in

როგორ დავგეგმოთ პატარა ბინის დიზაინი – მარიამ ძამაშვილის გიდი

პროფესიონალმა დიზაინერებმა კარგად იციან, რომ  რაც უფრო პატარაა ბინის ფართობი, მით უფრო რთულია მასზე მუშაობა. პატარა ზომის სივრცეებში ყველა დეტალი ნათლად ჩანს, სწორედ ამიტომ, ამ შემთხვევაში თითოეულ სანტიმეტრს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ის, რომ მცირე ზომის ბინაშიც სავსებით შესაძლებელია კომფორტული და სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, ნამდვილად უდავოა. ამისთვის მხოლოდ მონდომება და აღნიშნული დარგის სპეციალისტების ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებაა საჭირო. სწორედ ამიტომ, პატარა ბინის დაგეგმარებასთან დაკავშირებით Homeis.ge დიზაინერ მარიამ ძამაშვილს გაესაუბრა, რომელიც ჩვენს მკითხველს 10 პრაქტიკულ რჩევას სთავაზობს:

1. სწორი გეგმარება

სწორი გეგმარება პატარა ფართობის მქონე ბინის ათვისების საუკეთესო ხერხია. გახსოვდეთ, კარგ ბინად არ ითვლება ის, რომელშიც დიდი ან ბევრი ოთახია. “კარგი ბინა” ისეთი სივრცეა, სადაც იმხელა ოთახებია, რამხელაც საჭიროა – არც მეტი, არც ნაკლები.  მთავარია, ყველა კუთხე სწორად იყოს ათვისებული და იქმნებოდეს სივრცის შეგრძნება.

2. მოძრავი ტიხრები

მცირე ფართობის მქონდე ბინაში სივრცეების სწორად აღქმისთვის და ფართის პრაქტიკული გამოყენებისთვის შესაძლებელია მოეწყოს მოძრავი ტიხრები. მაგალითად, ამ გზით შესაძლებელია საძინებელი მხოლოდ მაშინ გამოიყოს, როდესაც მას ვიყენებთ, ხოლო დღისით ის კვლავ საერთო სივრცის ნაწილად იქცეს. მოძრავი ტიხრები ასევე პრაქტიკული გამოსაყენებელია სამზარეულოს შემთხვევაშიც, რაც ხელს უწყობს საკვების მზადებასთან დაკავშირებული ხმაურისა და სუნის გავრცელების შეკავებას.

3. სწორად შერჩეული ფერები

ცნობილია, რომ ღია და ნათელი ფერების შემთხვევაში, სივრცე უფრო დიდად აღიქმება, ვიდრე მუქი ტონების გამოყენებისას. ამას გარდა, ადამიანის თვალისთვის ცივი ფერები ვიზუალურად უფრო ადიდებს სივრცეს. ამიტომ ჩემი რეკომენდაციაა, მცირე ზომის ინტერიერში გამოიყენოთ ღია, ნათელი და გარკვეულ მომენტებში ცივი ფერები.

4. იატაკი

პატარა ბინაში იატაკის მოწყობა სასურველია ისე, რომ ის გამოვიდეს მაქსიმალურად ერთგვაროვანი, ნაკლები გადაბმებითა და დანაწევრებული დეტალებით. იმ შემთხვევაში თუ ისეთ იატაკს შეარჩევთ, რომელსაც ზოლები აქვს, უმჯობესია თუ ზოლები შესასვლელის მიმართ გრძივად იქნება განლაგებული და არა განივად.

5. მოძრავი და ტრანსფორმირებადი ავეჯი

მცირე ფართობში შესაძლებელია გამოვიყენოთ მარტივად მოძრავი და ტრანსფორმირებადი ავეჯი. მაგალითად, ავეჯი რომელიც კონკრეტულ მომენტში გვჭირდება, ხოლო მოხმარების შემდეგ მარტივად დავკეცავთ ან შევინახავთ ისე, რომ მინიმალური ადგილი დაიკავოს ჩვენს ბინაში. ტრანსფორმირებადი ავეჯის საშუალებით ასევე შესაძლებელია ერთი და იგივე ოთახი სხვადასხვა დანიშნულების სივრცედ ვაქციოთ. მაგალითად, საღამოს საათებში საჭირო საძინებლის ავეჯი დღისით აიკეცოს და მის ნაცვლად გაიშალოს სასადილო მაგიდა.

6. სარკეები

სარკეების გამოყენება ინტერიერში სივრცის ვიზუალურად გადიდების საშუალებას იძლევა. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ამ მხრივ ზომიერებაა საჭირო. სარკეების განთავსება ნებისმიერ ადგილას არ არის მიზანშეწონილი (მაგალითად ჭერზე, ერთმანეთის პირისპის და ა.შ.). ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ სარკეები გამოვიყენოთ ვიწრო ადგილებში, მაგალითად დერეფანში, სველ წერტილებში  და ა.შ.

7. სწორი განათება

დიდი სივრცის გამოსაჩენად ბინის განათება უნდა მოხდეს ისე, რომ სინათლე ჭერზე გადანაწილებული იყოს სწორად და თანაბრად. ლოკალური განათება (ანუ როდესაც სანათი ანათებს კონკრეტულ ადგილს მხოლოდ) ყოველთვის შექმნის მცირე სივრცის შთაბეჭდილებას.

8. კედლის დეკორაცია

კედლის დეკორის შემთხვევაში, სასურველია შპალერის მოხატულობა იყოს ჰორიზონტალური ვიზუალის მქონე, ვინაიდან ამ შემთხვევაში ფართობი უფრო ვრცელი გამოჩნდება. ასევე დეკორაციის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას სწორად შერჩეული პანორამული კედელი (მაგალითად, პერსპექტიული ხედის).

9. სათავსოები

ეცადეთ, მოაწყოთ მაქსიმალურად ბევრი სათავსო. ყველა ჩვენგანს აქვს უამრავი ისეთი ნივთი, რომლებსაც იშვიათად ან საერთოდ არ ვიყენებთ. სწორედ ამიტომ, მათი ორგანიზებულად შენახვა ძალიან მნიშვნელოვანია.

10. ღირებულება

და ბოლოს, მთავარი რჩევა: ზემოთ მოყვანილი 9 პუნქტი გაითვალისწინეთ და გათვალეთ ისე, რომ მათ განსახორციელებლად საჭირო ბიუჯეტი არ აღმოჩნდეს იმდენი, რამდენითაც ბევრად უფრო დიდი ფართის მქონე ბინას შეიძენდით.

 

თანამედროვე ოფისის ინტერიერი თბილისში – “შრე სტუდიოს” პროექტი

Z House – ლორა ზინკის პროექტი არგენტინაში