in

რემონტის გამოცდილება — მარიამ სიჭინავას რჩევები

IPS
IPS

დღევანდელ სტატიაში ფოტოგრაფი მარიამ სიჭინავა გვიზიარებს თავის გამოცდილებას საკუთარი სახლის მშენებლობისა და რემონტის შესახებ. ჩვენი მკითხველი მარიამის თხინვალში მდებარე სახლს უკვე იცნობს, რომელიც ჩვენმა რესპონდენტმა თავად მოაწყო და მშენებლობისა და გეგმარების შექმნაშიც აქტიურად მიიღო მონაწილეობა. დღეს ის ამ პროცესში მიღებულ ცოდნაზე, გასათვალისწინებელ ფაქტორებზე და მისთვის მნიშვნელოვან სარემონტო საკითხებზე გვესაუბრება და საინტერესო რჩევებს გვთავაზობს.

დაგეგმარება და განათება

მარიამი გვიხსნის, რომ კერძო სახლის მშენებლობა, ბინის რემონტთან შედარებით, ბევრად შრომატევადი და რთული საქმეა, რადგან ძალიან ბევრი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ნაკვეთის სწორად შერჩევა, შემდეგ კი ისე დაგეგმარება, რომ დღის შუქი სახლის ყველა კუთხეს ხვდებოდეს და სივრცე რაც შეიძლება ნათელი იყოს.

შესაბამისი ნაკვეთის მოსაძებნად ჩვენ დაახლოებით ორი წელი დაგვჭირდა და მიწა 2016 წელს შევიძინეთ. ნაკვეთი საკმაოდ დახრილი იყო, მე კი არ მინდოდა ეზო ყოფილიყო დონეებიანი, ამიტომ ერთიანი, სწორი ზედაპირის მისაღებად, მიწა დავყარეთ და დახრილობა ამით ამოვავსეთ, შემდეგ კი ბალახი დავაგეთ. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ვერანდასა და ეზოს დონეებს შორის მინიმალური სხვაობაა, მისაღები კი ვერანდასთან ერთიანდება და შედეგად, ერთიანი სივრცე მიიღება, სადაც მისაღები, აივანი და ბაღი ერთ სიბრტყეზეა მოქცეული. ასევე, გეგმარების პროცესში ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სახლი ნათელი და დღის შუქით სავსე ყოფილიყო, რადგან ბუნებრივი შუქი ჩემს ხასიათზეც აისახება, არ შემიძლია სიბნელეში ყოფნა. შესაბამისად, სახლი ისე დავაგეგმარეთ, რომ ბუნებრივი სინათლე სახლის ყველა ნაწილს ხვდება, მათ შორის დერეფანსაც, სადაც ღიობი გავაკეთეთ. როდესაც მზის სხივები მაღვიძებს, ჩემთვის ეს კარგი დღის საწინდარია, ამიტომ ჩვენი სახლის გეგმარება ძალიან მომწონს”, — აღნიშნავს მარიამ სიჭინავა.

დიზაინი და ფუნქციონალურობა

მარიამი გვირჩევს, სახლში თითოეული დეტალი ფუნქციური დანიშნულების მიხედვით შევარჩიოთ. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინში ესთეტიკა უმნიშვნელოვანესია, ჩვენი რესპონდენტი თვლის, რომ აუცილებელია, აქცენტი საჭიროებაზე გავაკეთოთ და ისეთი ნივთებით არ გადავტვირთოთ სივრცე, რაც არ გვჭირდება და მხოლოდ ესთეტიკურ დანიშნულებას ასრულებს.

ცხადია, არ ვგულისხმობ იმ დიზაინის ელემენტებს, რომლებიც კონკრეტულ სივრცეს კრავს და ალამაზებს. მაგრამ მასიურად მხოლოდ ესთეტიკური საგნების გამოყენება, რომლებსაც არანაირი პრაქტიკული ფუნქცია არ აქვთ, არ მგონია სწორი”, — ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

მასალების შერჩევა და ხარისხის შემოწმება

მარიამი ყურადღებას ამახვილებს მასალების ხარისხსა და მათ ბუნებრიობაზე, რაც ჯანსაღი და უსაფრთხო სივრცის შესაქმნელად აუცილებელია. ამიტომ გვირჩევს, თავიდანვე სწორად შევარჩიოთ პროდუქტი და მაღალი ფასის მიუხედავად, აქცენტი ბუნებრივ მასალებზე გავაკეთოთ, რომლებიც ხელოვნური პროდუქტებისგან განსხვავებით, ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის.

