2024 წლის „პრიცკერის“ პრემია რიკენ იამამოტოს მიენიჭა, პეკინში დაბადებულ არქიტექტორს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იოკოჰამაში დამკვიდრდა და ღრმა ინტერესი გაუჩნდა არქიტექტურის მიმართ. ბავშვობაში რიკენი ცხოვრობდა სახლში, რომელიც ტრადიციული იაპონური მოდელის მიხედვით შეიქმნა, ჰქონდა აფთიაქი წინა ნაწილში და საცხოვრებელი ფართი მის უკან. ერთი ნაწილი ოჯახს ეკუთვნოდა, მეორე-საზოგადოებას, იამამოტო კი ყველაზე დიდ დროს სადღაც შუაში ატარებდა.
მამის შესახებ მან არც თუ ისე ბევრი იცოდა, რადგან მაშინ გარდაიცვალა, როდესაც რიკენი მხოლოდ ხუთი წლის იყო. გარკვეულწილად, ის ცდილობდა მამის კარიერა გაემეორებინა და ინჟინერი გამხდარიყო, მაგრამ საბოლოოდ, საკუთარი თავი არქიტექტურაში აღმოაჩინა. 17 წლის ასაკში მან მოინახულა ტაძარი ნარაში, რომელიც 730 წელს აშენდა და 1426 წელს განახლდა. იამამოტო ნანახით იმდენად მოიხიბლა, რომ გადაწყვიტა, არქიტექტურის შესახებ უფრო მეტი გაეგო.
1973 წელს მან დააარსა Riken Yamamoto & Field Shop. ამ დროს ხუთი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ნიჰონის უნივერსიტეტი დაასრულა და ორი წელი მას შემდეგ, რაც მიიღო მაგისტრის ხარისხი ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტში. მას შემდეგ იამამოტო გახლდათ მოწვეული პროფესორი სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში, მათ შორის კოგაკუინის უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტში, იოკოჰამას არქიტექტურის სამაგისტრო სკოლაში და ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტში.
კარიერის ადრეულ წლებში არქიტექტორი მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში და კონტინენტებზე საკუთარი მანქანით, თავის მენტორთან, ჰიროში ჰარასთან ერთად. 1972 წელს მან გაიარა ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლი, ეწვია საფრანგეთს, ესპანეთს, მაროკოს, ალჟირს, ტუნისს, იტალიას, საბერძნეთსა და თურქეთს. ორი წლის შემდეგ იმოგზაურა ლოს-ანჯელესიდან მექსიკაში, გვატემალაში, კოსტა რიკასა და კოლუმბიაში, ბოლოს კი პერუმდეც მიაღწია.
მისი პირველი პროექტი იყო Yamakawa Villa (ნაგანო, იაპონია, 1977 წ.), რომელიც ტყეში მდებარეობს. მასში მკაფიოდ იგრძნობა ღია სივრცეები. ამ გამოცდილებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არქიტექტორის მომავალ საქმიანობაზე და მან დაიწყო ისეთი შენობების შექმნა, სადაც მთავარი აქცენტი თაობებსა და კულტურებს შორის კავშირზე კეთდებოდა.
იამამოტოს არქიტექტურას მკაფიო ცენტრალური აქცენტი აქვს: უდავო ინტერესი საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართ. მის მიერ შექმნილი პროექტები იაპონიაში, ჩინეთში, კორეის რესპუბლიკასა და შვეიცარიაში მოიცავს კერძო რეზიდენციებს, ფართომასშტაბიან საცხოვრებელ კომპლექსებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამოქალაქო სივრცეებს. თითოეულ ამ პროექტზე მუშაობისას იამამოტო ცდილობდა, ეპოვა კავშირი ხალხთან და შეექმნა ისეთი საცხოვრებლები, სადაც ადამიანები მაქსიმალურად შეძლებდნენ ერთმანეთთან ურთიერთობას.
ბევრ ქვეყანაში მოგზაურობისა და სხვადასხვა კულტურის გაცნობის შემდეგ, იამამოტო მალევე მიხვდა, რომ ყველას სურდა სოციალური ინტერაქცია, ეს სურვილები კი შენობებში თარგმნა ისე, რომ თითოეული მათგანისთვის თავისუფლება მიენიჭებინა, რაც ღია სივრცეებში გამოხატა. მისი პროექტები ასახავს პატივისცემას ლანდშაფტისა და რელიეფის მიმართ, რაც მარტივი ფორმებით და დახვეწილი სტრუქტურებით მიიღწევა.
რიკენის ნამუშევრებში ხშირია ტერასები, კერძო სივრცეები, ურბანული გადასასვლელები, სახლებს შორის გარდამავალი ზონები და ასე შემდეგ. ამ გზით ის ადამიანებს საშუალებას აძლევდა, დაჰკავშირებოდნენ ერთმანეთს და გაეფართოებინათ სანაცნობო წრეც.
დღეს იამამოტო არის ახლად დანიშნული მოწვეული პროფესორი კანაგავას უნივერსიტეტში, იაპონიაში. 2020-2024 წლებში ის მუშაობდა ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტში, 2007-2011 წლებში კი იოკოჰამის ეროვნულ უნივერსიტეტში. 2018-2022 წლებში რიკენი გახლდათ ნაგოია ზოკეის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტის პრეზიდენტი.
ცნობილი ნამუშევრები
Future University Of Hakodate, Japan, 2000.
Fussa City Hall, Japan, 2008
Tianjin Library, China, 2012
Iwadeyama Junior High School, Japan, 1996.
Gazebo, Japan, 1986