ანა ციციშვილმა და თენგო ალავერდაშვილმა ძველ სახლს ახალი სიცოცხლე შესძინეს და სარემონტო სამუშაოების დიდი ნაწილი საკუთარი ხელით შეასრულეს. მეტიც, ამ პროცესში მათ ბევრ ისეთ დავალებას გაართვეს თავი, რომლებსაც ხელოსნები ვერ გაუმკლავდნენ და დიდი მონდომებითა და ერთიანი ძალებით სასურველ შედეგს მიაღწიეს. რემონტის მიმდინარეობისას ანამ და თენგომ დიდი გამოცდილება მიიღეს და დღევანდელ სტატიაში თავიანთ დაკვირვებებსა და მოსაზრებებს ჩვენს მკითხველს უზიარებენ.
პროფესიონალთა გუნდის მოძიება
ანა და თენგო გვირჩევენ, რემონტის დაწყებამდე აუცილებლად მოვიძიოთ პროფესიონალი კადრები და მათ შერჩევაზე დრო და ენერგია არ დავზოგოთ, რადგან თავიდანვე სწორად შერჩეული კადრი რემონტის პროცესს გაგვიმარტივებს და რაც მთავარია, ხარისხიანად შეასრულებს კონკრეტულ დავალებას. არაკვალიფიციური ხელოსნის მიერ შესრულებული სამუშაო კი მომავალში შეიძლება თავიდან შესასრულებელი გახდეს, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
პროექტის მომზადება და ბიუჯეტის განსაზღვრა
ჩვენი რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ საუკეთესო შედეგის მისაღებად უმჯობესია, დიზაინერული, საინჟინრო პროექტის თავიდანვე გაკეთება და ბიუჯეტის წინასწარ განსაზღვრა, რათა დაახლოებითი წარმოდგენა გქონდეთ პროექტის ფინანსურ მხარესა და მის საბოლოო იერსახეზე. ეს კი თავისთავად ცხადია, ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯისგან დაგიცავთ და თქვენი ფინანსებისა და დროის ეფექტურად გამოყენებაში დაგეხმარებათ.
პრიორიტეტების განსაზღვრა და სწორი ხარჯთაღრიცხვა
წყვილი ყურადღებას ამახვილებს პრიორიტეტების სწორად გადანაწილებაზე და გვირჩევს, თანხები ხარისხიან მასალასა და ხელობაზე არ დავზოგოთ, რათა პროდუქტმა დიდხანს გაძლოს და არასწორი მონტაჟის გამო მალე გამოსაცვლელი არ გახდეს.
„არ დაზოგოთ თანხა მასალებსა და ხელოსნებზე, რადგან ჩვენ ეს ძალიან ვინანეთ. იმ ადგილებში, სადაც ხარისხიანი, ძვირადღირებული მასალები გამოვიყენეთ და ხელობაშიც მეტი გადავიხადეთ, ყველაფერმა გაამართლა. ხოლო უხარისხო ელემენტების გამოსწორება და ხშირი შეკეთება გახდა საჭირო, რაც უფრო ძვირი დაჯდა, ვიდრე თავდაპირველი ინვესტიცია“, — ანა ციციშვილი და თენგო ალავერდაშვილი.
ხელობის ხარისხისა და დროის კონტროლი
ჩვენი რესპონდენტების აზრით, გამოცდილი, პროფესიონალი ხელოსნის დაქირავების მიუხედავად, სასურველი შედეგის მისაღებად მაინც მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშაოს და ხელობის ხარისხის კონტროლი, დამკვეთის აქტიური ჩართულობა და რემონტის მიმდინარეობის ზედამხედველობა. იმ შემთხვევაში, თუ ამის დრო არ გაქვთ, უმჯობესია, პასუხისმგებლობიანი პირი დაიქირაოთ, რომელიც ამ საქმეს თქვენ მაგივრად შეასრულებს. ანასა და თენგოს თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია დროის კონტროლიც — „აკონტროლეთ დრო, რაც უფრო იწელება კონკრეტული დავალების შესრულების პერიოდი, მით უფრო მეტად მცირდება თქვენი ბიუჯეტი. ამიტომ თუ რაიმე რესურსის ჩადებაა საჭირო, რათა სწრაფად დასრულდეს სამუშაო, არ დაიშუროთ“.
საკუთარი ხელით შესრულებული სამუშაო
წყვილი გვირჩევს, არ შეგვეშინდეს ჩვენი უნარების გამოვლინების.
„თუ გაქვთ ამის დრო და მოხერხებული ხართ, იყავით გაბედული, რომ თავად შეასრულოთ ზოგიერთი სამუშაო. გარდა იმისა, რომ ეს ფინანსებს დაგიზოგავთ, ახალ უნარებსაც შეგძენთ, მომავალში კი განსაკუთრებით სასიამოვნო და საამაყო იქნება თქვენი ნახელავის ყურება“.
ყურადღებით შერჩეული ავეჯი და დეკორი
თენგო და ანა გვირჩევენ, სასურველი პროდუქტის შერჩევაზე დრო არ დაგვენანოს და თითოეული მათგანი დიდი ყურადღებით შევიძინოთ.
„არ დაგეზაროთ, დიდხანს იაროთ მაღაზიებში ავეჯის, ნივთების, ტექსტილის და დეკორაციების შესარჩევად. სწორად შერჩეული ფერები, ფორმები და ტექსტურა ქმნის განსაკუთრებულ კავშირს და აცოცხლებს გარემოს“, — ანა ციციშვილი და თენგო ალავერდაშვილი.