in

როგორ გადავწყვიტო გასაქირავებელი ბინის ინტერიერი – ანანო კახიანის გიდი

პანდემიამდე გასაქირავებელი ბინების ბაზარი მზარდი იყო და ყველამ ზუსტად ვიცით, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. ბუნებრივია, რაც უფრო ლამაზი, კომფორტული და მყუდროა გასაქირავებელი ბინა, მით უფრო კმაყოფილია სტუმარი და, შესაბამისად, ბინას კარგი გამოხმაურება და რეიტინგი აქვს, რაც თავისთავად კიდევ უფრო მეტ სტუმარს იზიდავს.

გამქირავებლის ამოცანაა, სტუმარმა იცხოვროს სახლში, სადაც სასტუმროს მინიმალური კომფორტია შექმნილი.

როგორ უნდა მივაღწიოთ ამას, ანუ როგორ უნდა გადავწყვიტოთ გასაქირავებელი ბინისთვის ამგვარი ინტერიერის შექმნა?

ამ თემაზე ინტერიერის დიზაინის სტუდია AUKI-ს გენერალურ მენეჯერს, ანანო კახიანს გავესაუბრეთ და მის მიერ მოწოდებულ ძალიან საინტერესო რჩევებს უცვლელად გთავაზობთ:

რჩევები ინტერიერის დიზაინის მოსაწყობად

• გასაქირავებელ ბინაში ავეჯის განლაგების გეგმა უპირობოდ გასათვალისწინებელი კომპონენტია. აუცილებელია სივრცესთან მიმართებაში სწორად და ფუნქციონალური ზონების გათვალისწინებით დაგეგმვა. შესაბამისად, შეძლებისდაგვარად, ნუ დატოვებთ ძველ გეგმარებას, ნუ შეავსებთ და გადაიტანთ გასაქირავებელ სახლში ისეთ ავეჯს, რომელებსაც არც ფუნქციონალური და არც დეკორატიული როლი აკისრია, ან საკუთარ ბინაში აღარ გჭირდებათ.

• თუ საცხოვრებელ სახლში „სათავსოები ზედმეტი არასდროს არაა”, გასაქირავებელ ბინაში ბევრი სათავსო სულაც არ არის საჭირო და თუ ავეჯს სწორად შეარჩევთ, ფულის დაზოგვაც სავსებით შესაძლებელია.

• მეტი სტუმრის მისაღებად კომფორტული გასაშლელი ტახტი მშვენიერი გადაწყვეტილებაა. მაგრამ, თუ ფინანსებში შეზღუდული ხართ, აჯობებს, რომ გასაშლელ ტახტზე უარი თქვათ, რადგან ცუდ გამოხმაურებას ნაკლები სტუმარი გირჩევნიათ.

• მაღალი და დიდი კარადები სივრცეს კიდევ უფრო პატარას ხდის და, საბოლოო ჯამში, ვიღებთ არასასურველ შედეგს, თუმცა, სათავსოებზე მთლიანად უარის თქმა არასწორია, შესაძლებელია ისინი ეფექტურად დავმალოთ ფუნქციონალურ ავეჯში. მაგალითად, საწილის ქვეშ, ან – დეკორატიულ ავეჯში. უნდა გვახსოვდეს, რომ რამდენიმე დღით მოსულ სტუმარს აკმაყოფილებს რამდენიმე თარო და საკიდიც.

• სამზარეულო მიზანშეწონილია რომ იყოს რაც შეიძლება პატარა გაბარიტების; მის ზედა ნაწილში უკეთესია, დიდი სათავსოების მაგივრად მარტივი თაროები გავაკეთოთ, სადაც დალაგებული ჭურჭელი და დეკორაციები ლამაზად იქნება განთავსებული. აი, აქ უკვე საჭიროა ძველი და ლამაზი ჭურჭლის გამოღება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კარადაში გაქვთ შენახული და დიდი ხანია არ გიხმარიათ.

