in

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს კარადების ფასადი? -რამდენიმე ოქროს რჩევა

ფასადები სამზარეულოს ავეჯის ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ისინი შეიძლება იყოს ნეიტრალური ან ექსპრესიული, კლასიკური ან მინიმალისტური, ტრენდული ან პრაქტიკული და, თუნდაც, დროებითი. დღის კი ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორი ფასადები უნდა შეარჩიოთ სამზარეულოსთვის, თქვენი ბიუჯეტისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით.

ბუნებრივი

თუ ესთეტიკა და სტატუსი თქვენთვის მთავარი პრიორიტეტია, მაშინ მყარი ხის ფასადები შეგეფერებათ. ეს მასალა ინტერიერში ყოველთვის პრესტიჟულად გამოიყურება, რაც გასაკვირი არ არის, რადგან მყარი ხის ფასადები ყველაზე ძვირია. ისინი შეესაბამება როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე მინიმალისტურ პროექტებს. დღეს აქტუალურია ხის არა მხოლოდ ღია, არამედ ყველა ბუნებრივი ელფერი. მისასალმებელია მათი ერთ სივრცეში შეხამებაც.

ასეთი ფასადები გამოირჩევა არა მხოლოდ პრეზენტაბელურობით, არამედ გამძლეობით, თუმცა მხოლოდ სათანადო პირობებში. სილამაზე მოვლას მოითხოვს. ამ მასალას არ მოსწონს მზის პირდაპირი სხივები და შეიძლება გაიბზაროს, თუ სამზარეულოს მიკროკლიმატი მისთვის შესაფერისი არ იქნება. მას არ უყვარს ტენიანობა და ძალიან მშრალი ჰაერი, განსაკუთრებით უსიამოვნოა ტემპერატურის ცვლილებები, რაც სამზარეულოსთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.

ხის ფასადებს ზაფხულში დეფორმაციისგან იცავს რეგულარული განიავება, ხოლო ზამთარში — ჰაერის დამატენიანებელი. ისინი ჯერ სველი, შემდეგ კი მშრალი ქსოვილით უნდა გაიწმინდოს, ამასთან, ორთქლთან და ცხელ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტისგან დაცული უნდა იყოს. თქვენი სამზარეულოს ავეჯი მაქსიმალურად გამძლე იქნება, თუ შეარჩევთ სანდო მწარმოებელს, რომელიც მასალის მაღალხარისხიან გამოშრობას უზრუნველყოფს — ეს ხეს საშუალებას აძლევს, თავდაპირველი სახე მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს. გარდა ამისა, ასეთ ფასადებზე ნაკაწრების საკუთარი ხელით შეკეთება ადვილია და მათი შეღებვაც შესაძლებელია.

კლასიკური

რა ფასადები შევარჩიოთ სამზარეულოსთვის, თუ ხე ძალიან რთულად მოსავლელი ან ძვირი გეჩვენებათ, თუმცა, ამავდროულად, ტრადიციული იერსახის მიღება გსურთ? ამ შემთხვევაში შესანიშნავი ვარიანტია მერქანბურბუშელას ფილა, რომელიც ბუნებრივი ვინირით არის დაფარული.

ასეთი ფასადები შეიძლება ჩანდეს ისეთივე მყარი და ბუნებრივი, როგორც წინა ვარიანტი. ხოლო თუ მერქანბურბუშელას ფილის ნაცვლად მერქანბოჭკოვან ფილას აირჩევთ, ფასადების კიდეებს ტენიანობა ვერ დააზიანებს და ისინი დიდხანს გაძლებს.

მერქანბოჭკოვანი ფილა საკმაოდ მკვრივია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მისგან ტრადიციული პანელები ამოჭრათ და ის ლაქით დაფაროთ. ასევე შეგიძლიათ, ეს მასალა მუქ, მდიდარ ელფერში შეღებოთ და ბუნებრივი ხის ღირსეული ალტერნატივა მიიღოთ.

ტრენდული

თუ გსურთ შექმნათ ისეთი სამზარეულო, როგორიც ჟურნალების გარეკანებზე გინახავთ, ტრენდებზე ორიენტირდით. 2023 წლის სამზარეულოს „რჩეულ ჰიტებს“ მოხრილი და გოფრირებული ფასადები წარმოადგენს. ეს უკანასკნელი ვიზუალურად ამდიდრებს სივრცეს, სამზარეულოს კომპლექტს მოკრძალებულ დეკორატიულ ეფექტს სძენს.

