in

როგორ შევარჩიოთ ფერი პატარა სამზარეულოსთვის?

პატარა სამზარეულო არის რეალობა, რომელიც ინტერიერის დიზაინის პროექტის შემუშავებისას განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. დეკორაციის პროცესში თითოეული დეტალი უნდა იყოს გათვალისწინებული. პატარა სამზარეულოსთვის ფერი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია.

ძირითადი ორიენტირები

ფერების შერჩევისას გასათვალისწინებელია მთელი რიგი დეტალები, როგორებიც არის:

  • სახლის ან ბინის ზოგადი სტილური ორიენტაცია;
  • შენობის ფერთა პალიტრა;
  • ინტერიერში ელფერების შეხამების წესები;
  • სამზარეულოს განლაგება ჰორიზონტის მხარეებთან მიმართებაში;
  • არსებული ელემენტების ფერები (ავეჯი, იატაკი, ჭერი, კედლები);
  • სამზარეულოს გაფორმების სასურველი სტილი.

დიზაინისა და კონცეფციის თვალსაზრისით, სამზარეულო, შეიძლება, სახლის სხვა ოთახებისგან განსხვავდებოდეს. ზოგიერთ მფლობელს ურჩევნია, რომ მთელი სახლის მასშტაბით მსგავსი სტილი შეინარჩუნოს, ხოლო სხვები კი ცდილობენ, რომ თითოეულ სივრცეს თავისი უნიკალური სტილი და ხასიათი შესძინონ.

ინტერიერის სტილის შერჩევა პატარა სამზარეულოსთვის

პატარა ოთახი არ უნდა იყოს გადატვირთული დეკორის მბზინავი ელემენტებითა და გადაჭარბებული რაოდენობის მცირე დეტალებით. ამიტომ, შეიძლება, რომ ზოგიერთი სტილი სრულად გამოვრიცხოთ. ასეთი სტილებია: ბაროკო, ავანგარდი, ჰოლივუდი, ქანთრი, ინგლისური, არტ-დეკო, პროვანსი, შაბი-შიკი, ბოჰო და სხვა ტენდენციები, რომლებიც მრავალი დამატებითი ნიუანსით არის სავსე.

ზოგიერთ შემთხვევაში, თუ ოთახის ფართობი 6მ2-ზე მეტია, კლასიკური ან ნეოკლასიკური სტილი გამოდგება.

4-5მ2-იანი სამზარეულოსთვის შესაფერისია შემდეგი სტილი:

  • მინიმალიზმი
  • კონსტრუქტივიზმი
  • ბაუჰაუსი
  • ლოფტი
  • ტექნო
  • ფუტურიზმი
  • ჰაი-ტექი
  • კონტემპორარი
  • მოდერნი
  • ეკო
  • სკანდინავიური
  • რომანული
  • იაპონური
  • ეკლექტიზმი

ფერების შერწყმის წესები

ფერის გადაწყვეტის არჩევანი ინტერიერის დიზაინის წესებს უნდა შეესაბამებოდეს. ისეთმა სტილებმაც კი, როგორებიც არის ეკლექტიზმი და ფიუჟენი, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებების კომბინაციას მოიცავს, ჰარმონიული სივრცე უნდა შექმნას.

ოთახის ფერის დიზაინის რამდენიმე პრინციპი არსებობს:

  • ერთი ოთახის ინტერიერში ფერების ოპტიმალური რაოდენობაა 3. ზოგიერთ შემთხვევაში დასაშვებია 5 ფერიც, მაგრამ, თუ სამზარეულოს ფართობი 6მ2-ს არ აღემატება, უმჯობესია, 3 წესის პრინციპი არ დაირღვეს. ძირითადი ფერი უნდა მოიცავდეს სივრცის 50%-60%-ს (მაგალითად, ფასადები, კედლები, იატაკი ან ჭერი), მეორადი ფერი უნდა მოიცავდეს დაახლოებით 30%-ს, აქცენტები კი 10%-ს (მაგ., ჭაღი, ავეჯი) არ უნდა აღემატებოდეს.
  • გაითვალისწინეთ ცივი და თბილი ელფერების შერწყმის პრინციპი. მაგალითად, წითელი შერწყმული უნდა იყოს ყავისფერთან, ყვითელთან ან იასამნისფერთან, ხოლო ცისფერი ლურჯთან და ა. შ. თეთრი, კრემისფერი, სპილოსძვლისფერი, ნაცრისფერი და შავი ნეიტრალური ელფერებია და თითქმის ნებისმიერ ტონს ჰარმონიულად ერწყმის.
  • თუ ავეჯის ნაკრები სამზარეულოში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, მისი ელფერი კედლების ფერს უნდა შეერწყას. დიზაინის ამგვარი გადაწყვეტა სივრცის ვიზუალურ გაფართოებას შეუწყობს ხელს.
  • ფერების იდეალური გადაწყვეტა პატარა ოთახებისთვის არის ღია ტონები. ისინი ფართობის ვიზუალურად გაზრდასა და სიახლის შეგრძნების შექმნაში დაგეხმარებათ. კონტრასტების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა შემცირდეს.