• სამზარეულოში არ არის საჭირო დიდი მაცივარი. შესაძლებელია სამზარეულოს ავეჯის ქვედა ნაწილში პატარა ზომის მაცივრის მარტივად განთავსება, რომელიც ადგილსაც არ დაიკავებს.

• აუცილებელია ავეჯთან მიმართებაში განათების სწორად დაგეგმვა, რადგან სინათლე ძალიან დიდ როლს თამაშობს სივრცეში კომფორტის შესაქმნელად. ბინაში კედლების უბრალოდ გადათეთრება არ შეცვლის განათების სიხშირეს.

• არ დატოვოთ ან დაკიდოთ ძველი ჭაღები. შეცვალეთ და შეუხამეთ ის ახალ ინტერიერს. თუ არ იცით, სად წაიღოთ, გახსოვდეთ, პატრონი ყოველთვის მოიძებნება. კონცენტრირებული მყუდრო განათების შესაქმნელად ტორშერები ყოველთვის დაგეხმარებათ როგორც ვიზუარლუარად, ასევე – განათების მხრივ.

• ბინაში, სადაც გაქვთ აგური, ძველი შპალერი, ან ხით მოპირკეთება, აუცილებლად შეეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ სიძველის იერსახე, ეგზოტიკაც მნიშვნელოვანია. დღევანდელ რეალობაში ისტორიული ავთენტური და ვინტაჟური ნივთები საკმაოდ ფასობს და შესაძლებელია მათი თანამედროვე მოსაპირკეთებელი მასალებით და ავეჯით დაბალანსება.

• სამუშაო მაგიდა და კომფორტული სკამი პანდემიის პირობებში კიდევ უფრო აუცილებელი გახდა. აქამდე თუ ჩვეულებრივი მაგიდა საკმარისი იყო, ახლა სამუშაო კუთხესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუ არ გაქვთ საკმარისი სივრცე, შესაძლებელია დასაკეცი მაგიდის დამზადება, ან პატარა ტახტთან მოსადგმელი მაგიდის ყიდვა. ამით სტუმარი იგრძნობს, რომ მასზე ზრუნავთ.

სარემონტო რჩევები

• სხვადასხვა ტექსტურის და ფერის შემოტანით სივრცეში ჩნდება სიღრმეები და ბინის საბოლოო იერსახე ხდება მიმზიდველი, ამიტომ, თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში მკაფიო ფერის კედლები დამღლელია, გახსოვდეთ, რომ სტუმრისთვის რამდენიმე დღეში დომინანტი ფერის კედლები და ავეჯი მოსაბეზრებელი ვერ გახდება და არც შეაწუხებს.

• მოწესრიგებული სველი წერტილი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ სივრცეს სტუმრები ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ. თანხების დაზოგვას აქ არ გირჩევთ. თუმცა, შესაძლებელია, სასურველი შედეგი ბიუჯეტურ ფასად მივიღოთ და სველი წერტილის კედლების ნახევარი კაფელით მოაპირკეთოთ, ხოლო დანარჩენი – შეღებოთ. არ იხმაროთ კუთხეების დაბოლოებები („უგოლნიკები“) კაფელის გაკვრის დროს. ხელოსანს ყურადღება ამ დეტალზე აუცილებლად გაუმახვილეთ.

• სველ წერტილში პრიალა არეკვლადი ჭერი დიდი ხანია გადავიდა მოდიდან, ამიტომ ეცადეთ, რომ ალტერნატიული გზა მოძებნოთ და თაბაშირმუყაოს ჭერით შეცვალოთ.

• ყურადღება მიაქციეთ სანტექნიკას. თუ ტრაპში წყალი ცუდად გადის, მიუხედავად იმისა, რომ ტრაპი ახალია, მოხსენით რკინა და ამოიღეთ შიგნით არსებული დამცავი. ყველაზე მეტ ცუდ გამოხმაურებას აბაზანაში დაგუბებული წყალი იწვევს.