გოფრირებული ფასადების დამზადება შესაძლებელია მყარი ხისგან, მაგრამ მოდური რელიეფის მომრგვალებულ კუთხეებთან შერწყმის საშუალებას მხოლოდ მერქანბოჭკოვანი ფილები მოგცემთ.

კიდევ ერთი გზა მოდური სამზარეულოს შესაქმნელად აქტუალური ელფერის შერჩევაა. ახლა ტრენდულია ნეიტრალური ბუნებრივი ტონები, სალბისფერი და ცხარე სანელებლების ელფერები.

პრაქტიკული

თუ თქვენთვის პრიორიტეტი პრაქტიკულობაა, პირველ რიგში უარი თქვით პრიალა ზედაპირებზე. იგივე ეხება ლითონის ფასადებს, რომლებიც სულ უფრო პოპულარული ხდება და მხოლოდ ტექნიკურ სამზარეულოებში აღარ გამოიყენება. დიახ, ისინი მყარი და ცეცხლგამძლეა, მაგრამ ეს თვისებები სახლის სამზარეულოსთვის მთავარ პრიორიტეტებს არ წარმოადგენს.

თუ მოვლის სიმარტივეზე ხართ კონცენტრირებული, მოჩუქურთმებულ და რელიეფურ ზედაპირებზე უარი უნდა თქვათ. დახვეწილი, მინიმალისტური ფასადები ლაკონიური სახელურებით ან მათ გარეშე ამ მხრივ ყველაზე მარტივი ვარიანტია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრაქტიკულობისთვის უმჯობესია, უპირატესობა მიენიჭოს არა მერქანბურბუშელას ფილას ან მყარ ხეს, არამედ მერქანბოჭკოვან ფილას. შეარჩიეთ ეს უკანასკნელი მქრქალი საფარით, იქნება ეს საღებავი, ფირი თუ პლასტმასა. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ ამ სასურველი საფარების გამოყენების შემთხვევაშიც კი შეიძლება პრობლემები წარმოიშვას. საღებავს აზიანებს ტუტეები, დაბალი ხარისხის PVC ფილები მაღალ ტემპერატურაზე ცვდება ისევე, როგორც დაბალხარისხიანი პლასტმასა დროთა განმავლობაში.

დროებითი

ფასადებზე ფულის დაზოგვა არ ღირს, რადგან ისინი სამზარეულოში ყველაზე თვალსაჩინო ადგილს იკავებს. თუმცა, ისინი მიეკუთვნება ელემენტებს, რომლებიც შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიცვალოს. თუ ბიუჯეტი შეზღუდულია, უმჯობესია ავეჯის სხვა ნაწილებზე ფული არ დაზოგოთ და დროებითი ფასადები შეიძინოთ.

ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტია მყარი კარები, რომლებიც დამზადებულია მერქანბურბუშელას ფილისგან და ფირით არის დაფარული. მინის ჩანართებისა და პანელების არარსებობა ასევე შეამცირებს პროექტის ღირებულებას. გარდა ამისა, შეგიძლიათ კარადებზე საერთოდ უარი თქვათ და ისინი მოდური, იაფი ალტერნატივით — ღია თაროებით ჩაანაცვლოთ.

იმისთვის, რომ ფასადები ყალბად და იაფფასიანად არ გამოიყურებოდეს, უარი თქვით ხის ან მარმარილოს იმიტაციაზე — ისინი რეალისტური არ ჩანს. უმჯობესია შეარჩიოთ მდიდარი, მოდური ელფერი და ჩვეულებრივი, ლითონის სახელურის ნაცვლად, რაიმე საინტერესო მოდელზე ორიენტირდეთ.

დაბოლოს, სანამ სასურველ ფასადს შეარჩევთ, პირველ რიგში, გადაწყვიტეთ, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული, სწორედ ეს დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

8 ადგილი თბილისში, სადაც აბაზანას შეიძენთ

სენსორული ონკანის უპირატესობები და ნაკლოვანებები