სოლოლაკში მდებარე სახლზე ცოტა ხნის წინ უკვე გიამბეთ. ეკა კიკაძემ და მისმა მეუღლემ თავიანთი ბინის დიზაინზე პროფესიონალის დახმარების გარეშე იზრუნეს, რამაც დიდი გამოცდილება და ცოდნა შესძინათ. საბოლოოდ, ინტერიერი ორიგინალური, დახვეწილი და მყუდრო გამოვიდა. ამის მიუხედავად, რემონტის მიმდინარეობისას გარკვეულმა შეცდომებმა და სირთულეებმა იჩინა თავი. საკუთარ გამოცდილებას ჩვენი რესპონდენტი დღეს Homeis.ge-ს მკითხველს უზიარებს.
შეცდომა #1: არქიტექტურული და გეგმარებითი პროექტის არარსებობა
როგორც ეკა გვიამბობს, მთავარი შეცდომა წინასწარ შედგენილი არქიტექტურული და გეგმარებითი პროექტის არარსებობა იყო, რამაც რემონტის დროს სირთულეები შექმნა: „ბინა ძალიან ცუდ მდგომარეობაში შევიძინეთ. აუცილებელი იყო დეკონსტრუქცია და გამაგრებითი სამუშაოს ჩატარება. ამის გამო ბინა მთლიანად დავანგრიეთ და ხელახლა ავაშენეთ. ფორსმაჟორულ სიტუაციაში გვიწევდა მუშაობა, რის გამოც ახალი პროექტი შემუშავებული არ გვქონდა. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველას ვურჩევ, რემონტის დაწყებამდე პროფესიონალს მიმართონ და მისგან მიიღონ რჩევა, რაც დროსაც საგრძნობლად დაზოგავს და ენერგიასაც“.
შეცდომა #2: ადამიანური რესურსის მოძიება უშუალოდ რემონტის პროცესში
თავდაპირველად ჩვენი რესპონდენტი ფიქრობდა, რომ სარემონტო სამუშაოს შემსრულებლებს გზადაგზა, პერიოდულად დაუკავშირდებოდა, თუმცა, სინამდვილეში, რემონტის დროს მათი პოვნა არც ისე იოლი აღმოჩნდა: „ამის გამო იმდენ სირთულეს წავაწყდით, რომ რემონტის დროს არაერთხელ, თანაც ხანგრძლივად შევფერხდით. ჩემი რჩევა იქნება, რემონტის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დაუკავშირდით შესაბამის ადამიანებს, ხელოსნებს, რათა შეფერხების გარეშე შეძლოთ სხვადასხვა სარემონტო სამუშაოს ჩატარება“.
შეცდომა #3: ინტერიერის დიზაინერის არარსებობა
ეკა გვირჩევს, რემონტის დაწყებამდე აუცილებლად მივმართოთ თუნდაც დამწყებ დიზაინერს, რომელიც წინასწარ, 3D პროგრამის გამოყენებით, შექმნის ბინის დიზაინს. ეს მესაკუთრეებს ნამდვილად დაეხმარება, წინასწარ წარმოიდგინონ საბოლოო შედეგი, შეარჩიონ შესაბამისი სტილი და მარტივად შეუხამონ ერთმანეთს ფერები თუ აქსესუარები: „ხშირად მეუბნებიან, რომ ბინის დიზაინი განსაკუთრებულია, თუმცა, უნდა ითქვას, რომ პროფესიონალის დახმარების გარეშე მთელი სამუშაოს ჩატარება რთული და საკმაოდ სტრესული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა, სხვადასხვა ფერისა და სტილის შეხამება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. საბოლოოდ, შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა ვხვდები, რომ პროფესიონალის დახმარებით დიდ დროსა და ენერგიას დავზოგავდი“.
შეცდომა #4: გაუთვალისწინებელი ხარჯები
ბიუჯეტის გაზრდა ბინის ძირეულმა აღდგენითმა სამუშაოებმა განაპირობა. რემონტის დროს მთლიანად დაინგრა გამყოფი კედლები, რის შედეგადაც ერთიანი სივრცე შეიქმნა; აღდგა ძველი აგურით მოპირკეთებული კედელი, რამაც ინტერიერს მთავარი ღირებულება შესძინა; აივნის ძველი დიზაინის შენარჩუნების მიზნით, ჩატარდა მისი აღდგენითი სამუშაოებიც. შედეგად, ხარჯები საგრძნობლად გაიზარდა. გამოცდილებიდან გამომდინარე, ეკა გვირჩევს: „თუ ბინის შეძენა თბილისის ძველ უბანში გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ იქ არსებული შენობების უმრავლესობა მთლიანად სარესტავრაციოა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სარემონტო ხარჯებს. ამავე დროს, თუკი შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც აქვს, აუცილებლად უნდა მიმართოთ თბილისის არქიტექტორულ სამსახურს და მოიპოვოთ ნებართვა სარემონტო სამუშაოს ჩატარებისთვის, რაც ასევე დამატებით დროს მოითხოვს“.
შეცდომა #5: შესყიდვები სარემონტო ბაზრის წინასწარი მოკვლევის გარეშე
ჩვენი რესპონდენტი გვირჩევს, რემონტის მიმდინარეობისას დიდი დრო დავუთმოთ მასალის ფასების შესწავლას და წინასწარ მოვიძიოთ ყველა საჭირო ნივთი, რაც საბოლოო ხარჯს საგრძნობლად დაზოგავს: „წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტი არაერთხელ გაიზარდა, რაც ზოგადად ახასიათებს რემონტის პროცესს. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, დროის დეფიციტის გამო, ვერ შევძელით, დეტალურად შეგვესწავლა ბაზარი. ძირითადად ისე ხდებოდა, რომ ყოველგვარი წინასწარი მოკვლევის გარეშე ვყიდულობდით საჭირო მასალასა და ნივთებს. გირჩევთ, არ იჩქაროთ, საკმარისი დრო დაუთმოთ ფასების შესწავლასა და შედარებას, წინასწარ ეწვიოთ სავაჭრო ობიექტებს და შეადგინოთ დეტალური ხარჯთაღრიცხვა“.