სულ ცოტა ხნის წინ მთლიანად თეთრი სამზარეულოები ერთგვარი ტენდენცია იყო. ამ პერიოდში დიზაინერები ფიქრობდნენ, რომ სამზარეულო ნეიტრალური, არაგამაღიზიანებელი დიზაინის უნდა ყოფილიყო. გავიდა დრო და მივხვდით, რომ ეს ის ადგილია, სადაც დღის განმავლობაში ძალიან დიდ დროს ვატარებთ. სწორედ ამიტომ, საჭიროა, ის მყუდრო, კომფორტული და ხალისიანი იყოს.
როგორ უნდა განვაახლოთ ჩვენი სამზარეულო ისე, რომ მისი თავიდან მოწყობა არ მოგვიწიოს? საამისოდ რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:
იზრუნეთ განათებაზე
განათება სრულიად უცვლის სახეს ინტერიერს, ამიტომაც, უნდა ეცადოთ, თქვენს ძველ, თეთრი სამზარეულოსთვის შესაფერის ცივ ნათურებს რაიმე სხვა ტიპის განათებაც დაუმატოთ. საამისოდ, კარგი ვარიანტია მაგიდის ვინტაჟური სანათები, რომლებიც გარემოს უფრო თბილს და მყუდროს ხდიან. აქვე რჩევა: მოათავსეთ ისინი მაგიდის კუთხეში ისე, რომ ნაკლებად გამოჩნდეს მათი კაბელი.
გამოიყენეთ ხალიჩა
თეთრ სამზარეულოში ფერის, ტექსტურისა და სიცოცხლის შესატანად ძალიან კარგი იდეაა ხალიჩის გამოყენება. გარდა ამისა, ეს დეტალი სამზარეულოს სულ სხვაგვარ სიმყუდროვეს მიანიჭებს. გირჩევთ, ხალიჩა ნიჟარასთან ახლოს მოათავსოთ, რათა კერძების მზადება და ჭურჭლის რეცხვა უფრო სასიამოვნო პროცესი იყოს.
იყავით შემოქმედებითი ფერის მიმართ
მთლიანად თეთრი სამზარეულო ერთგვარი ნეიტრალური ბაზაა, სადაც ჯერ კიდევ ბევრი საშუალება გაქვთ, გააკეთოთ ის, რაც თქვენ გსურთ. მაგალითად, მარტივად დაამატოთ ფერი კარადებსა და ჩაშენებულ სათავსოებს. ამასთანავე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერადი ჭურჭელი, ფერადი ავეჯი და ა.შ სამზარეულოს გასახალისებლად მშვენიერი ვარიანტია, შეღებოთ ან ფერადი ფილებით გააფორმოთ სამზარეულოს შიდა კედელი, როგორც მაგალითად ამ სურათზეა ნაჩვენები.
ფოკუსირდით ტექნიკაზე
თუ თქვენ გსურთ უფრო დახვეწილი ცვლილება თქვენს მთლიანად თეთრ სამზარეულოში, ყურადღება გაამახვილეთ ტექნიკაზე. საამისოდ კი სპილენძისფერი ტექნიკა გამოგადგებათ, რომელიც თეთრ ფერთან სრულყოფილ კონტრასტს შექმნის. როგორც წესი, თანამედროვე ესთეტიკისთვის სწორედ ამ ორი ფერის შერწყმას იყენებენ.
გამოიყენეთ ხის ელემენტები
დიზაინის ტენდენციები იცვლება – ახალი ძველდება, შემდეგ კი ძველი ბრუნდება. შეიძლება, სრულიად თეთრი სამზარეულოს ტენდენცია კვლავაც დაბრუნდეს. ამიტომ, თუ გსურთ, სამომავლოდ ძალიან არ ინანოთ თქვენი ამჟამინდელი გადაწყვეტილებები, მაშინ გირჩევთ, სამზარეულოს ბუნებრივი, არც თუ ისე კონტრასტული ელემენტები დაამატოთ. ამისთვის მშვენიერი ვარიანტია ხე. მაგალითად: ხის თაროები, ხის უჯრები, ხის ჭურჭელი და ა.შ