მთავარი ტონის შერჩევა

მონოქრომული ფერთა გამის მქონე ოთახი მშვიდი ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს. მაგრამ აქ ერთი საფრთხე იმალება – ამ სტილში გაფორმებული ინტერიერი, შესაძლოა, უბრალო და მოსაწყენი ჩანდეს. იმისათვის, რომ ოთახი უფრო საინტერესო გახდეს, რეკომენდებულია სივრცის რამდენიმე კონტრასტული ელემენტით შევსება.

თეთრი

თეთრი თითქმის ნებისმიერი ოთახის გაფორმებისთვის უნივერსალური გადაწყვეტაა. ეს არის კლასიკა, რომელიც არ კარგავს აქტუალობას მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის დიზაინის სამყაროში ტენდენციები იცვლება. ტონის ნეიტრალიტეტი საშუალებას გაძლევთ, რომ გარემოში არსებული ნებისმიერი ხარვეზი გამოასწოროთ და სივრცე ვიზუალურად გააფართოოთ.

დიზაინის შესანიშნავი გადაწყვეტაა ვერტიკალური ზედაპირების გაფორმებისას თეთრი ფერის გამოყენება, ხოლო ჰორიზონტალური ზედაპირების განსხვავებული ტონით ხაზგასმა.

თეთრი სამზარეულო, სხვა ღია ელფერებთან ერთად შესანიშნავად გამოიყურება. ღია ცისფერი და მწვანე ტონები გარემოში სიახლეს შემოიტანს, ხოლო ნაზი ლიმონის ან რბილი ატმისფერი ტონები სივრცეში მზიან განწყობას შექმნის.

კიდევ ერთი კლასიკური გადაწყვეტა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს, არის შავისა და თეთრის კომბინაცია. ასეთი დუეტი ნებისმიერ ოთახის გარდაქმნის საშუალებას მოგცემთ.

ნაცრისფერი

ეს არის დიდებული და თავდაჭერილი ტონი, რომელიც ბევრ სტილს უხდება. ის უფრო ნეიტრალური და პრაქტიკულია ვიდრე თეთრი, მაგრამ ასევე კარგად ერწყმის თბილი და ცივი პალიტრის სხვა ელფერებს. იმისათვის, რომ ნაცრისფერ ტონებში გაფორმებული სამზარეულო ძალიან მოსაწყენი არ ჩანდეს, შეგიძლიათ უფრო ნათელი ელფერები გამოიყენოთ.

ნაცრისფერთან სიფრთხილეა საჭირო. თუ ოთახის ფანჯრები ჩრდილოეთისკენ არის მიმართული, თბილი ელფერების გამოყენებაა რეკომენდებული. ნაცრისფრის სიცივე თბილი და ნათელი ტონებით უნდა ანაზღაურდეს.

ყავისფერი

ყავისფერი და ხის სხვადასხვა ელფერები დიზაინის ფანტაზიისთვის დიდ არეალს გვთავაზობს. მთავარი ყავისფერი ტონი მშვენივრად ერწყმის ბეჟს, სპილენძისფერს, კრემისფერს, ტერაკოტასა და ქვიშის ელფერებს. ბუნებრივი ფერები სითბოსა და კომფორტთან ასოცირდება. ოპტიმალური კომბინაციაა ძირითადი ფონის უფრო ღია ფერებით გაფორმება და მუქი აქცენტებით შევსება. მაგალითად, შეიძლება, კედლები, საზურგე და ფასადები ბეჟი იყოს, ხოლო იატაკის და დეკორის ელემენტები – ყავისფერი.

ცისფერი

რომელი ფერი უნდა შევარჩიოთ სამზარეულოსთვის, რათა სიახლისა და სიმსუბუქის ეფექტს მივაღწიოთ? ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ღია ცისფერი ტონებია. ნაზი, ცივი ელფერები სივრცის ვიზუალურად გაფართოებას და პერსპექტივის ილუზიის შექმნას შეუწყობს ხელს. აქცენტებისთვის შეგიძლიათ აკვამარინის ან იასამნისფერი ტონები გამოიყენოთ.

ეს ფერთა გამა იდეალური ოთახებისთვის, რომელთა ფანჯრები მზიანი მხარისკენ არის მიმართული.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს უფრო ორიგინალური ვარიანტები, როგორებიც არის ცისფერი-მწვანე და ცისფერი-იასამნისფერი კომბინაციები.

ყვითელი

ყვითლის თითქმის ყველა ელფერი, ღია ჩალისფრით დაწყებული და ოქროსფრით დამთავრებული, თბილად ითვლება. ოთახისთვის, რომლის ფანჯრები მზიანი მხარისკენ არ არის მიმართული, ყვითელი საუკეთესო გამოსავალია. ასეთი გაფორმება სითბოსა და კომფორტის განცდას შექმნის. მაგრამ იმისათვის, რომ ფერთა პალიტრა ზედმეტად მოსაწყენი არ ჩანდეს, ყვითელი ტონები უფრო მშვიდი ელფერებით უნდა შეივსოს. მაგალითად, კედლების ძირითადი ფონი, შეიძლება, ნეიტრალურ ფერებში შეიღებოს, ხოლო ფასადებისთვის ნათელი ტონი შეირჩეს.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

დუპლექსი ამაშუკელის ქუჩაზე – რუსკა ჭუმბურიძის ინტერიერი

არაორდინალური სახლი ინდოეთში – Jamaliah Arkitects-ის პროექტი