• გასაქირავებელ სახლებში გირჩევთ გამოიყენოთ ღია ფერის ლამინატი, მუქ ფერზე მტვერი კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინოა და ჭუჭყის განცდას ტოვებს. თუ შესაძლებელია პარკეტის დატოვება, აჯობებს გაარესტავრიროთ და არ მოუსმინოთ ხელოსნის წუწუნს. ფუნქციურად შპალერები ძალიან არაპრაქტიკულია, მალე იცვითება და ცუდად იწმინდება. შესაბამისად, კარგი გამოსავალია კედლების ისეთი საღებავით შეღებვა, რომელსაც დასვრის შემთხვევაში მარტივად გაასუფთავებთ და გადაღებავთ. თუ ბინაში უკვე არსებობს ძველი შპალერი, მაშინ შესაძლებელია მისი გადაღებვაც, ოღონდ შეუთანხდმით ხელოსანს. მაგრამ, აქვე დავამატებდი, რომ დეკორის სახით შპალერის გამოყენება, პირიქით, ძალიან ამდიდრებს და ალამაზებს სივრცეს.

• დაბალჭერიან სახლებში ერიდეთ დიდი „კარნიზების გამოყენებას“, ისინი კიდევ უფრო აპატარავებენ ჭერს.

• მაღალი პლინტუსები ლამაზია და ამაღლებს ჭერს. ეს ვითომ პატარა, მაგრამ ყურადღებამისაქცევი დეტალია. პატარა სივრცისთვის მდფ-ის პლინტუსების შერჩევისას მიაქციეთ ყურადღება, რომ კარი, კარის ჩარჩოები და პლინტუსები ერთ ფერში იყოს შეღებილი.

კონცეპტუალურობა

• თქვენი ბინა აუცილებლად უნდა დაამახსოვრდეს სტუმარს. AIRBNB-ზე განთავსებული ბინების სათაურებში ყურადღება ხშირად ხედზე ან ინტერიერის დეტალებზეა გამახვილებული. ამიტომ იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენი ბინა გამორჩეული იყოს.

• გამწვანება, პოსტერები, დეკორაციები და წიგნები გასაქირავებელი სახლების განუყოფელი ნაწილია. შეარჩიეთ ისეთი მცენარეები, რომლებსაც არ სჭირდებათ პირდაპირი შუქი და ხშირი მორწყვა. ნუ იტყვით უარს მცენარეებზე ამ მიზეზის გამო. მცენარეები არა მხოლოდ კარგია ჩვენი კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისთვის, არამედ მათ ნამდვილად შეუძლიათ გააცოცხლონ ოთახი.

• ნახატების დატოვება ყოველთვის დასანანია, მაგრამ პოსტერები ამ შემთხვევაში კარგი გამოსავალია. მოხატული კედლებიც ძალიან აცოცხლებს და ალამაზებს ბინას. პოსტერების ჩანაცვლებაც მარტივია, სივრცეს კი მიმზიდველს ხდის, შესაბამისად, მეპატრონეც კმაყოფილია და სტუმარიც, განსაუთრებით, თუ იგივე არტისტის ნახატს ქუჩის კედლებზეც გადაეყრება.

ნახატის ავტორი: მუსია ქებურია
ნახატის ავტორი: სალი ნიკოლაიშვილი
ნახატის ავტორი: Dante

• შესაძლებელია კედლის დაფის ეფექტზე შეღებვა, სადაც სტუმარი შეძლებს სხვა სტუმრისთვის რამე ნახატის ან წარწერის დატოვებას. ეს ბავშვებისთვისაც კარგი გასართობია. ასევე, ინტერიერში ინტეგრირებული რამე ინტერაქტიული თამაში, ან სულაც უბრალოდ დასამახსოვრებელი ელემენტები, ან თუნდაც დეკორაციები გაახალისებს და დასამახსოვრებელს გახდის თქვენს ბინას.

ახალგაზრდა ოჯახის ფერებით გამდიდრებული ფერმა-სახლი ბერქშირში

როზეტები და ჩამრთველები სამზარეულოში – როგორ დავგეგმოთ მათი განლაგება