ოთახისთვის ფერის არჩევა ადვილი საქმე არ არის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თანამედროვე ბაზარი ფერთა ტონალობების სიმრავლით გამოირჩევა. ასე რომ, თუ არ იცით საიდან დაიწყოთ კედლისთვის საღებავების შერჩევა, სჯობს თქვენს ავეჯსა და ნივთებს გადახედოთ. ხის შემთხვევაში, ჭკვიანურია კონტრასტული აქცენტების შექმნა, ხოლო სხვა ბუნებრივი მასალისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ქვა, უმჯობესია მსუბუქი და ჰაეროვანი ელფერები.
მიუხედავად იმისა, თუ როგორი სტილის სამზარეულოს ან მისაღებს ანიჭებთ უპირატესობას, საწყის ეტაპზე გამოცდილი ინტერიერის დიზაინერების რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ. დღევანდელ სტატიაში რამდენიმე სასარგებლო რეკომენდაციას გაგიზიარებთ იმისთვის, რომ თქვენს სურვილებსა და გემოვნებაზე მორგებული საცხოვრებელი სივრცე მოიწყოთ.
ღია ფერის ხეს უხდება ვარდისფერი
თუ სახლში ხის იატაკის საფარი გაქვთ, ვარდისფერი ტონები ინტერიერში საინტერესო ხასიათს აღძრავს. ეს ორი ფერი განსაკუთრებით უხდება ერთმანეთს და ჰარმონიულ ატმოსფეროს ქმნის.
მუხისა და ფიჭვის ფერები და მუქი მწვანე
მუხაც და ფიჭვიც ხის შედარებით მუქი და თბილი ტონალობაა. ორივე მათგანს განსაკუთრებულად უხდება მომწვანო დეტალები, რადგან ამ გზით სახლში ბუნებასთან ურთიერთობის შეგრძნება იქმნება.
მუქი ყავისფერი და ღია ცისფერი ან ნეიტრალური ფერები
ამ ორ ფერს განსაკუთრებით უხდება ვინტაჟური და ანტიკვარული ნივთები, რის ხარჯზეც შეძლებთ ინტერიერში მდიდრული და ელეგანტური განწყობის გაღვიძებას.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ცისფერი ტონები არ მოგწონთ, შეგიძლიათ ნეიტრალური ფერების გამოყენებაც, მაგალითად თეთრის, ღია ყვითლის, ღია ვარდისფრის და ა.შ.
აგურისფერი და ლურჯი ან ღია მწვანე
თუ სახლში აგურის მასალას ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ მკვეთრი და ლურჯი ფერებით შეგიძლიათ დამატებითი ჩრდილების შექმნა. ამ გზით სახლში სასიამოვნო კონტრასტი და ნაკლებად ფორმალური გარემო იქმნება.
აგურის დომინანტური ფერის დაბალანსებისთვის კიდევ ერთი კარგი საშუალებაა ღია მწვანე ან ზეთისხილის ფერი, რაც მთლიანობაში ერთიან და ჰარმონიულ სტილს ქმნის.
ბუნებრივ ქვა და ყავისფერი
ქვა საკმაოდ ლამაზი და დახვეწილი მასალაა, თუმცა ხშირად მას სიცივის შეგრძნება მოაქვს, რის გამოც დიზაინერები გვირჩევენ ყავისფრის თბილი ტონალობების გამოყენებას. ამას გარდა, ქვისა და ხის ფერის ურთიერთქმედება სახლში ბუნებრივ ხასიათს უზრუნველყოფს.
მეტალის ფერები და ლურჯი ტონები
უჟანგავ ფოლადს, მეტალს და მსგავს ფერებს შესანიშნავად ერწყმის ლურჯი ფერის თბილი ტონალობები, რადგან ლურჯი უფრო მშვიდი ფერია და მეტალის დომინანტური აქცენტების დაბალანსება მარტივად შეუძლია.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი