in

რიკენ იამამოტო 2024 წლის „პრიცკერის პრიზის“ მფლობელი გახდა

რიკენ იამამოტო 2024 წლის „პრიცკერის პრიზის“ მფლობელი გახდა. იამამოტო 53-ე გამარჯვებული და მეცხრე არქიტექტორია იაპონიიდან, რომელსაც ასეთი პატივი ხვდა წილად. არქიტექტორის პორტფოლიო შენობების ტიპოლოგიის მთელ რიგს მოიცავს, კერძო რეზიდენციებიდან საზოგადოებრივ პროექტებამდე. მისი ნამუშევრები ღრმად არის ორიენტირებული საზოგადოებასთან სიახლოვესა და ჩართულობაში. სამყაროში, სადაც ადამიანები იზოლაციასა და განცალკევებას ხშირად განიცდიან, იამოტო ქმნის დიზაინს, რომლის ფილოსოფია „ერთი სივრცის გაზიარებაა“.

„ჩემთვის სივრცის ამოცნობა მთელი საზოგადოების ამოცნობაა. ამჟამინდელი არქიტექტურული მიდგომა ხაზს უსვამს კონფიდენციალურობას, თუმცა ჩვენ შეგვიძლია პატივი ვცეთ თითოეული ინდივიდის თავისუფლებას და ვიცხოვროთ არქიტექტურულ სივრცეში ისე, როგორც რესპუბლიკაში და შევქმნათ ჰარმონია ერთმანეთის კულტურისა და ცხოვრების გაზიარებით“, – ამბობს რიკენ იამამოტო.

იამამოტოს არქიტექტურული ხედვებს იზიარებს ალეხანდრო არავენამაც, „პრიცკერის პრემიის“ თავმჯდომარემ და 2016 წლის ლაურეატმა და დაეთანხმა მის მიერ დაწესებულ ეთოსს, რომ ერთ-ერთი რამ, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება მომავალში, არის ისეთი პირობების შექმნა, რომ ადამიანებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ერთმანეთთან ურთიერთობაში.

პრიცკერის პრემია, რომელიც არქიტექტურაში უმაღლეს ჯილდოდ მიიჩნევა და ამ დარგში ნობელის პრემიად ითვლება, 1979 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებლები კი სასტუმრო “ჰაიტის” ქსელის მფლობელები, ჯეი და სიდნი პრიცკერები იყვნენ. პრიცკერების ჯილდო გადაეცემათ იმ არქიტექტორებს, რომლებიც განსხვავებულ, ახალ და ინოვაციურ სიტყვას ამბობენ საკუთარი ნამუშევრებით და მათი შემოქმედება ადამიანთათვის მნიშვნელოვან, სასიკეთო საქმეს ემსახურება. ხელოვანთა პროექტები არქიტექტურის დამოუკიდებელი, წამყვანი ექსპერტების მიერ ფასდება, ლაურეატები კი 100000 დოლარის გრანტთან ერთად, ფორმალურ სერტიფიკატსა და 1987 წლიდან ბრინჯაოს მედალიონს იღებენ.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის „პრიცკერის ჯილდოს“ ჟიურის შემადგენლობაში არაერთი ცნობილი არქიტექტორი და კულტურის მოღვაწე შედიოდა: ალეხანდრო არავენა, ბარი ბერგდოლი, დებორა ბერკი, სტივენ ბრეიერი, კაზუიო სეჯიმა, ვანგ შუ და მანუელა ლუკა-დაციო.

მინიმალისტური სტილის ინტერიერი – 5 პროექტი საქართველოდან

1975 წელს შექმნილი სახლის ინტერიერი ფინეთში, რომელიც დროსა და სივრცეს დღემდე უძლებს