in

რემონტის შეცდომები: დაკო ბახტურიძის გამოცდილება

IPS
IPS

ფერადი ბინა დადიანის ქუჩაზე დაკო ბახტურიძეს ეკუთვნის. მისი ინტერიერის შესახებ უკვე გიამბეთ, ამჯერად კი იმ სირთულეებზე მოგიყვებით, რომლებსაც დაკო რემონტის მიმდინარეობისას შეეჩეხა. საკუთარ გამოცდილებას დღეს ის Homeis.ge-ს მკითხველს უზიარებს.

შეცდომა #1: ზედმეტი სათავსოები

დაკოს აზრით, მისი ერთ-ერთი შეცდომა ზედმეტად ბევრი სათავსოს მოწყობა იყო. ფართის სიმცირის გათვალისწინებით, მათ საკმაოდ დიდი ადგილი დაეთმო, რამაც, საბოლოოდ, დისკომფორტი შექმნა: „ვფიქრობ, შევცდი, როდესაც სახლში ამდენი სათავსო განვათავსე. ვინაიდან პატარა ბინაა (52 მ2), ვეცადე, სადაც კი შეიძლებოდა, ყველგან სათავსო მომეწყო. თითქოს არც ისე ცუდი იდეაა, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ამდენი ნამდვილად არ იყო საჭირო. განსაკუთრებით არ მომწონს სამზარეულოს ზომა. მოზრდილი სამზარეულო სტუდიოს ტიპის ბინის მისაღებ სივრცეში საკმაოდ უხეშად იჭრება“.

შეცდომა #2: გაყვანილობის გეგმის არქონა

დაკო გვირჩევს, წინასწარ შევადგინოთ გეგმა გაყვანილობისთვის, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რომელი მოწყობილობა სად განთავსდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რემონტის შემდგომ მოგვიწევს ფიქრი არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე: „აუცილებლად წინასწარ გათვალეთ, რომელ მოწყობილობას სად დადგამთ და, შესაბამისად, გაყვანილობას როგორ დაამონტაჟებთ. მე, პირადად, ვერ გავითვალისწინე კონდიციონერის მდებარეობა, რის გამოც მისი მილი გარეთ აღმოჩნდა და საკმაოდ არაესთეტიკურად გამოიყურებოდა. მილის დასაფარად მისი შეღებვა და ზედ ყვავილების დაკიდება დამჭირდა. იგივე შეცდომა დავუშვი გამწოვის მილთან დაკავშირებითაც, რომელიც ასევე კარადის გარეთ აღმოჩნდა და დამატებითი სამუშაოს ჩატარება მომიწია: მილი, რომელიც შევღებე, საბოლოოდ, ინტერიერის ნაწილი გამოვიდა. ასეთ საკითხებზე ფიქრი, ცხადია, წინასწარ სჯობს, რათა მსგავსი პრობლემები თავიდან აიცილოთ“. 

შეცდომა #3: არასწორი პრიორიტეტები

ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ დაბალი ბიუჯეტის პირობებში პრიორიტეტები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა განვსაზღვროთ: თანხის დაზოგვას არ ვეცადოთ ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა სამზარეულოსა და სააბაზანოს ონკანები, რადგან, საბოლოოდ, მეტი ხარჯი გვექნება: „როდესაც მცირე ბიუჯეტით აკეთებ რემონტს, ბევრი რამის გათვალისწინება გიწევს. ერთი მხრივ, სივრცე შენი გემოვნების მიხედვით გინდა მოაწყო, მეორე მხრივ კი, თანხაში უნდა ჩაეტიო. არც დიდი ბიუჯეტი მქონდა და არც დიზაინერი მყავდა, ამიტომ საკმაოდ დიდ სირთულეებს წავაწყდი. ვფიქრობ, შეცდომა დავუშვი, როდესაც თანხა დავზოგე წყლის შემრევებზე. ახლა ვხვდები, რომ ეს არასწორია. გირჩევთ, ონკანებზე თანხა არ დაზოგოთ, რადგან მათი გამოცვლა დამატებითი ხარჯი იქნება“.

შეცდომა #4: ყველაფრის საკუთარ თავზე აღება

დაკო ბახტურიძე გვირჩევს, რემონტის მიმდინარეობისას აუცილებლად ვკითხოთ რჩევა მათ, ვისაც ამ სფეროში გამოცდილება აქვს, რადგან ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადი და სტრესულია. მისი აზრით, გონივრული რჩევები მდგომარეობას შეგვიმსუბუქებს: „რემონტი მარტომ დავგეგმე და ასევე მარტომ წარვმართე. იყო მომენტები, როდესაც ძალიან მიჭირდა, რადგან არც გამოცდილება მქონდა და არც პროფესიონალი მყავდა, ვისაც დახმარებას ვთხოვდი. გირჩევთ, ყოველთვის ითხოვოთ რჩევა. არ არის აუცილებელი, ის მაინცდამაინც პროფესიონალისგან მიიღოთ – ჰკითხეთ მეგობარს ან ოჯახის წევრს, რომელსაც რემონტის გამოცდილება აქვს. გამოცდილების გაზიარება აუცილებლად დაგეხმარებათ შეცდომების თავიდან აცილებაში“.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

Saltviga House — ადგილობრივ ლანდშაფტთან შერწყმული სახლი ნორვეგიაში

სტუდიო ლისზე – დიზაინერ ლიკა ლასარეიშვილისა და ფოტოგრაფ დიტო თედიაშვილის ინტერიერი