მთლიანად თეთრი ფერის სამზარეულო წარსულს ჩაბარდა, რადგან სახლის მეპატრონეები და ინტერიერის დიზაინერები ფიქრობენ, რომ ამგვარი სტილი მოსაწყენ და ერთფეროვან განწყობას აღვიძებს. სამზარეულო შესანიშნავი ადგილია საინტერესო და მრავალფეროვანი მასალის, ტექსტურირებული ქსოვილებისა და დეკორაციების გამოსაყენებლად, რაც მოსაწყენ თეთრს ახალი შეგრძნებებით გაამდიდრებს. ამას გარდა, სრულად თეთრ ინტერიერში აქცენტების დამატებით შეგიძლიათ სივრცე ვიზუალურად უფრო დიდი გახადოთ.
მთლიანად თეთრ სამზარეულოს სჭირდება გარკვეული ფერები, რაც კონტრასტს შექმნის და სახლის იერსახეს გაამდიდრებს. თეთრი ფერი მუდმივად ელეგანტურად გამოიყურება, თუმცა კონტრასტული ფერები მას კიდევ უფრო გამორჩეულსა და საინტერესოს გახდის. იმისთვის, რომ შთაგონების პოვნის პროცესი გაგიმარტივდეთ, დიზაინერების მიერ მოცემულ რამდენიმე რჩევასა და რეკომენდაციას გაგიზიარებთ.
გამოიყენეთ ფერადი კერამიკული ფილები
მრავალფეროვანი აქცენტების შესაქმნელად იდეალური საშუალება ფერადი კერამიკული ფილების გამოყენებაა. ფილებით შეიძლება სამზარეულოს მხოლოდ ერთი კონკრეტული ნაწილის მოპირკეთება ან სასურველი მოზაიკების შექმნა. მწვანე და ლურჯი ფერები იდეალურად ერგება თეთრ, მონოქრომულ ფერთა სისტემას, სიმშვიდის და კომფორტის გასაღვიძებლად კი დიზაინერები ე.წ. დედამიწის ტონების გამოყენებას გვირჩევენ.
ფერთან ერთად მნიშვნელოვანია ფილების ფორმა და დიზაინიც. თუ ფილებს შორის შოვებს ტოვებთ, ფორმები უფრო გამოკვეთილი ხდება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია პრაიმერისა და მსგავსი სარემონტო მასალების გამოყენება, რათა ფილებს შორის გადაბმები ესთეტიკურად და მიმზიდველად გამოიყურებოდეს.
შეარჩიეთ მარმარილოს ზედაპირები
კიდევ ერთი შესანიშნავი არჩევანი ზედაპირებისა და სხვადასხვა დეტალების მარმარილოს ქვით მოპირკეთებაა. მარმარილო ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება და ამარტივებს წმენდის პროცესსაც, სხვადასხვა კომბინაციების შექმნა კი ხელს უწყობს თეთრ ფერთან კონტრასტის ან პირიქით, ჰარმონიის შექმნას.
ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ მარმარილოს Calacatta Turquoise-ს და Breccia Viola-ს მოდელებს. ასეთი მასალა ცნობილია მისი მსუბუქი და საინტერესო დიზაინით, აქვს ოდნავ იისფერი ან ვარდისფერი ელფერი, რაც უფრო თანამედროვე ინტერიერს ქმნის, ვიდრე კლასიკური თეთრი და ვერცხლისფერი.
შეიძინეთ Zellige ფილები
მარტივ და სადა, თეთრ ინტერიერში ნამდვილად არის რაღაც საინტერესო, მაგრამ იშვიათად ხდება ისე, რომ არ გსურდეთ მასში გარკვეული ცვლილებების შეტანა. Zellige-ს სახელწოდებით ცნობილი ფილები ოთახში საინტერესო ტექსტურების გაცოცხლებაში დაგეხმარებათ. ასეთი სახის ფილა 2023 წლის შემდეგ განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს, აქვს მბზინავი და არათანაბარი ზედაპირი და საკმაოდ ბუნებრივი გარეგნობა.
ამგვარი მასალა გვეხმარება სივრცისა და სიღრმეების შექმნაშიც. თქვენ არ დაგჭირდებათ დამატებით კიდევ რაიმე რთულსა და ფერადზე ფიქრი. Zellige-ს დახმარებით იქმნება განსხვავებული აქცენტები, საბოლოო შედეგი კი საგრძნობლად განსხვავდება უბრალოდ თეთრი ფერის სამზარეულოსგან.
დაამატეთ მუქი ფერები
თეთრი ფერის მუქ ფერებთან შერევა ტენდენციაა, რომელიც მოდიდან თითქმის არასდროს გადადის. ამ სახის სამზარეულოში იქმნება სუფთა და კლასიკური შეგრძნებები, რაც მუდმივად ელეგანტურ და მდიდრულ ინტერიერს უზრუნველყოფს.
შავი ფერის კერამიკული ფილები, ტექნიკა ან ავეჯი მონოქრომატულ თეთრს სრულყოფილ იერსახეს ანიჭებს, სივრცე ფართოვდება, ცალკეული აქცენტები კი კიდევ უფრო დახვეწილი და გამოკვეთილი ხდება. ტერაკოტასა და მსგავსი ტონალობების დახმარებით, ფერთა პალიტრა უფრო ჩრდილოვანი და განსხვავებული ხდება.
გამოიყენეთ ნივთები, რომლებიც სინათლეს კარგად აირეკლავენ
თითოეული ისეთი ნივთი, რომელიც მაღალი ამრეკლავი თვისებებით გამოირჩევა, შესანიშნავი გზაა ერთფეროვანი თეთრი სამზარეულოს გასახალისებლად. ეს სახლის ამ ნაწილს არა მხოლოდ უფრო თანამედროვეს ხდის, არამედ შესანიშნავი გზაა სივრცის გასაზრდელადაც.
სარკისებური ეფექტის მქონე ნივთების არჩევის დროს გასათვალისწინებელია ის დეტალი, რომ მასზე მარტივად ჩანს ლაქები და მტვრის ნაწილაკები, ასე რომ მათ გაწმენდაზე ხშირად და ხანგრძლივად მოგიწევთ ზრუნვა.
თუ მსგავსი სახის ავეჯი, ტექნიკა ან დეკორაციები მოგწონთ, შეგიძლიათ მაღალი ხარისხის სპილენძის ნივთები შეიძინოთ. აღსანიშნავია, რომ სპილენძის მუქი ფერი ძალიან კარგად ერწყმის თეთრი ფერის თვისებებს და აღვიძებს ვინტაჟურ შეგრძნებებს.
რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი