in

რემონტის შეცდომები – ნია კუტალაძის გამოცდილება

IPS
IPS

ნია კუტალაძე კერძო ეზოიან სახლში გაიზარდა და როგორც ის ამბობს, მისი ოცნება ყოველთვის კორპუსის ბინაში ცხოვრება იყო. როდესაც რამდენიმე წლის წინ ეს ოცნება რეალობად იქცა, ნია დიდი ენთუზიაზმით შეუდგა ახალი საცხოვრებლის მოწყობის პროცესს. დღეს ის სწორედ ამ გამოცდილების შესახებ გვიყვება და გვიზიარებს იმ შეცდომებს, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რემონტის დროს:

შეცდომა #1 – არასწორად შერჩეული იატაკის ფერი

“ვფიქრობ, რომ უმთავრესი შეცდომა იატაკის ფერის შერჩევისას დავუშვი. ძალიან მომწონდა მუქი ფერი, თუმცა ამ ეტაპზე ვთვლი, რომ მან თითქოს ინტერიერი “დაამძიმა”, ვნანობ, რომ ღია, ნატურალური ფერის იატაკი არ მაქვს. ხოლო აბაზანაში პირიქით, ღია კრემისფერი გრანიტის ფილების ნაცვლად, მუქს ან ჭრელ ფერებს ავირჩევდი”.

შეცდომა #2 – კარის სიმაღლე

“სიამოვნებით შევცვლიდი ჩემი ოთახის კარის სიმაღლეს. ვფიქრობ, რომ არასტანდარტულად მაღალი ზომის კარი ბევრად გაალამაზებდა ჩემს სახლს”.

შეცდომა #3 – არასწორად დაგეგმილი რადიატორების რაოდენობა

“გირჩევთ, არ დაუშვათ იგივე შეცდომა და დააყენოთ იმაზე მეტი რადიატორი, ვიდრე ამას ხელოსანი გირჩევთ. როდესაც გამათბობლების რაოდენობა სწორად არის შერჩეული, ეს ბევრად უფრო ეკონომიურიც არის და რაც მთავარია, სახლში სასურველი ტემპერატურაა. იმის გამო, რომ ჩვენმა ხელოსანმა შეცდომაში შეგვიყვანა, არასათანადო ზომის რადიატორი დამონტაჟდა ჩემს ოთახში, რის გამოც სულ მცივა”.

შეცდომა #4 – ფერთა გამა ინტერიერში

“ბინის გარემონტების პირველივე ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ინტერიერი კრემისფერ, ყავისფერ და ნაცრისფერ ტონებში გადაწყვეტილიყო. თუმცა, დღეს ძალიან ვნანობ, რომ არ მეყო სითამამე და თუნდაც მკვეთრი ფერის სავარძლები, სკამები ან ფერადი ფარდები არ გამოვიყენე.

რაც შეეხება კედლების ფერს, თავიდანვე კრემისფერ ტონზე მქონდა აქცენტი, რასაც ძალიან ვნანობ, ვინაიდან ის საკმაოდ პრეტენზიული ფერი აღმოჩნდა. თავიდან რომ ვაკეთებე რემონტს, კედლებისთვის აუცილებლად მხოლოდ თეთრ ფერს გამოვიყენებდი, მითუმეტეს, როცა სახლი არ არის მზიანი, თეთრი კედლები ბევრად ეფექტურია. ამას გარდა, თეთრი, სადა კედლების გახალისება სხვადასხვა დეკორითა და ნახატებით არის შესაძლებელი. მე პირადად, რამდენიმე წელია, რაც დავიწყე ხატვა და ჩემი სახლის გაფორმება ჩემივე ნახატებით იმდენად დიდი სიამოვნებაა ჩემთვის, რომ ეს პროცესი ძალიან მაბედნიერებს”.

