in

რიჩარდ ნოიტრა — ინოვაციური პროექტების ავტორი

რიჩარდ ჯოზეფ ნოიტრა იყო ცნობილი ავსტრიელ-ამერიკელი არქიტექტორი, რომელმაც სახელი საერთაშორისო სტილის ამერიკულ არქიტექტურაში დანერგვითა და კალიფორნიის თანამედროვე სტილის საცხოვრებელ არქიტექტურაში განვითარებით გაითქვა.

რიჩარდ ნოიტრა 1892 წლის 8 აპრილს ვენაში, ავსტრიაში დაიბადა. იგი ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურას ადოლფ ლუსის ხელმძღვანელობით სწავლობდა. ლუსმა ნოიტრა ტენდენციურ ამერიკულ სტილში განსწავლა. რიჩარდზე განსაკუთრებული გავლენა ფრენკ ლოიდ რაიტის ნამუშევრებმა იქონია. 1919 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს ჯარში მსახურობის შემდეგ, ის მეუღლესთან ერთად გერმანიაში დასახლდა და ცნობილ არქიტექტორთან და დიზაინერთან — ერიხ მენდელსონთან დაიწყო მუშაობა.

1923 წელს რიჩარდი საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდა. ის დასახლდა ჩიკაგოში, სადაც ფრენკ ლოიდ რაიტთან ერთად მუშაობდა. 1925 წელს არქიტექტორი ლოს ანჯელესში გადაბარგდა, ხოლო 1926 წელს საკუთარი პრაქტიკა დააარსა. 1929 წელს მას ლოს ანჯელესში Lovell Health House-ის დიზაინის შექმნა დაევალა, რამაც რიჩარდის ადრეული წარმატება და პოპულარობა განაპირობა. სახლი ნოიტრას განსხვავებული სტილის სიმბოლოდ იქცა.

Neutra VDL Studio and Residences, ლოს ანჯელესი, კალიფორნია
Elkay Apartments, ლონ ანჯელესი, კალიფორნია
Constance Perkins House, პასადენა, კალიფორნია

1946 წელს ნოიტრამ Kaufmann-ის სახლის დიზაინისა და Case Study House Programs-ში მონაწილეობისთვის მოწონება დაიმსახურა. 1952 წელს ის მუშაობდა Moore House-ში ოჯაიში (კალიფორნია). სახლი უდაბნოს შუაგულში მდებარეობდა, ამიტომ აქ წყლის დეფიციტის პრობლემა იყო. თუმცა, წყლის შესანახად და მოსარწყავად ნოიტრამ სახლის პროექტს აუზი დაამატა. მან საცხოვრებელი ოაზისს დაამგვანა და ისე ააშენა, თითქოს ის აუზზე ცურავდა. 1950-იან წლებში ამ დიზაინს AIA-ის ჯილდო მიენიჭა.

Kaufmann Desert House, პალმ სფრინგსი, კალიფორნია

1961 წელს მან წამოიწყო კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი — Gettysburg Cyclorama Centre, რომელმაც ასევე მსოფლიო აღიარება მოიპოვა. მის ყველა დიზაინს აქვს უნიკალური და გამორჩეული თვისება იმისა, რომ ირგვლივ არსებული გარემო, ვერანდების, ეზოების ან ბაღების დამატებით, სახლის ნაწილად აქციოს. ნოიტრა თვლიდა, რომ „არქიტექტურა ადამიანისთვის ბუნებასთან და საკუთარ თავთან ჰარმონიაში დაბრუნების საშუალება უნდა იყოს“.

Cyclorama Building, გეტისბურგი, პენსილვანია
Auerbacher Home, რედლენდსი, კალიფორნია

50-იან და 60-იან წლებში ნოიტრას ეკლესიების, კოლეჯების, უნივერსიტეტების, საბინაო პროექტების, კულტურული ცენტრებისა და საოფისე შენობების მშენებლობა და დიზაინი დაევალა. 1966 წელს მან შვილთან ერთად დააარსა ფირმა, რომელსაც “Richard and Dion Neutra Architects and Associates” დაერქვა.

ამასთან რიჩარდ ნოიტრა სამი წიგნის ავტორია: “Survival through Design” (1954 წ.), “Human and Human Habitat” (1956 წ.) და ავტობიოგრაფია, სახელწოდებით “Life and Shape” (1962 წ.)

Painted Desert Community Complex Historic District, არიზონა
Emerson Community Charter School, ლონ ანჯელესი, კალიფორნია

Jardinette Apartments, ლოს ანჯელესი, კალიფორნია

ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის ტერიტორია, როგორც სიცოცხლით სავსე ცენტრი თბილისში – MUA-ს ნამუშევარი

7 ანტისტრესული იდეა ინტერიერისთვის