ჩემთვის უსაფრთხოება და ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მასალების შერჩევისას, რადგან დაბალი ხარისხის, ხელოვნურმა პროდუქტებმა დროთა განმავლობაში შესაძლოა გარკვეული პრობლემები შექმნას და ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედოს. ამიტომ სამშენებლო და სარემონტო პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ხარისხიან მასალებს ვყიდულობდი, მაინც თითოეულ მათგანს რადიაციის საზომით ვზომავდი, რათა მათ უსაფრთხოებაში დავრწმუნებულიყავი. ასევე, მთელი სახლი წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავით შევღებეთ, რომელიც ზუსტად ვიცი, ტყვიას არ შეიცავს. იატაკი კი სველი წერტილისა და სამრეცხაო ოთახის გარდა, მუხის ხის საფარით მოვაპირკეთეთ, რაც ასევე გარემოს სიჯანსაღეს განაპირობებს. ინტერიერშიც მაქსიმალურად ბუნებრივი მასალები გამოვიყენეთ, რაც სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდას მიქმნის. კიდევ ერთი დეტალი, რაც სახლის დაცულობას განაპირობებს ისაა, რომ გაზის სისტემა სარდაფშია მოთავსებული, საიდანაც იატაკის გათბობასა და ცხელ წყალს თავრთ, სამზარეულოში კი ინდუქციური ქურა გვაქვს დამონტაჟებული, რის გამოც არ მჭირდება გაზის დეტექტორი და ბუნებრივ აირთან დაკავშირებული რისკებისგან დაცულები ვართ”, — აღნიშნავს მარიამ სიჭინავა.

გათბობის სისტემა

ჩვენი რესპონდენტი გვირჩევს, კერძო სახლში წყლის იატაკის გათბობა დავამონტაჟოთ, რომლის ინსტალაცია თავდაპირველად გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა შემდგომ დიდ ეკონომიას იძლევა და პირველად ინვესტიციას აბალანსებს. მარიამი გვიხსნის, რომ იატაკის გათბობა განსაკუთრებით კომფორტულია მაღალჭერიან სახლებში, სადაც სითბო დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება, სველ წერტილებს კი სწრაფად აშრობს და ობის წარმოქმნას ამცირებს, რაც ჯანსაღ გარემოს განაპირობებს. იმ შემთხვევაში თუ ძლიერი ყინვაა და იატაკის გათბობა საკმარისად ვერ ათბობს სახლს, მაცხოვრებლები ბუხარს იყენებენ დამატებით საშუალებად, რაც მარიამის თქმით, იშვიათად ხდება.

გაგრილების სისტემა

მარიამი გვიყვება, რომ თავდაპირველად სახლში არ გაითვალისწინა გაგრილების სისტემა, რადგან მისი მეზობლების თქმით, ამის საჭიროება არ არსებობდა. თუმცა, ვინაიდან ჩვენი რესპონდენტის სახლი ერთსართულიანია, აუცილებელი გახდა კონდიციონერის მონტაჟი, რამაც გარკვეული დისკომფორტი შექმნა. ამიტომ მარიამი გვირჩევს, სამშენებლო-სარემონტო პროცესში წინასწარ გავითვალისწინოთ გაგრილების ფაქტორი და ვენტილაციის ჩაშენებულ სისტემას მივანიჭოთ უპირატესობა.

სამუშაო და შესანახი სივრცეები

ვფიქრობ, სახლში აუცილებელია სამუშაო კუთხის მოწყობა, რაც დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას გვაძლევს და უამრავ დროსა და ენერგიას ზოგავს. ჩვენ პანდემიამდე ავაშენეთ სახლი, ამიტომ გეგმარებისას სამუშაო ოთახი არ გავითვალისწინეთ, რასაც ახლა ვნანობ. თუმცა შემდეგ სტუმრების ოთახი სამუშაო კუთხედ გადავაკეთეთ და მას ფუნქცია შევუცვალეთ”, — ამბობს მარიამი.

ჩვენი რესპონდენტი ყურადღებას შესანახი ოთახის აუცილებლობაზეც ამახვილებს, რომელსაც მის სახლში მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს და სამზარეულოსთვის დამატებითი სათავსოს როლს ასრულებს, რაც ორგანიზებულ და ფუნქციურ საცხოვრებელს უზრუნველყოფს.

შავი შემრევები

მარიამი გვირჩევს, მოვერიდოთ სველ წერტილებსა და სააბაზანო ოთახებში შავი ფერის მასალის გამოყენებას, შემრევებისა თუ ფილების სახით, რადგან მათ მეტად ეტყობა წყლის ლაქები და რთული გასაწმენდია.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: მარიამ სიჭინავა

კლასიკური და თანამედროვე სტილის ერთიანობით შექმნილი დუპლექსი შვედეთში

სახლი-გამოქვაბული მექსიკაში