in

როგორ შევარჩიოთ ნახატები ინტერიერისთვის? – რამდენიმე პრაქტიკული რეკომენდაცია

როდესაც საქმე თქვენი სახლის პერსონალიზაციას ეხება, ცოტა რამეს თუ შეუძლია ისეთი გავლენის მოხდენა, როგორც ვინტაჟურ ნახატებს. მიუხედავად იმისა, მონეთი ინსპირირებული კლასიკოსი ხართ, თუ უპირატესობას ანტიკური პორტრეტების უცხო ხიბლს ანიჭებთ, არჩევანი, რომელსაც კედლების მორთვის დროს აკეთებთ, თქვენ შესახებ ბევრს ამბობს. თქვენი პირადი მისწრაფებების ინტერიერის დეკორაციაში გამოყენება, შეიძლება რთული იყოს, რადგან ყველა ნახატი (რამდენადაც საყვარელი არ უნდა იყოს თქვენთვის) ნებისმიერ სივრცეს არ მიესადაგება.

რა უნდა გაითვალისწინოთ სივრცისთვის ნახატის შერჩევისას?

თქვენი სახლის არქიტექტურა

ხელოვნების ნიმუშების შერჩევა უაღრესად პირადი პროცესია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს სივრცეს ამ საკითხში გარკვეული მინიშნებების მოცემა არ შეუძლია. მოდერნისტული არქიტექტურა ბუნებრივად ავსებს უფრო თანამედროვე ხელოვნებას, ხოლო ტრადიციული არქიტექტურა აძლიერებს ვინტაჟურ ხელოვნებას, მათ შორის ძველ პეიზაჟებსა და პორტრეტებს. ნახატის შეძენამდე თქვენი სივრცის არქიტექტურის ასაკი გაითვალისწინეთ. თუმცა, გახსოვდეთ – მკაცრი წესები აქ არ არსებობს.

ფერი

კიდევ ერთი ატრიბუტი, რომელსაც ნახატის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ არის ფერი. მაგალითად, თუ თქვენი ოთახი ძირითადად ე.წ. მიწის ტონებით არის გაჟღენთილი, ნეონის ნახატი, შეიძლება, ესთეტიკურად ცოტა დამღლელი იყოს.

ზომა

ისეთი ნახატის შეძენა, რომელიც თქვენი სივრცისთვის ზედმეტად პატარაა, სასურველი არ არის. თუ ნახატის პატარა კედელზე განთავსებას არ აპირებთ, უმჯობესია არჩევანი დიდი ზომის ნამუშევარზე შეაჩეროთ. იდეალურ შემთხვევაში, სასურველია, სრული კედლებისთვის 60 x 60 სმ სიდიდის ან უფრო დიდი ნახატი გამოიყენოთ. თუ პატარა ნამუშევრებს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ შეიძინეთ რამდენიმე ნახატი, რათა ერთგვარი კოლაჟი შექმნათ.

ვინტაჟური ფერწერის ვარიანტები

პეიზაჟი

აკრილის პეიზაჟების გამოყენებით, ცუდი ხედის მქონე ბინაც კი შეიძლება ისეთი თვალწარმტაცი გახდეს, როგორც სახლი, რომელიც ულამაზეს გარემოშია აშენებული. პეიზაჟებს ხედი შემოაქვს იქ, სადაც ის არ არის, სწორედ ეს არის ამ ჟანრისადმი ადამიანების დიდი სიმპათიის მიზეზი. დიზაინერებს ინტერიერში ვინტაჟური ფერმისა და სანაპიროს ესთეტიკის მქონე პეიზაჟური ნამუშევრების გამოყენება განსაკუთრებით უყვართ.

პორტრეტი

პორტრეტებში უდავოდ არის რაღაც მიმზიდველი. მიუხედავად იმისა, თუ სად განათავსებთ პორტრეტს, ის პრაქტიკულად ყველა გარემოში მთელ ყურადღებას თავისკენ მიიზიდავს. განიხილეთ პორტრეტის ინტერიერში ჩართვის შესაძლებლობა მაშინაც კი, თუ თქვენი ესთეტიკა უფრო თანამედროვეა და არა ტრადიციული.

აბსტრაქცია

აბსტრაქტული ნახატები იდეალურია ოთახის დინამიზმით გასაჟღენთად. ასეთი ნახატების უმეტესობა სივრცეს მოძრაობის ძლიერ გრძნობას სძენს და მას ფერებით ავსებს. აბსტრაქტული ნამუშევრების ფორმებზე ფოკუსირება ასევე აადვილებს თქვენს ოთახში უკვე დამკვიდრებული ფორმების გაძლიერებას. მაგალითად, ოთახისთვის, სადაც მართკუთხა ფორმები ჭარბობს, შესაბამისი გამოსახულებების გამომხატველი აბსტრაქტული ხელოვნების ნიმუშის პოვნა არ გაგიჭირდებათ. თუ ტრადიციულ სივრცეში აბსტრაქტული ნამუშევრის განთავსებას აპირებთ, უმჯობესი იქნება, თუ მას კლასიკურ ჩარჩოში ჩასვამთ – ეს ანაქრონიზმის გადასალახად მარტივი გამოსავალია.

კედლის მხატვრობა როგორც სივრცის დეკორირების ტრენდული ხერხი – ქეთევან ლობჯანიძის გამოცდილება

ბინა ჯიქიაზე მწვანე ტონებით – თამარა წითლიძის ნამუშევარი