ქსოვილების რეცხვა დიასახლისებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია. იქნება ეს ფარდა, საწოლის გადასაფარებელი თუ რაიმე სხვა, ქსოვილებს აქვთ რეცხვის საკუთარი წესები, რომლებიც ითვალისწინებს რეცხვის სიხშირეს, სარეცხი საშუალებების ფართო არჩევანს და ა.შ.
ფარდის შეძენის შემდეგ სახლი მდიდრულად და დახვეწილად გამოიყურება, თუმცა გადის დრო და ქსოვილზე სხვადასხვა ლაქები ჩნდება, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა მოშორდეს. საქართველოში ბაზარი ფარდების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და მათი შერჩევა ფასის, ფერის, ზომის, ქსოვილისა და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით შეგიძლიათ. გახსოვდეთ, რომ ძვირადღირებული ქსოვილები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გაირეცხოს.
სანამ უშუალოდ რეცხვის პროცესზე გადახვალთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ თუ რომელი ქსოვილისგანაა დამზადებული თქვენი ფარდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ სარეცხი საშუალებებისა და სხვა კრიტერიუმების განსაზღვრა.
რა სიხშირით უნდა გაირეცხოს ფარდები?
ამ კითხვაზე ერთი მარტივი პასუხი არ არსებობს. ფარდების რეცხვის სიხშირე დამოკიდებულია მათ ადგილმდებარეობასა და მასალაზე. ბავშვების ოთახში ფარდები უფრო ხშირად უნდა გაირეცხოს, რათა არ მოხდეს მტვრისა და სხვა ნაწილაკების დაგროვება. ამ შემთხვევაში ოთახში ფარდების რეცხვა რეკომენდებულია 2-3 თვეში ერთხელ.
სამზარეულოს ფარდებზე მარტივად ჩნდება ცხიმისა და ჭუჭყის ლაქები, ამიტომ ისინი დაახლოებით 3-4 თვეში ერთხელ უნდა გარეცხოთ.
რაც შეეხება დანარჩენ ოთახებს, ფარდების წელიწადში რამდენჯერმე გარეცხვა სრულიად საკმარისია.
რა შეგვიძლია გავითვალისწინოთ ნებისმიერი მასალის ფარდისთვის?
არსებობს რამდენიმე უნივერსალური რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი მასალის ფარდის გარეცხვაში.
- თუ ფარდა არ არის ძალიან დასვრილი და მასზე მხოლოდ მტვერს ხედავთ, შეგიძლიათ ის თბილი წყლით გაჟღინთოთ.
- ფარდები უნდა გაირეცხოს გახეხვისა და ძალდატანების გარეშე.
- ფარდების გაწმენდა შეგიძლიათ მტვერსასრუტითაც, თუმცა ისინი უნდა გაიწმინდოს ორივე მხრიდან.
- ფარდები უნდა გაშრეს ვერტიკალურ მდგომარეობაში.
- გარეცხილი ფარდების ჩამოკიდების დროს, ისინი ჯერ კიდევ სველი ან ოდნავ ნესტიანი უნდა იყოს.
როგორ გავრეცხოთ სხვადასხვა ქსოვილის ფარდები სწორად?
აბრეშუმი ძალიან დელიკატური მასალაა, თუმცა აბრეშუმის ფარდები სახლს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ეს ქსოვილი საჭიროებს სათანადო დამუშავებას და მისი სარეცხის მანქანაში გარეცხვა შესაძლებელია, თუმცა გარკვეული წესების დაცვით. რეცხვის დროს ტემპერატურა 30 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს და მისი გარეცხვა მხოლოდ დელიკატური რეცხვის რეჟიმზეა რეკომენდებული. გარეცხვის შემდეგ, ერიდეთ საშრობების გამოყენებას და დაკიდეთ ფარდები ვერტიკალურ მდგომარეობაში, რათა ისინი ბუნებრივად გაშრეს.
ხავერდის ქსოვილი მძიმე და მკვრივია და იმის განსაზღვრა, შეიძლება თუ არა ფარდის სარეცხის მანქანაში გარეცხვა, მის ეტიკეტზე დატანებული ნიშნითაა შესაძლებელი. თუმცა, გირჩევთ, რომ ხავერდის ფარდები ორთქლის საწმენდების გამოყენებით გაასუფთაოთ. ხავერდოვანი ფარდები, რთული მასალის გამო, სარეცხ მანქანაში იშვიათად ირეცხება, საყოფაცხოვრებო ქიმიკატები აფუჭებს მის სტრუქტურას და იწვევს ქსოვილის დეფორმაციას.
ბამბის ქსოვილისგან დამზადებული ფარდების გარეცხვა შესაძლებელია ასევე დელიკატურ რეჟიმზე, სარეცხის მანქანაში, თუმცა რეცხვის დროს ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 40 გრადუსს. ამ სახის ქსოვილის გაუთოება ხდება დაახლოებით 60 გრადუს ტემპერატურაზე და მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ნესტიანია.
ტილოს ფარდები კიდევ ერთი სახეობაა, რომელიც ბამბის ფარდების მსგავსად ირეცხება. ამ მასალას დელიკატური რეცხვის რეჟიმი და დაახლოებით, 40 გრადუსი ტემპერატურა სჭირდება.
შალის ფარდების გარეცხვას გირჩევთ მხოლოდ ხელით და რეცხვის დროს წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30 გრადუსს, რადგან ზედმეტი სითბო მატყლის დეფორმაციას იწვევს.
ვისკოზა კიდევ ერთი და საკმაოდ გავრცელებული მასალაა, რომელსაც ძირითადად ისეთ ადგილებში ვხვდებით, სადაც მაღალი ტენიანობაა. ვისკოზას ფარდების გარეცხვა შესაძლებელია სარეცხის მანქანაში, 40 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე. ამ ქსოვილის ფარდების დაუთოება შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ სველი ქსოვილის საშუალებით, რომელიც გაუთოვების დროს ფარდაზე უნდა მოთავსდეს.
შეჯამების სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფარდების გარეცხვა, საშუალოდ, ყოველ 5-6 თვეში ერთხელ არის რეკომენდებული, თუმცა, მათ გარეცხვამდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თუ რა ქსოვილისგან არის დამზადებული თქვენი ფარდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ რეცხვის პროცესი.