შეცდომა #5 – არასწორად განაწილებული დენის წყაროები

“ჩემს სახლში საკმაოდ ბევრი დენის წყაროს წერტილია, თუმცა მხოლოდ აქ ცხოვრების შემდეგ აღოვაჩინეთ, რომ ისეთ საჭირო ადგილებში, სადაც კრიტიკულად აუცილებელია მათი არსებობა, ისინი არ არის. მაგალითად, სამზარეულოში ვერ ვხმარობ ერთდროულად რამდენიმე სამზარეულოს ტექნიკას. ასევე არ არის დენის წყარო ბარის მაგიდასთან, სადაც ის ძალიან საჭიროა (მაგალითად ტელეფონის დასატენად)”.

შეცდომა #6 – განათების არასწორი დაგეგმარება

“მიმაჩნია, რომ განათების გეგმარება აუცილებლად წინასწარ უნდა მოხდეს, ვინაიდან სწორედ ეს დეტალი ქმნის სიმყუდროვესა და კომფორტს, რაც საბოლოო ჯამში, გვანიჭებს სიმშვიდეს სახლში ყოფნის დროს. მე მეგონა, რომ ეს მომენტი გავითვალისწინე. თითქმის ყველა ოთახში თბილი, დეკორატიული სანათები დავდგი, თუმცა საგარდერობე ოთახში აღარ იყო ადგილი და შესაბამისად, არ ვარ კმაყოფილი იმ განათებით, რაც აქ მაქვს”.

შეცდომა #7 – საგარდერობე ოთახის არასწორი გეგმარება

“ჩემი შეცდომა იყო, რომ წინასწარ არ ვიფიქრე იმაზე თუ გარდერობის რომელ სივრცეს რისთვის გამოვიყენებდი. შესაბამისად, სათავსოები სტანდარტული, ზოგადი მიდგომით გაკეთდა. თუმცა, ახლა ვხვდები, რომ ჩემი გარდერობი ჩემივე საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა დამეგეგმა. მაგალითად, ჩანთების თაროებს სხვა განლაგება ესაჭიროება, ფეხსაცმლის თაროებს სხვა ზომა და სიმაღლე. ჩემ შემთხვევაში მგონია, რომ ძალიან ბევრ სივრცეს უბრალოდ ვკარგავ”.

შეცდომა #8 – მუქი ფარდები

“რატომღაც თავიდან არ მიფიქრია ფარდის როლზე, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ინტერიერში. ფარდები ისევ თავიდანვე ჩაფიქრებულ ტონში შევიძინეთ – მუქი ყავისფერი, მათ შორის საძინებელშიც, რასაც უახლოეს პერიოდში აუცილებლად გამოვცვლი და როგორც თხელ, ასევე სქელ ფარდას ღია ტონებში შევიძენ”.

შეცდომა #9 – ხელოსნების უპირობო ნდობა

საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ხელოსნის მიერ ნათქვამი „არ გამოვა“ ხშირ შემთხვევაში, მათი საქმის გამარტივების მცდელობაა და გირჩევთ, ბოლომდე დარჩეთ თქვენს აზრზე და გააკეთოთ ის, რაც თქვენ გიქმნით კომფორტს. მაგალითად მე, სააბაზანო ოთახში ხელოსნის დაჟინებული რჩევის გამო აღარ გავაკეთე იატაკქვეშა გათბობა, რასაც ახლა ძალიან, ძალიან ვნანობ. ასე რომ, დაიცავით თქვენი პოზიცია.

რაც შეეხება ჩემს საბოლოო რჩევებს, დავამატებდი, რომ თუ ფართობი და განლაგება გაძლევთ შესაძლებლობას, სამზარეულო აუცილებლად ცალკე, დამოუკიდებელ ოთახად გააკეთოთ. ასევე არ შეგეშინდეთ ინტერიერში მკვეთრი და თამამი ფერების გამოყენების, ვინაიდან ნეიტრალური ფერები ყოველთვის არ არის გამოსავალი. და ბოლოს, გისურვებთ ისეთ კომფორტულ სახლს, სადაც დილით ღიმილით გაიღვიძებთ და დღის ბოლოს სიხარულით დაბრუნდებით”.

Bat Trang House – VTN Architect-ის ვიეტნამური პროექტი

ჯეფ კუნსი – ბანალური ობიექტების შემქმნელი დიდოსტატი