ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს თათია ქარჩხაძისა და გიორგი ნასყიდაშვილის ბინას. იმის გამო, რომ მათ ახლო კავშირი აქვთ დიზაინთან, საკუთარი სახლის ინტერიერზე თავად იზრუნეს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ძალიან საინტერესო და მიმზიდველი გამოვიდა, რემონტის დროს გარკვეულმა გართულებებმა იჩინა თავი, რომლებსაც დღეს თათია ქარჩხაძე თავად გვიზიარებს.
შეცდომა #1: სიჩქარე
თათია მთავარ შეცდომად სიჩქარეს მიიჩნევს და თვლის, რომ გეგმარებით სამუშაოებს ბევრად მეტი დრო სჭირდებოდა. ამის გამო რემონტის მიმდინარეობისას გარკვეულ სირთულეებს წააწყდა და უკვე ამ პროცესში მოუწია მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა: „როგორც წესი, ყველას ეჩქარება რემონტის დაწყება, მით უფრო დასრულება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს სიჩქარე არც ისე შედეგიანი აღმოჩნდა. ვფიქრობ, დაგეგმვაზე ცოტა მეტი დრო რომ დაგვეხარჯა, შემდეგ შეცდომებსაც თავიდან ავიცილებდით. თითქოს მარტივია და ყველამ ვიცით თუ რა თანმიმდევრობით უნდა ჩატარდეს სამუშაოები ე.წ „თეთრი კარკასის“ შემთხვევაში. თუმცა ზუსტად სიჩქარის გამო, უკვე დაწყებული რემონტის პარალელურად, მაინც ნგრევა და ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო“, — ამბობს თათია.
შეცდომა #2: სახლის პირვანდელი მდგომარეობის არასათანადოდ შეფასება
ჩვენი რესპონდენტი თვლის, რომ თავდაპირველად, სახლის გარკვეული დეტალები არასათანადოდ შეაფასა. მაგალითად, კარ-ფანჯარა უცვლელი დატოვა, თუმცა ახლა ნანობს, რომ კარგად ვერ განსაზღვრა მათი მდგომარეობა — „ბინის შეძენისას კარ-ფანჯარა ნორმალურად მომეჩვენა, თუმცა ახლა ძალიან ვნანობ, რომ არ გამოვცვალეთ და თავიდანვე დეტალურად არ შევამოწმე მათი მდგომარეობა“.
შეცდომა #3: ხელოსნების რემონტის პროცესში მოძიება
იმის გამო, რომ სარემონტო სამუშაოებს წყვილი თავად ხელმძღვანელობდა, კვალიფიციური კადრების მოძიება გზადაგზა უწევდა, რაც ძალიან დამღლელი და რთული აღმოჩნდა. „იმის გამო, რომ არ გვყავდა სპეციალური ჯგუფი, მთლიანად ჩვენ ვმართავდით პროცესს. ხელოსნების მოძიება კი რემონტის მიმდინარეობისას გვიწევდა, ეს კი ძალიან დამქანცველი იყო და სათანადოდ ვერ ვუმკლავდებოდით “, — აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას თათია.
შეცდომა #4: არაპრაქტიკული სანათები
ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ სანათების შერჩევისას უპირატესობა დიზაინს მიანიჭა, მათ პრაქტიკულობას კი არასათანადო ყურადღება დაუთმო, რასაც ახლა ნანობს და ჩვენს მკითხველს ურჩევს, სანათების შეძენისას მხოლოდ ესთეტიკურ ნაწილზე არ კონცენტრირდნენ: „ძალიან ვნანობ, რომ სანათების შერჩევისას ბოლომდე ვერ გავითვალისწინე პრაქტიკულობა, რადგან აღმოჩნდა, რომ „დეკორატიული“ სანათები სივრცეში არასაკმარისია“.