„ეს სახლი ჩემი თავშესაფარია, ის ტენესიში გატარებულ ბავშვობას მახსენებს. როგორც კი ჭიშკრის ზღურბლს გადავაბიჯებ, თითქოს დრო ჩერდება და ვგრძნობ, რომ შემიძლია დავისვენო” – ამბობს რიზი. „აქ სუფთა ჰაერია, არ არის მობილური კომუნიკაცია და ინტერნეტი. რა შეიძლება იყოს უფრო მშვენიერი?“ მსახიობის რანჩო პატარა ქალაქ ოჰაიში, ლოს-ანჯელესის გარეუბანში მდებარეობს.
რიზ უიზერსპუნი და მისი მეუღლე – ჯიმ ტოტი ამ მდიდრულ სახლში შვილებთან (ქალიშვილი – ავა და ვაჟი – დიკონი) შაბათ-კვირას რჩებიან და რანჩოს ხშირად სტუმრობენ. რანჩოს აქვს საცურაო აუზი, ცხენების გასახედნი მოედანი და კოტეჯები სტუმრებისთვის. სახლი თავდაპირველად 1923 წელს აშენდა.
თავდაპირველად ეს იყო არა საცხოვრებელი, არამედ თავლა, რომელიც მინის მაგნატის – ედვარდ ლიბისთვის აშენდა. სწორედ ამიტომ, დღემდე, უიზერსპუნის სამკვიდროს პირველი მფლობელის პატივსაცემად, „ლიბის რანჩოს“ უწოდებენ. სახლის წარსულ დანიშნულებას მხოლოდ ოთახების დიზაინში გამოყენებული ცხენების სურათები გვახსენებს.
რიზს სურდა, რომ ბავშვებს ნამდვილი ბავშვობა ჰქონოდათ: თამაში, ცხოველებთან ურთიერთობა. ეს არის დიდი ფერმა, სადაც ვირების, ცხენების, ღორებისა და ქათმების გარდა, მსახიობს რამდენიმე ძაღლიც ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთს კოკო შანელის სახელი ჰქვია.
ბაღი, რომელშიც გაშენებულია ვარდები, ლავანდა, ჟასმინი და სალბია, ლანდშაფტის დიზაინერმა – ჯეი გრიფიტმა დააპროექტა.
რიზმა საკუთარი სახლის ინტერიერის დიზაინი თავის მეგობარს – დიზაინერ კრისტენ ბუკინგემს მიანდო. მას ტრადიციული სახლის გარდაქმნა ოთახების მოწყობაში თანამედროვე ელემენტების ჩართვით მოუწია. აგურის კედლები, ესპანური ფილები, ბათქაში, ძველი ხის ძელები – კრისტენმა მემკვიდრეობით მიიღო ტრადიციული სახლი ყველა იმ მახასიათებლით, რომელიც ისტორიულ კონტექსტს მოჰყვება.
დღეს მსახიობის სახლი ევროპაში ნაყიდი ანტიკვარებით არის გაფორმებული. მაგალითად, კაბინეტში 1760-იანი წლების მაღალზურგიანი შვედური სავარძლები დგას, მისაღებს კი XIX საუკუნის ინგლისური ტყავის სავარძლები ამშვენებს. გარდა ამისა, დეკორატორმა ყურადღება ოთახების ტექსტილის დიზაინზე გაამახვილა. დიზაინერი, ასევე, ნაწილობრივ 1920-30-იანი წლების ჰოლივუდის ინტერიერის დიზაინს იყენებს.
ამ ჟანრის პრინციპების დაცვით მან ორსართულიანი სივრცე ორ ნაწილად გაყო: მისაღები ოთახი ღრმა დივნებითა და ბუხრით – ადგილი განტვირთვისთვის და ბარი სათამაშო მაგიდით – კომუნიკაციის სივრცე. მეორე სართულზე კი საძინებელი ოთახებია განთავსებული.
საძინებელში ვხვდებით მრავალ ვინტაჟურ ავეჯსა და ანტიკვარულ ნივთს, მაგალითად, 1830-იანი წლების ბუფეტსა და 1920-იანი წლების ჭაღს. იატაკი ხისაა და ზოგიერთ ოთახში თურქული ხალიჩებია დაგებული.
სახლს აქვს ღია ტერასა თავისი სასადილო მაგიდით – აქ ოჯახი მზიან დღეებში სტუმრებს მასპინძლობს.
„ჩემთვის სახლი მხოლოდ ლამაზი ინტერიერი არ არის, ის მედიტაციისა და განტვირთვის ადგილია და, რაც მთავარია, ეს არის სივრცე, სადაც ძალას ვგრძნობ“ – ამბობს რიზი.