კონსტრუქციული, მკაფიოდ გამოხატული ფორმის, გამჭვირვალე და დიდი ზომის შენობები – ასეთია ცნობილი იტალიელი არქიტექტორის, რენცო პიანოს ხელწერა. ესაა ადამიანი, რომლის სტილმაც დიდი გავლენა მოახდინა არქიტექტურაზე საერთაშორისო მასშტაბით. ამიტომაცაა, რომ იგი დღეს უამრავი ჯილდოს მფლობელია.
რენცო პიანო დაიბადა გენუაში, იტალიაში, მშენებელთა ოჯახში. მისმა ბაბუამ შექმნა ქვის საწარმო, რომელიც ეტაპობრივად მომდევნო თაობებმა გააფართოვეს და დაარქვეს Fratelli Piano. ფირმამ წარმატება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოიპოვა, ის აშენებდა სახლებს, ქარხნებს და ყიდდა სამშენებლო მასალებს. როდესაც მისი მამა პენსიაზე გავიდა, საწარმოს რენცოს უფროსი ძმა, ერმანნო ჩაუდგა სათავეში, რომელიც ინჟინერიას სწავლობდა გენუის უნივერსიტეტში, ხოლო რენცო კი არქიტექტურის ფაკულტეტზე მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში იღებდა განათლებას. მან 1964 წელს დაამთავრა და დაიცვა დისერტაცია მოდულური კოორდინაციის შესახებ.
რენცო პიანო მალევე გახდა ლექტორი პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში 1965 წლიდან 1968 წლამდე, რამაც გააფართოვა მისი ჰორიზონტი, ის ამ დროისთვის უკვე მუშაობდა ორ მსხვილ საერთაშორისო ფირმაში – ფილადელფიაში მოდერნისტ-არქიტექტორ ლუის კანისთვის და ლონდონში პოლონელი ინჟინრის – ზიგმუნტ სტანისლავ მაკოვსკისთვის. მან დაასრულა თავისი პირველი შენობა, IPE ქარხანა გენუაში, 1968 წელს და შექმნა უწყვეტი გარსი მილანის ტრიენალეს პავილიონისთვის იმავე წელს. 1970 წელს პიანომ მიიღო პირველი საერთაშორისო დაკვეთა, იტალიური მრეწველობის პავილიონისთვის, ექსპო 70-ისთვის ოსაკაში, იაპონიაში. ამავდროულად, რენცო თანამშრომლობდა თავის ძმასთან ერმანოსთან და საოჯახო ფირმასთან, რომელიც აწარმოებდა მასალებს.
1970 წლის ოსაკას შენობამ დიდი მოწონება დაიმსახურა ბრიტანელი არქიტექტორის, რიჩარდ როჯერსის მხრიდან. სწორედ ამის შემდეგ, 1971 წელს ორმა არქიტექტორმა გადაწყვიტა, გაეხსნათ საკუთარი ფირმა, Piano and Rogers, სადაც ისინი ერთად მუშაობდნენ 1971 წლიდან 1977 წლამდე. ფირმის პირველი პროექტი იყო ადმინისტრაციული შენობა B&B Italia, იტალიური ავეჯის კომპანია, Novedrate, Como, იტალია. სწორედ მათი გამორჩეული დიზაინების გამო შეირჩნენ ისინი პომპიდუს ცენტრის დიზაინის შესაქმნელადაც.
1977 წელს რენცო პიანომ დაასრულა როჯერსთან თანამშრომლობა და დაიწყო თანამშრომლობის ახალი ეტაპი ინჟინერ პიტერ რაისთან. მათი ერთ-ერთი პირველი პროექტი იყო ოტრანტოს ძველი პორტის რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა მისი სამრეწველო ადგილიდან კომერციულ და ტურისტულ ლოკაციად გადასაქცევად (1977). მათი პირველი მთავარი შენობა იყო მენილის კოლექცია, ხელოვნების მუზეუმში ხელოვნების კოლექციონერის დომინიკ დე მენილისთვის. ამ შენობის მფლობელის მთავარი მოთხოვნა იყო ინტერიერში ბუნებრივი შუქის მაქსიმალურად გამოყენება.
რენცოს სხვა მნიშვნელოვანი ნამუშევრები მოიცავს სან ნიკოლას საფეხბურთო სტადიონს (1990) ბარიში, კანსაის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალს (1994) ისაკაში; აუდიტორია Parco della Musica (2002) რომში და ბეილერის ფონდის მუზეუმს (1992–97) ბაზელში, შვეიცარიაში. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი 21-ე საუკუნის პროექტი, რომელიც გამოირჩევა მწვანე არქიტექტურით, იყო კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიის ახალი შენობა (2008) სან ფრანცისკოს გოლდენ გეითის პარკში.
რენცოს პროექტები ასევე მოიცავდა ურბანული აღორძინების გეგმებს, მათ შორის ტურინში, იტალიის მასიური ისტორიული ქარხნის (2003) გადაკეთებას, ქალაქის სავაჭრო გამოფენისა და კონვენციების ცენტრის უბნად. მან დააპროექტა მრავალი შენობა კულტურული დაწესებულებებისათვის, მათ შორის ნაშერის ქანდაკების ცენტრი (2003) დალასში; ხელოვნების მუზეუმი (2005) ატლანტაში და მორგანის ბიბლიოთეკა (2006) ნიუ-იორკში. ნიუ-იორკში რენცომ ასევე შექმნა ახალი შტაბი The New York Times– ისთვის (2007).
2004 წელს იგი გახდა რენცო პიანოს ფონდის ხელმძღვანელი, რომელიც ეძღვნება არქიტექტურის, როგორც პროფესიის, პოპულარიზაციას. 2008 წლის ივნისიდან შტაბი განთავსებულია მის არქიტექტურულ ოფისთან ერთად პუნტა ნავეში, გენუასთან ახლოს.
2013 წელს შექმნა ახალგაზრდა არქიტექტორთა გუნდი სახელწოდებით G124, რომლის მისიაა მუშაობა იტალიის მთავარი ქალაქების გარეუბნების გარდაქმნაზე. გუნდის წევრები ყოველწლიურად იცვლება საჯარო შერჩევით. პროექტები შემუშავებულია ტურინში, მილანში, პადუაში, ვენეციაში და რომში.
რენცო პიანომ მიიღო მრავალი ჯილდო და პრიზი, მათ შორის იაპონიის ხელოვნების ასოციაციის Praemium Imperiale პრიზი არქიტექტურაში (1995), პრიცკერის არქიტექტურის პრიზი (1998) და არქიტექტორთა ამერიკული ინსტიტუტის ოქროს მედალი (2008).
პიანო ცხოვრობს პარიზში მეორე ცოლთან, მილისთან და ოთხ შვილთან, კარლოსთან, მატეოსთან, ლიასთან და ჯორჯოსთან ერთად.