წინსაფარი შეიძლება გახდეს სამზარეულოს კარადების ორგანული გაგრძელება, ინტერიერის მთავარი გმირი ან დიდი შეცდომა, რომელიც მთელ დიზაინს აფუჭებს. როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი, რას შევუხამოთ და საჭიროა თუ არა ის საერთოდ? დღეს სწორედ ამ საკითხების შესახებ ვისაუბრებთ.
ნეიტრალიტეტი
თანამედროვე მინიმალისტურ სამზარეულოებში პოპულარული ფენომენი შეუმჩნეველი, ნეიტრალური წინსაფარია. ხშირად წინსაფრის ნაცვლად უბრალოდ ტენიანობისადმი გამძლე საღებავი გამოიყენება.
შეუმჩნეველი წინსაფარი კარგი ვარიანტია ნეიტრალურ ფერებში გაფორმებული ინტერიერისთვის. წინსაფარი და სამზარეულოს ავეჯი ერთმანეთს არ ერწყმის, თუმცა — არც ეწინააღმდეგება.
მონოქრომული ფერთა პალიტრა მოსახერხებელია, რადგან წინსაფრისთვის არ გჭირდებათ ვიზუალური „ექოს“ ძებნა, ის ერთდროულად ყველა ელემენტთან არის შერწყმული.
ნეიტრალური წინსაფარი ასევე შესაფერისია მდიდარ ფერებში გაფორმებული სამზარეულოს ავეჯისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ზედა და ქვედა იარუსების ფერები განსხვავებულია. ამ შემთხვევაში, წინსაფრის ტონი შეიძლება ახლოს იყოს კედლების ელფერთან, ზედაპირებთან ან იატაკთან.
მიბაძვა
შეიძლება წინსაფარი სრულად გაერთიანდეს ავეჯთან. ამ გადაწყვეტას ხშირად ირჩევენ სამზარეულო-მისაღებ ოთახებში, სადაც დიზაინერები ცდილობენ სამზარეულოს ზონის უხილაობას მიაღწიონ.
საინტერესოდ გამოიყურება წინსაფრები, რომელთა ფერი მიბაძავს კარადების მხოლოდ ზედა ან მხოლოდ ქვედა რიგს.
კონტრასტი
როგორ შევარჩიოთ წინსაფარი, რომელიც სამზარეულოს კომპლექტთან კონტრასტს შექმნის? დაუმეგობრეთ ის ინტერიერის სხვა ელემენტებს — ბარის სკამების გადასაკრავს, სამზარეულოს კუნძულის გვერდით არსებულ კედლებს, განათების ელემენტებს და ა.შ. სივრცეში, სადაც სამზარეულო და მისაღები ოთახია გაერთიანებული, შეიძლება, წინსაფრის „მხარდასაჭერად“, გამოყენებულ იქნას ამ უკანასკნელ ზონაში არსებული ელემენტები.
კავშირი
წინსაფრის უახლოესი „მეგობარი“ შეიძლება იყოს სამზარეულოს ზედაპირი. ერთი და იმავე მასალისგან დამზადებული ეს ორი ელემენტი შეიძლება სამზარეულოს ნაკრების ზედა და ქვედა იარუსებთან კონტრასტში იყოს.
შეგიძლიათ წინსაფარი იატაკსაც შეუხამოთ — ორივე ზედაპირისთვის ერთი და იგივე მასალა ან მსგავსი ელფერები შეარჩიოთ. თუმცა გადაჭარბებულ მრავალფეროვნებას მოერიდეთ — თუ თქვენ შეარჩიეთ წინსაფარი აქტიური ორნამენტებით, იატაკზე იმავე ნიმუშის გამეორება ზედმეტი იქნება.
მთავარი გმირი
თუ სამზარეულო თავისთავად მონოქრომულია, წინსაფარს აქვს სრული უფლება, საერთოდ არაფერთან იყოს შერწყმული.
სამზარეულოს დიზაინში წინსაფრის მთავარ აქცენტად წარმოჩენა კლასიკური ტექნიკაა. დღეს წინსაფარი შეიძლება გამოირჩეოდეს ფერის, ტექსტურის ან ფილების უჩვეულოდ დაგების გზით. მარმარილო და ტერაცო კვლავ აქტუალურია. რაც შეეხება პრინტებს, დიზაინერები გვირჩევენ, მათ თავი ავარიდოთ.
თუ ტექსტურიანი წინსაფრის გადაწყვეტთ, ნუ დაივიწყებთ პრაქტიკულ მხარეს – მისი მოვლა და დასუფთავება მარტივი უნდა იყოს.
დიდი ზომის წინსაფარი
უკვე დიდი ხანია, რაც დიდი ზომის წინსაფრები სიახლე არ არის. ეს გადაწყვეტა კარგად მუშაობს სამზარეულოში, სადაც არ გვხვდება ტრადიციული ზედა დონის კარადები და სადაც კარადების უწყვეტი რიგის ნაცვლად ვხედავთ ღია თაროებს ან — მხოლოდ კედელს. ამ შემთხვევაში კედელი შეიძლება მრავალი სხვადასხვა გზით გაფორმდეს (მაგალითად, ფილებით, ბუნებრივი ქვით), მაგრამ ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტი წყალგამძლე საღებავია.
გაბედული ტენდენცია, რომელიც ლოფტის სტილისგან შემორჩა, არის ბეტონის კედელი. ამ შემთხვევაში, ფოროვანი ბეტონი უნდა დაიფაროს სპეციალური საფარით, რათა მან სისველე არ შეიწოვოს და მტვერი არ მიიზიდოს.
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ წინსაფარი თქვენს სამზარეულოში ყველაზე ძვირადღირებული ნივთი არ არის, ამიტომ აუცილებელია, რომ ის ოთახის სხვა ელემენტებს მოარგოთ.