსებობს, ყველაფერი ინდივიდუალურ ზომაზე უნდა მოარგო და შეუკვეთო, კვალიფიციური ხელოსნის პოვნა კი ძალიან რთულია, ამიტომ კიბე, სამწუხაროდ, ჯერ ბოლომდე დასრულებული არ გვაქვს“, — აღნიშნავს ანა ლომთაძე.

ხელოსნების მოძიება

ანა საკუთარ გამოცდილებას ხელოსნებთან დაკავშირებითაც გვიზიარებს. მისი თქმით, პროფესიონალი ხელოსნის მოძიება საკმაოდ რთულია, რადგან პირველ რიგში, ასეთი კადრი მცირეა და ამასთანავე, თითოეული მათგანი დიდი მოთხოვნით სარგებლობს, რის გამოც დამკვეთებს ზოგჯერ თვეობით უწევთ ლოდინი. ანა გვირჩევს, ახლობლებისა და ნაცნობების რეკომენდაციას ვენდოთ და მომლოდინეთა რიგს შევუერთდეთ, რადგან სიჩქარემ შესაძლოა, ისეთი ხელოსანი გვაპოვნინოს, რომელიც საქმეს სრულყოფილად ვერ შეასრულებს, რაც რემონტს შეაფერხებს და საქმეს გაგვირთულებს.

ელექტრო წერტილების რაოდენობის განსაზღვრა

ანა ყურადღებას ამახვილებს ელექტრო წერტილებზე, რომლებსაც სახლში განსაკუთრებული ფუნქციური დატვირთვა აქვს და გვირჩევს, რემონტის მიმდინარეობისას წინასწარ განვსაზღვროთ ავეჯისა თუ ტექნიკის მდებარეობა და მხოლოდ ამის მიხედვით დავამონტაჟოთ ჩამრთველები და როზეტები.

„რემონტის დროს კონსულტაცია გავიარე ელექტრიკოსთან, რომელმაც ელექტრო წერტილების რაოდენობა გამომითვალა, მაგრამ მეც მქონდა ვიზუალურად წარმოდგენილი თუ სად რამდენი ჩამრთველი და როზეტი მჭირდებოდა, სად განვათავსებდი ავეჯს, ტექნიკასა და განათებას, რამაც შემდეგ საქმე გამიადვილა და სახლში ამ მხრივ დისკომფორტი არ შემქმნია“.  

პრაქტიკულობის უზრუნველყოფა 

„გირჩევთ, მაქსიმალურად პრაქტიკული მასალები შეარჩიოთ, რათა ყოველდღიურად მათი მოვლა და გასუფთავება გაგიმარტივდეთ. უმჯობესია, შემოსასვლელის, სამზარეულოსა და აბაზანის იატაკზე დააგოთ ფილა. აბაზანის კედლებიც ფილით მოაპირკეთოთ, რადგან საღებავი შესაძლოა მალე დაზიანდეს. ასევე გირჩევთ, სამზარეულოსა და სააბაზანოში მოერიდოთ მუქ ფერებს, რადგან მარტივად ჭუჭყიანდება, ლაქავდება და ყოველდღიურ გაწმენდას საჭიროებს“, — ამბობს ანა.

დეტალებზე ყურადღების გამახვილება

ანა გვირჩევს,რომ თუ ესთეტიკურად დახვეწილი სივრცის შექმნა გვსურს და მიმზიდველი ინტერიერის მიღება გვინდა, აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება დეტალებზე და თითოეული ელემენტი ერთმანეთს შევუხამოთ.  მაგალითად, კედლის ფერი ტექსტილსა და დეკორატიულ ბალიშებს შევუსაბამოთ, ავეჯი კი აქსესუარებსა და დეკორაციას, რათა სივრცის მთლიანობას გავუსვათ ხაზი და ერთიანი, დასრულებული სახე მივცეთ ინტერიერს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

სამზარეულოს გამწოვი – მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე

ფრანგული ელეგანტურობით შექმნილი შპალერის, საფარდე ქსოვილების და ავეჯის ტექსტილის უახლესი კოლექციები „გალერეა რუმ დიზაინი“-ს შოურუმში