მარი-ლიზ ფერი რამდენიმე წლის განმავლობაში ათვალიერებდა აგარაკებს და ერთხელაც, ორმა მეგობარმა უამბო მას მე-19 საუკუნის ბოლოს საფრანგეთში, სოფელ სენ-სირ-ო-მონ-დ’ორში აშენებული სახლის შესახებ.
2500 კვადრატული მეტრის ფართობის სახლი ძალიან ნათელი და მზიანია. მეზობლად ნეოგოთიკური ეკლესია მდებარეობს. სახლის გასარემონტებლად მარი-ლიზ ფერიმ თავის კოლეგას, არქიტექტორ ფრენსის ჯულიარდს მიმართა.
საბოლოო ჯამში, მე-19 საუკუნის სახლში შეიქმნა სრულიად ახლებური და თანამედროვე გარემო. დიზაინში ჭარბობს სხვადასხვა მუქი ფერი. ბორდოსფერი ჰოლი, ლურჯი ბიბლიოთეკა, ნაცრისფერი მისაღები ოთახი – ასეთია ფერთა გამა სახლში, რომლის ინტერიერიც სავსეა სხვადასხვანაირი ობიექტით.
თითქმის ყველა ოთახი გაფორმებულია ფერადი ხალიჩებით. დიდ ყურადღებას იპყრობს ასევე განათების ელემენტები, რომლებიც იდეალურად ერწყმის ინტერიერის სხვა დეტალებს.
სახლში საკმაოდ უცნაური და ორიგინალური სასადილო სივრცე გვხვდება, სადაც არა ერთიანი მაგიდა, არამედ ორი მრგვალი მაგიდაა. მაგიდების თავზე კი მათივე შესაფერისი, ბურთულებიანი ჭაღები ჰკიდია.
საძინებელიც აგრძელებს სახლის ფერად ხაზს და აქ უკვე გვხვდება მუქი ლურჯი და სალათისფერი თაღი, რომლის მიღმაც მუქი მწვანე საძინებელი იმალება. საძინებლის გვერდით კი განთავსებულია ორი ასევე სალათისფერი რბილი სკამი და კოქტეილის მაგიდა.
ფოტოგრაფი: Patrick Verny