სახლში ჭიანჭველების არსებობა საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. ისინი სწრაფად მრავლდებიან და ბევრად უფრო სახიფათოები არიან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ჭიანჭველები ატარებენ სხვადასხვა ინფექციებს და მათმა ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები. ამას გარდა, მათ გადააქვთ საკვების ნარჩენები და ტოვებენ მოფარებულ ადგილებში, რაც იწვევს ლპობას და ობის გაჩენას. შესაბამისად, ამ ერთი შეხედვით, უწყინარი მწერების მომრავლება სახლში ბევრ პრობლემას იწვევს. თუმცა, გამოსავალი არსებობს და დღეს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ.
მანამ, სანამ ჭიანჭველებთან ბრძოლას დაიწყებდეთ, მათ შესახებ რამდენიმე დეტალი უნდა იცოდეთ.
რამდენ ხანს ცოცხლობენ ჭიანჭველები?
ზრდასრული, მდედრი ჭიანჭველა დაახლოებით 10 თვის განმავლობაში ცხოვრობს და მისი მთავარი ამოცანა ბუდეში კვერცხების დადებაა. ასეთი ჭიანჭველა ზომით ყველაზე დიდია და არასდროს ტოვებს ბუდეს. ასევე, ერთ ბუდეში შეიძლება ცხოვრობდეს რამდენიმე დედოფალი.
მუშა ჭიანჭველები შედარებით პატარა ზომის არიან და მათი მთავარი ამოცანაა, რომ დედოფალ ჭიანჭველას საკვები მიუტანონ. სახლში ჭიანჭველების სწორედ ეს სახეობაა გავრცელებული და ისინი დაახლოებით 60 დღის განმავლობაში ცოცხლობენ.
როგორ ჩნდებიან სახლში ჭიანჭველები?
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც შეიძლება, სახლში ჭიანჭველები გაჩნდნენ. ისინი შეიძლება მოვიდნენ მეზობელი სახლებიდან ან გამოგყვნენ მაღაზიიდან, სასურსათო პროდუქტებთან ერთად.
მწერებს იზიდავს ნარჩენი საკვებიც. თუ თქვენ საკვებს მაცივარში არ ინახავთ, მაშინ ჭიანჭველების გაჩენის რისკი იზრდება.
სახლში თავდაპირველად ჩნდებიან ე.წ “მზვერავი” ჭიანჭველები, რომელთა მთავარი მიზანია, რომ გაარკვიონ, გაქვთ თუ არა საკმარისი საკვები. თუ საკვები საკმარისადაა, მაშინ ყველა სხვა ჭიანჭველა თქვენს სახლში გადმოვა საცხოვრებლად. ჭიანჭველები სახლში შემოდიან სავენტილაციო სისტემიდან ან კარისა და ფანჯრის ბზარების გავლით.
როგორ ვიპოვოთ ჭიანჭველების ბუდე?
ჭიანჭველების ერთხელ და სამუდამოდ მოსაშორებლად, პირველ რიგში, მდედრები უნდა მოიშოროთ, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ახალ შთამომავლობას. ამისათვის თქვენ უნდა იპოვოთ და გაანეიტრალოთ ბუდე. ჭიანჭველების კოლონია შეიძლება განთავსდეს შემდეგ ადგილებში:
- სადაც არის საკვები: სამზარეულოში და კარადებში;
- ბნელ და ძნელად მისადგომ ადგილებში;
- ჭიანჭველებს უყვართ ტენიანობა და ამიტომ ხშირად აქვთ ბუდეები აბაზანაში;
- მათ ასევე უყვართ სითბო, ამიტომ ბუდე შეიძლება იპოვოთ ღუმელის ქვეშ და გათბობის რადიატორების მახლობლად;
- ბუდის ადგილმდებარეობის გასარკვევად უბრალოდ მიჰყევით ჭიანჭველებს, ისინი თავად მიგიყვანენ სახლამდე.
როგორ გავანადგუროთ ბუდე?
ბუდის განადგურების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი მეთოდები:
- ბუდე ამოავსეთ მდუღარე წყლით, მაგრამ დარწმუნდით, რომ დედოფალი ნამდვილად განადგურებულია.
- მდუღარე წყლის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ინსექტიციდური აეროზოლი. ის შეიცავს შხამებს, როგორიცაა ციპერმეტრინი, დელტამეტრინი, პიპერონილ ბუტოქსიდი. დამუშავებისას ატარეთ დამცავი ნიღაბი და მოარიდეთ ბავშვებსა და ცხოველებს.
თუ ბუდე ვერ იპოვეთ, მაშინ მუშა ჭიანჭველებს უნდა ებრძოლოთ. ისინი მოძრაობენ კედლების გასწვრივ, ავეჯის უკან, საკვებისა და სანაგვე ურნების მახლობლად და უყვართ სამზარეულოში და აბაზანაში ცხოვრება. ასეთ ჭიანჭველებთან საბრძოლველად გამოიყენეთ მათთვის ტოქსიკური ნივთიერებები.
როგორ ვებრძოლოთ მუშა ჭიანჭველებს ხალხური საშუალებების გამოყენებით?
ჭიანჭველებთან საბრძოლველად ხალხურ საშუალებებს გირჩევთ, რადგან ისინი ხელმისაწვდომია და რაც მთავარია, უსაფრთხოა თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.
შაქარი სოდასთან ერთად
აიღეთ ერთი სუფრის კოვზი შაქარი და ამავე რაოდენობის სოდა. შეურიეთ ერთმანეთს და მიღებული ფხვნილი დაყარეთ ფურცელზე. განათავსეთ ფურცელი იქ, სადაც ჭიანჭველები ხშირად მოძრაობენ. ჭიანჭველები ფხვნილს ბუდეში მიიტანენ, მის შემადგენლობაში შემავალი სოდა კი მწერების სიკვდილს გამოიწვევს.
ბურთები ბორის მჟავით
ამ ბურთების მოსამზადებლად დაგჭირდებათ სამი ცალი მოხარშული კვერცხის გული, ორი სუფრის კოვზი თაფლი და 10 გრამი ბორის მჟავა.
შეურიეთ ინგრედიენტები, მიღებული მასა გააბრტყელეთ პატარა ბურთულებად და მოათავსეთ სამზარეულოში, აბაზანაში და ჭიანჭველების თავშეყრის სხვა ადგილებში. ბორის მჟავა გაანადგურებს ჭიანჭველების საჭმლის მომნელებელ სისტემას.
საფუვრის ბურთულები
ეს კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა ჭიანჭველების მოსაშორებლად. მის მოსამზადებლად შეურიეთ შაქარი, წყალი და საფუარი. მიღებული პასტა გააბრტყელეთ პატარა ბურთულებად და მოათავსეთ სახლის კუთხეებში.
მცენარეები
ჭიანჭველებს არ უყვართ ყვავილებისა და მცენარეების სურნელი. ყველაზე ეფექტურია გვირილა, პიტნა, კამა და ოხრახუში. მცენარეები განათავსეთ სამზარეულოში, აბაზანაში და ავეჯის კიდეებთან ახლოს.
შეჯამების სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭიანჭველებთან ბრძოლის საუკეთესო და ყველაზე ეფექტური გზა მათი ბუდის პოვნა და განადგურებაა, თუმცა, თუ ბუდეს ვერ იპოვით, გირჩევთ, ხალხური საშუალებების გამოყენებას, რადგან ისინი არ შეიცავენ ქიმიკატებსა და სხვადასხვა ტოქსინებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს.