in

რემონტის გამოცდილება: ეკატერინე ჩანჩიბაძის რჩევები

IPS
IPS

დღევანდელ სტატიაში ფართო საზოგადოებისთვის „ჩანჩიკას“ სახელით ცნობილი ვიზაჟისტისა და სტილისტის — ეკატერინე ჩანჩიბაძის რემონტის გამოცდილებას გაგიზიარებთ. ეკატერინეს მჭიდრო შეხება აქვს დიზაინთან, მხატვრობასთან და ხელოვნებასთან, ამიტომ საკუთარი ბინის ინტერიერიც, პროფესიონალის დახმარების გარეშე, თავად მოაწყო და  შეეცადა სივრცეში მკაფიოდ გამოეხატა თავისი მრავალფეროვანი, საინტერესო და შემოქმედებითი ბუნება. აღსანიშნავია ისიც, რომ არაერთი ელემენტი, ავეჯი თუ დეკორატიული ნივთები საკუთარი ხელით დაამზადა და რემონტის პროცესშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო, რამაც სასურველი შედეგი განაპირობა და ამ მიმართულებით დიდი ცოდნა შესძინა, რომელსაც დღეს ჩვენს მკითხველს უზიარებს.

პროფესიონალის ჩართულობა სარემონტო პროცესში 

მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინემ დამოუკიდებლად გაართვა თავი საკუთარი ბინის კეთილმოწყობას, თვლის, რომ აუცილებელია ამ პროცესში პროფესიონალი დიზაინერის ან საქმეთა მწარმოებლის ჩართულობა, რათა გაუთვალისწინებელი სირთულეები არ მოხდეს და თითოეული ნაბიჯი ზედმიწევნით სწორად შესრულდეს.

„რემონტის პროცესში საჭიროა პროფესიონალი დიზაინერის ან საქმის მწარმოებლის ჩართულობა, რომელიც ზედმიწევნით დაგეგმავს ყველაფერს და ზუსტად ეცოდინება თითოეული ეტაპის თანმიმდევრობა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ხშირად, ცოდნის სიმცირის გამო, ერთმა ხელოსანმა შესაძლოა დააზიანოს სხვა ხელოსნის ნამუშევარი. ჩემ შემთხვევაში რემონტის პროცესი გაჭიანურდა, რადგან ხელოსნებში დიდად არ გამიმართლა, რამდენჯერმე მომიწია მათი შეცვლა, რამაც საქმე გაახანგრძლივა და გაართულა. ამიტომ რემონტის დროს კარგი ჯგუფის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს“, — ამბობს ეკატერინე.

რადიატორების საკმარის რაოდენობა

ჩვენი რესპონდენტი გვესაუბრება რადიატორების საჭირო რაოდენობის მნიშვნელობაზე, რომელიც ისეთი მახასიათებლის მიხედვით გამოითვლება, როგორებიცაა თბოდანაკარგი, ვიტრაჟების რაოდენობა, ჭერის სიმაღლე და სივრცის ფართობი. ეკატერინე გვირჩევს, ამ პროცესში პროფესიონალი დავიხმაროთ, რომელიც ზუსტად გამოგვითვლის თბოდანაკარგის კოეფიციენტს და სახლში რადიატორების საჭირო რაოდენობას დაგვიდგენს.

„რადიატორების რაოდენობა დამოკიდებულია სივრცის ფართობსა და ჭერის სიმაღლეზე. ჩემი ბინა არასტანდარტულია, მაღალი ჭერი და დიდი რაოდენობით ვიტრაჟები აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო რადიატორების სწორად გადანაწილება. თავდაპირველად, ხელოსანმა გათბობის წერტილები არასწორად გამოთვალა და შემდეგ მათი გადაკეთება მომიწია. ამიტომ თავიდანვე უმჯობესია პროფესიონალის ჩართულობა და თქვენი ბინის მახასიათებლებიდან გამომდინარე რადიატორების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა“.

ჩამრთველებისა და როზეტების სწორი მონტაჟი

ეკატერინე ჩანჩიბაძე ელექტრო წერტილების დიდი რაოდენობით დამონტაჟებას გვირჩევს, რადგან  ეს ის ელემენტია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინე თავიდანვე შეეცადა სივრცეში საკმარისი რაოდენობის როზეტები და ჩამრთველები განეთავსებინა, ახლანდელი გადმოსახედიდან თვლის, რომ ბევრად მოსახერხებელი იქნებოდა გაცილებით მეტი ელექტრო წერტილის მონტაჟი, რომელიც დისკომფორტს თავიდან ააცილებდა.

სათავსოების გათვალისწინება

ჩვენი რესპონდენტი ყურადღებას ამახვილებს ყველა ოთახში ფუნქციური და მიმზიდველი სათავსოების აუცილებლობაზე, რომლებიც ნივთების ორგანიზებაში გვეხმარება და სახლში წესრიგსა და სისუფთავეს უზრუნველყოფს. ასევე, მათი დახმარებით შესაძლებელია მომხიბვლელი დეკორატიული შტრიხების შექმნა ინტერიერში.

ბაზარზე არსებული მასალების სწორად შეფასება 

ჩვენი რესპონდენტი გვირჩევს სხვადასხვა ინტერიერებსა და სტილებს გავეცნოთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად სწორად შევაფასოთ ბაზარზე არსებული რესურსი, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს გვიწესებს.

„გირჩევთ ბევრი ინტერიერი დაათვალიეროთ, ზუსტად გაარკვიოთ რა მოგწონთ და იმაზე შეაჩეროთ არჩევანი. თუმცა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის მასალები, რომლებიც ჩვენს ბაზარზე მოიპოვება, რადგან შესაძლოა, რაღაც ძალიან მოგვწონდეს, მაგრამ შესაბამისი პროდუქტი ვერ ვნახოთ. სამწუხაროდ, მე აბაზანისთვის ვერ მოვიძიე ისეთი ფილა, როგორიც მინდოდა. ამიტომ მთელს კედელზე სარკეები დავამონტაჟე, რამაც ვიზუალურად გაზარდა აბაზანა და მიმზიდველი ეფექტი შექმნა. შესაბამისად, თუ სასურველ პროდუქტს ვერ ნახავთ, შეგიძლიათ განსხვავებული გადაწყვეტა მოიფიქროთ“.  

 

გარეკანის ფოტო: დავით ჭალიძე

ავტორი: მეკო მეტრეველი

კლასიკური ინტერიერი საინტერესო ფერთა გამით

როგორ მოვუაროთ მცენარეებს გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში — გიორგი ლაბაურის გზამკვლევი