in

რკინის კიბე — მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე

რკინის კიბეს ხშირად მიმართავენ გარე თუ შიდა სივრცის მოსაპირკეთებლად და სართულებს შორის გადასაადგილებლად. ის გამოიყენება საცხოვრებელ სახლებსა და კომერციულ ობიექტებზე. რკინის კიბე ასრულებს როგორც მთავარი, ასევე დამხმარე კიბის როლს და საევაკუაციო გზების მოსაწყობად გამოიყენება. რკინის კიბის რამდენიმე მახასიათებლიდან გამომდინარე, მას ბეტონის კიბესთან შედარებით გარკვეულ უპირატესობას ანიჭებენ.

გამძლეობა და ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა — რკინის კიბე ძალიან მყარი და მტკიცე მასალაა, რომლის სასიცოცხლო ვადა მინიმუმ 30-50 წელია. ის ბეტონის კიბესთან შედარებით მსუბუქია, თუმცა უძლებს ძლიერ დატვირთვას და ინტენსიურ გამოყენებას, ამიტომ მონტაჟდება როგორც სახლის შიდა, ისე გარე სივრცეებში.

მაღალი ცეცხლმედეგობა — რკინის კონსტრუქცია არ იწვის, შესაბამისად, არ ქმნის აალების საშიშროებას, რაც უსაფრთხო გარემოს განაპირობებს.

 

მარტივი მონტაჟი — რკინის კიბის მონტაჟი ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი და შესაძლოა ის მშენებლობისა და რემონტის დასრულების მერეც მოეწყოს. ამასთანავე, ის საკმაოდ პრაქტიკულია და მაცხოვრებლის სურვილის მიხედვით მისი ფორმირება/გაფართოება შესაძლებელია.

მოვლის სიმარტივე — რკინის კიბე სპეციალური ანტიკოროზიული ხსნარით მუშავდება, რაც საფარს დაჟანგვისა და დაზიანებისგან იცავს. ეს კი დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნებს მას პირველად სახეს. ამასთანავე, რკინის კონსტრუქციის მოვლა, მაგალითად, ხის კიბესთან შედარებით, მარტივია და არ საჭიროებს განსაკუთრებულ სირთულესა თუ საშუალებებს.

დიზაინის მრავალფეროვნება — რკინის კიბის დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა დიზაინისა და ფორმის კონსტრუქციის მოწყობა. ასევე საფეხურები შეიძლება მოპირკეთდეს ქვითა თუ ხით, რაც მომხმარებლებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს და სხვადასხვა ტიპის ინტერიერსა თუ ექსტერიერს მარტივად ერგება.

რკინის კიბის მონტაჟისას მნიშვნელოვანია ზუსტი ზომების გამოთვლა და სწორი გეგმარება. პირველ რიგში, საჭიროა მყარი საფუძვლის შექმნა, რა დროსაც ისხმება ბეტონის ფუნდამენტი გარე სივრცეში (რომლის ზომა კიბის ზომასა და კონსტრუქციის დატვირთვაზეა დამოკიდებული), ხოლო ინტერიერში კიბის კონსტრუქცია ბეტონის ან ხის იატაკზე მაგრდება. პირველ საფეხურზე კი დამატებითი გამაგრება კეთდება, რათა რკინის კიბემ სიმყარე შეინარჩუნოს და არ იმოძრაოს.

მომდევნო ეტაპზე კიბის კონსტრუქცია ფუნდამენტზე სპეციალური ანკერებით ან ჭანჭიკებით მაგრდება, ხოლო ზედა ნაწილი კედელს ებჯინება. იმ შემთხვევაში, თუ კიბე კედელზე არ მაგრდება, მაშინ საჭიროა რკინის კონსტრუქციის ბოძების მოწყობა, რაც დამატებით სიმყარეს უზრუნველყოფს კიბისთვის. რაც შეეხება შიდა სივრცეს, პრინციპი იგივეა, თუმცა კიბის ზედა ნაწილი მეორე სართულის იატაკზე, სპეციალური სამაგრებითა და ჭანჭიკებით მაგრდება.

სპეციალისტის თქმით, რკინის კიბის მონტაჟისას აუცილებელია სტანდარტული ზომების გათვალისწინება. მაგალითად, კიბის სიმაღლე მინიმუმ 14 სმ-დან უნდა იწყებოდეს, მაქსიმალური სიმაღლე კი სტანდარტულად 20 სმ-ს უნდა აღწევდეს. რაც შეეხება საფეხურის სიგანეს, მისი ზომა 24 სმ-დან 34 სმ-მდე მერყეობს. ხოლო სიგრძე, საშუალოდ, 80 სმ-ია.

კიბის კონსტრუქციის მონტაჟის დროს მნიშვნელოვანია მოაჯირის მოწყობაც, რომლის სიმაღლე მინიმუმ 90-100 სმ იანგარიშება, ხოლო მოაჯირზე ვერტიკალურ ელემენტებს შორის მანძილი სასურველია, არ აღემატებოდეს 10-12 სმ-ს. მოაჯირი კიბის საფეხურზე ან გვერდით კონსტრუქციაზე შედუღებით ან ჭანჭიკით მაგრდება, რათა სიმყარე შეინარჩუნოს. დარგის წარმომადგენელი ასევე გვიხსნის, რომ ექსტერიერის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია რკინის კიბე გადაიხუროს, რათა წვიმამ და ნესტმა მისი დაზიანება და დროთა განმავლობაში დაჟანგება არ გამოიწვიოს.

საბოლოო ეტაპზე, როდესაც რკინის საფარი ანტიკოროზიული ხსნარით იფარება, შემდეგ სასურველი ფერით იღებება. ამასთან ერთად, შესაძლებელია რკინის კიბის საფეხურები განსხვავებული მასალით (მარმარილო, ხე, ქვა) მოპირკეთდეს ან რკინის საფეხურებივე შენარჩუნდეს. რაც შეეხება მასალის ფასს, რკინის კიბის ღირებულება საფეხურებით დაიანგარიშება, ხოლო 1 გრძივი მეტრის ფასი, საშუალოდ, 180 ლარიდან იწყება. საბოლოო ღირებულება კი მოპირკეთებისთვის შერჩეული მასალის მიხედვით ითვლება.

ავტორი: მეკო მეტრეველი

თანამედროვე ინტერიერში გაცოცხლებული კლასიკური ელემენტები ბელგიაში

ფერის ფსიქოლოგია და მნიშვნელობა ინტერიერის დიზაინში — ნუცა ბახტაძის გზამკვლევი