თანამედროვე მულტიმედია არტისტის, მხატვრისა და კოსტიუმების დიზაინერ უტა ბექაიას საინტერესო და ორიგინალური სახლის ინტერიერს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. როგორც ცნობილია, უტა წლების განმავლობაში თეატრის სცენოგრაფად მუშაობდა, შესაბამისად, მას გარკვეული კავშირი ჰქონდა ინტერიერის დიზაინთან. საკუთარი სახლის დიზაინ კონცეფციაც სრულიად დამოუკიდებლად, თავად შეიმუშავა და სივრცეს ინდივიდუალური ხასიათი შესძინა. დღევანდელ სტატიაში კი თავის სარემონტო გამოცდილებას გვიზიარებს.
კონცეფციის შემუშავება
უტა გვირჩევს, რომ რემონტის დაწყებამდე კარგად გავიაზროთ, რისი გაკეთება გვსურს, როგორ სახლში გვინდა ცხოვრება და კონცეფცია წინასწარ შევიმუშაოთ, რათა მაქსიმალურად განვახორციელოთ დასახული მიზნები და სურვილები რეალობად ვაქციოთ.
„სარემონტო პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის ის, რომ დაინახო, როგორი იქნება ეს სახლი ბოლოს. სანამ მუშაობას დავიწყებდი, დაახლოებით ერთი წელი მოვუნდი იმის წარმოდგენას, თუ როგორი სახლი მინდოდა. ეს ერთგვარი მედიტაციაც არის, რაც პირადად მე მამშვიდებს, რადგან სასიამოვნოა იმის წარმოდგენა, თუ როგორი იქნება მომავალში შენი საოცნებო საცხოვრებელი“, — აღნიშნავს უტა ბექაია.
სინესტესთან გამკლავება
მეორე მნიშვნელოვანი პუნქტი, რაზეც ჩვენი რესპონდენტი ამახვილებს ყურადღებას, არის ნესტის პრობლემა.
„ჩემი ბინა პირველ სართულზეა და ნახევრად სარდაფია. სწორედ ეს იყო ყველაზე პრობლემატური რემონტის დროს — ნახევარ სარდაფის ათვისება, რადგან ეს ზონა საკმაოდ ნესტიანია. შეცდომა რაც დავუშვი, სწორედ ამ პრობლემის გაუთვალისწინებლობაა. ყველას ვურჩევდი, სინესტის პრობლემა თავიდანვე კაპიტალურად აღმოფხვრან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნახევრად სარდაფის საცხოვრებლად გამოყენება სურთ. შეიძლება ეს ძვირი დაჯდეს, მაგრამ ბოლოს წარმატებულ შედეგს მიიღებთ. დღეს ნესტის პრევენციის არაერთი საშუალებაა, თუმცა მე მხოლოდ ნესტის გამწოვი აპარატი შევიძინე, რომელიც ასევე ჰაერსაც წმენდს“, — ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
არსებული ფართის ეფექტურად ათვისება და სახლის ძველი ელემენტების გამოყენება
უტა ბექაია გვირჩევს, მაქსიმალურად ავითვისოთ სივრცე, რათა სივრცეში არ გაჩნდეს ე.წ. „მკვდარი“ ადგილები. ამისათვის აუცილებელია მცოდნე არქიტექტორთან კონსულტაცია, რომელიც დაგვეხმარება, უკეთესად გამოვიყენოთ ფართი და ბევრად ეფექტური გავხადოთ საცხოვრებელი. ჩვენი რესპონდენტი ყურადღებას ამახვილებს ძველი ელემენტების გამოყენების აუცილებლობაზეც: „მაგალითად, ჩემს სახლში სქელი, ტუფის კედლებია, რომლებიც საფუძვლიანად და მყარად არის აშენებული. ეს კედლები ერთგვარ იზოლაციას ასრულებს და სარდაფში მუდმივად თანაბარ ტემპერატურას განსაზღვრავს, რაც სამზარეულოს იდეალურ ადგილად, სარდაფში მდებარე საძინებელს კი, ზაფხულის ცხელ დღეებში, გრილ სივრცედ აქცევს“.
სამუშაო სივრცე
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რესპონდენტს საკუთარ ბინაში სამუშაო სივრცე და ბიბლიოთეკის ზონა არ გაუთვალისწინებია, თვლის, რომ თანამედროვე საცხოვრებელში სამუშაო კუთხის ქონა აუცილებელია, რათა მაცხოვრებელს ინტელექტუალური სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა კომფორტულად მიეცეს.
აბაზანაში ბუნებრივი ვენტილაციის შექმნა
უტა მიიჩნევს, რომ სააბაზანოში აუცილებელია ბუნებრივი ვენტილაცია და სივრცეში ფანჯრის მონტაჟი, რადგან ერთი მხრივ, ეს ოთახში ჯანსაღ გარემოს ქმნის, მეორე მხრივ კი აბაზანას ბევრად მიმზიდველს ხდის და მასში ბუნებრივი სინათლის წყაროს აჩენს.
სახლის ესთეტიკაზე ზრუნვა და მისი მთლიანობის შენარჩუნება
უტა გვირჩევს, წინასწარ შევარჩიოთ დიზაინის ფერები, ფაქტურა და ჩვენს კონცეფციას ბოლომდე მივყვეთ, რათა სახლი ერთიანი და მთლიანი გამოვიდეს.
„როდესაც რემონტს აკეთებთ, მიეცით თქვენს თავს იმის უფლება, რომ კრეატიულები იყოთ. შთაგონების ბევრი წყარო არსებობს. აუცილებლად წარმოიდგინეთ, რა იქნება ყველაზე მყუდრო და საინტერესო სივრცე პირადად თქვენთვის. სახლი უნდა იყოს დაცული ადგილი, სადაც რეგენერაციას და დამშვიდებას შეძლებთ. ასევე, გირჩევდით, შეიძინოთ ნამუშევრები ქართველი თანამედროვე მხატვრებისგან, ეს ძალიან კარგი ინვესტიციაა და თქვენ სახლს საინტერესოს და თვითმყოფადს გახდის. კოლექციონერობა ჩვენთან არ არის გავრცელებული, რაც ვფიქრობ, ძალიან აკლია დღევანდელ დიზაინს“, — აღნიშნავს უტა ბექაია.