in

რემონტის შეცდომები – მელი ბაღდავაძის გამოცდილება

IPS
IPS

მელი ბაღდავაძემ მეუღლესთან, ლევან ლეფსვერიძესთან ერთად, ბინა ისე მოაწყო, რომ სახლში მაქსიმალური კომფორტი და მყუდროება შეექმნა. თუმცა დეტალებზე ორიენტირებულობისა და სიფრთხილის მიუხედავად, რამდენიმე შეცდომა მაინც დაუშვა, რომელთა გათვალისწინებასაც დღეს ჩვენს მკითხველს ურჩევს.

შეცდომა #1: არასწორად შერჩეული საღებავი

როგორც მელი აღნიშნავს, კედლისთვის თეთრი საღებავის შერჩევა საკმაოდ დამღლელი პროცესი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილმა არაერთი ტონი სცადა, რათა ზუსტად განესაზღვრა სასურველი ფერი, საბოლოოდ, კედლები მაინც იმაზე ღია გამოვიდა, ვიდრე ელოდა. სწორედ ამიტომ, ჩვენი რესპონდენტი გვირჩევს, სასურველი საღებავი წინასწარ ბევრჯერ გამოვცადოთ: „ვინაიდან ბინა ძალიან ნათელია, გვინდოდა, კედლები ისეთ ტონში შეგვეღება,რომელიც საღამოს, დეკორატიული განათების ფონზეც, ინტერიერს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდიდა. საცდელად საღებავის მომცრო ყუთი შევიძინეთ და ერთ კედელზე მოვსინჯეთ. ალბათ, მინიმუმ ხუთჯერ მაინც შევცვალეთ ფერი — ხან ძალიან მუქი გამოდიოდა, ხან – ძალიან ღია. სახლის განწყობა ამინდის შესაბამისადაც იცვლებოდა, რაც პროცესს კიდევ უფრო ართულებდა. საბოლოოდ, მაინც ოდნავ იმაზე ღია ფერი მივიღეთ, ვიდრე წარმოგვედგინა. ყველას ვურჩევ, წინასწარ მოსინჯონ სასურველი ფერი, რათა შედეგით ბოლომდე კმაყოფილები დარჩნენ“.   

შეცდომა #2: ელექტროგაყვანილობის მოუხერხებელი სისტემა

როგორც მელი ამბობს, დისკომფორტს ქმნის შემოსასვლელი სივრცის განათება, რომლის ყველა წერტილი ერთიანი სისტემით მუშაობს, რაც არც ისე მოსახერხებელია. „ყველაზე მეტად ელექტრობის წერტილების საკითხი მაწუხებს. ბინაში დიდი შემოსასვლელი დერეფანია, სადაც ყველა ნათურა ერთად ინთება და ქრება – იმის მიუხედავად, რომ სამართავი ღილაკი სამ ადგილასაა დამონტაჟებული, სამივე ერთ ფუნქციას ასრულებს. ვისურვებდი, თითოეული ერთ ზონას ანათებდეს, რადგან განათების ერთიანი სისტემა საკმაოდ არაკომფორტულია“, — გვიხსნის მელი.

გარდა ამისა, იმის გამო, რომ დიდი ვიტრაჟების წყალობით, დღის შუქი ბინაში ნებისმიერ ამინდში ჭარბადაა, ღამით კი მხოლოდ დეკორატიული განათება გამოიყენება, ჭერში დამონტაჟებული ელექტროწერტილები, ფაქტობრივად, გამოუსადეგარია.

შეცდომა #3: დიდი ავეჯი პატარა ოთახში

მელი გვირჩევს, ავეჯის შერჩევისას ოთახის ზომები გავითვალისწინოთ, რათა დიდმა ავეჯმა დისკომფორტი არ შეგვიქმნას: „რემონტის პროცესში მივხვდით, რომ ან დიდი საძინებელი უნდა აგვერჩია, ან – დიდი ტერასა. უპირატესობა ტერასას მივანიჭეთ, რის გამოც საძინებელი დავაპატარავეთ, თუმცა ოთახისთვის განკუთვნილი ავეჯი არ შეგვიცვლია. უზარმაზარმა საწოლმა და კარადამ იმხელა ადგილი დაიკავა, რომ მხოლოდ შესასვლელ-გამოსასვლელი ადგილიღა დაგვიტოვა“.

შეცდომა #4: არასაკმარისი სათავსოები

მიუხედავად იმისა, რომ მელიმ სათავსოების რაოდენობა წინასწარ განსაზღვრა, მიიჩნევს, რომ ისინი მაინც არასაკმარისია. „სახლში სათავსოები მრავლადაა, თუმცა, მაინც არასაკმარისია. მივხვდი, რომ ყველა ნივთს სჭირდება შესანახი ადგილი. არ მიყვარს ღიად დატოვებული ნივთები. უმჯობესი იქნებოდა, წინასწარ მომეფიქრებინა, სად შევინახავდი ზამთრის საბანს, ტერასის ბალიშებს, ბავშვის ეტლს, სად მოვათავსებდი კიბეს. მთავარ სათავსო ოთახში თავდაპირველად კარადები არ ჩავაშენებინე. აქ ცხოვრების 6 თვის შემდეგ კი უკვე ზუსტად ვიცოდი, რა ფორმისა და ზომის თაროები მჭირდებოდა, სად რას შევინახავდი და როგორ გადავანაწილებდი ნივთებს“, – აღნიშნავს მელი ბაღდავაძე.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ვინტაჟური აგარაკი შვედეთში

8 კომპანია საქართველოდან, რომლებიც თქვენი ბაღის მოვლაზე იზრუნებს