საცხოვრებელ კომპლექსში მცხოვრები ადამიანები ქაოსის, ხმაურისა და მტვრის შესამცირებლად ხშირად მიმართავენ აივნის შემინვას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა სახლში მყუდრო, მშვიდი და ესთეტიკურად მიმზიდველი გარემოს მისაღებად. შემინული აივანი დამატებით ფართს ქმნის და აივანს ოთახად აქცევს, რომელიც სხვადასხვა დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. დღევანდელ სტატიაში ერთ-ერთ აქტუალურ თემას განვიხილავთ და აივნის შემინვის მახასიათებლებზე, მონტაჟსა და ღირებულებაზე ვიმსჯელებთ.
შემინული აივანი რამდენიმე უპირატესობით გამოირჩევა:
სივრცის გაზრდა — ნებისმიერი ზომის აივანი შესაძლებელია დამოუკიდებელ ოთახად აქციოთ და სურვილისამებრ დააპროექტოთ. შემინული აივანი შეგიძლიათ სამუშაო, მოსასვენებელ თუ სასადილო კუთხედ გამოიყენოთ, ან მცენარეებით გააფორმოთ და მათთვის იდეალური პირობები შექმნათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან პრაქტიკული საშუალებაა მრავალფუნქციური სივრცის მოსაწყობად
ხმაურისა და დაბინძურების შემცირება — თუ ხმაურიან და ხალხმრავალ ადგილას ცხოვრობთ, აივნის შემინვა ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია სახლში სიმშვიდისა და სიმყუდროვის შესაქმნელად. შემინული აივანი ხმის იზოლაციის ფუნქციას ასრულებს და თქვენს საცხოვრებელს უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის.
პრივატულობის შეგრძნება — შემინული აივანი პრივატულობის განცდას ზრდის და ინტიმურ გარემოს განაპირობებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მრავალსართულიან კორპუსებში გვიხდება ცხოვრება და ბინები ერთმანეთთან ახლოს არის დაპროექტებული. შემინული აივანი ერთგვარად, სივრცის იზოლირებას ახდენს და პირად სივრცეს გამოყოფს. მუქი ტონალობის მინებით კი საცხოვრებელი უცხო თვალისთვის დაფარულია.
ესთეტიკური მიმზიდველობა და სიმყუდროვე — შემინული ფანჯრები, რომლებსაც სურვილისამებრ გააღებთ, საკმაოდ მიმზიდველი და მოსახერხებელია. ის დეკორატიულ როლსაც ითავსებს და ბინას განსხვავებულ, მრავალფეროვან იერს სძენს. ამასთანავე, გარემოს უფრო მყუდროსა და თბილს ხდის.
აღნიშნულ საკითხში უკეთ გასარკვევად ამ სფეროში მოღვაწე კომპანია „MDB“-ს მივმართეთ, რომლის წარმომადგენელი აივნის შემინვასთან დაკავშირებულ მახასიათებლებს გვიზიარებს და მონტაჟის სპეციფიკაზე გვესაუბრება.
ჩვენი რესპონდენტი გვიხსნის, რომ აივნის შემინვის მეშვეობით შესაძლებელია ტერასისა თუ აივნის ოთახად ქცევა, სადაც გათბობასა და ვენტილაციას თავისუფლად განვათავსებთ. სისტემის დასამონტაჟებლად ალუმინის პროფილები და 10 მმ-იანი სისქის ორმხრივ ნაწრთობი მინა გამოიყენება, რათა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.
„მიუხედავად იმისა, რომ მინის ნაჭრები საკმაოდ მყარი და მტკიცეა, სხვადასხვა გარემო პირობების ან გაუთვალისწინებელი ქმედებების გამო, შესაძლოა, შუშა დაზიანდეს. ამგვარი დამუშავება კი მის გამოყენებას უფრო უსაფრთხოს ხდის. ორმხრივი ნაწრთობი მინა პატარ-პატარა ნაწილებად იფშვნება, რაც ადამიანის დაზიანების ალბათობას ამცირებს,“ — აღნიშნავენ „MDB“-ში.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ ტიპის მინების მოვლა საკმაოდ ადვილია – სლაიდური სისტემის წყალობით შუშები ორივე მხარეს იღება და თავისუფლად იწმინდება, რაც დასუფთავების პროცესს ამარტივებს.
ასევე, აივნის შემინვისას გასათვალისწინებელია სივრცის დიზაინი. როგორც სპეციალისტი განმარტავს, სასურველია აივანს არ ჰქონდეს ოვალის ფორმის ან წახნაგოვანი მოაჯირი, რადგან ამ შემთხვევაში მინების გადაბმა ვერ ხდება. უმჯობესია, აივანი კვადრატის ან მართკუთხედის ფორმის იყოს, რათა ინსტალაცია წარმატებით განხორციელდეს.
ყურადღება ექცევა აივნის სიმაღლესაც, რადგან შემინვა ძირითადად სლაიდური ტიპისაა. მაღალი ზომის შემთხვევაში შუშა დრეკადი ხდება, ამიტომ გასათვალისწინებელია მინის მაქსიმალური დასაშვები ზომა.
„მონტაჟისას გასათვალისწინებელია აივნის სიმაღლე. სლაიდური სისტემისას მოძრავი მინის განთავსება მხოლოდ 2,20 მ. სიმაღლეზეა რეკომენდებული, რადგან უფრო დიდ ზომის შემთხვევაში შუშა დრეკადი ხდება და შესაძლოა დაზიანდეს. ამიტომ მომხმარებელს, რომელსაც მაგალითად, 3 მეტრიანი სიმაღლის აივანი აქვს, შეგვიძლია 2,20 მ-ის მქონე მოძრავი მინები და ზედა ნაწილში 80 სმ-იანი მყარი, უძრავი შუშა დავუმონტაჟოთ, რაც კომფორტულ გამოყენებასთან ერთად, უფრო დაცულსა და უსაფრთხოს ხდის სისტემას“, — ამბობს ჩვენთან საუბრისას კომპანიის წარმომადგენელი.
რაც შეეხება აივნის სიგრძეს, ამ შემთხვევაში არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. თითოეული მინის ნაჭრის სიგანე დაახლოებით 40 სმ-ია, ამიტომ ის ნებისმიერი სიგრძის მქონე აივანზე თავისუფლად მოთავსდება.
დარგის ექსპერტის თქმით, მონტაჟი საკმაოდ მარტივია. შუშები მცირე ნაწილებად სასურველ ზომაზე იჭრება და სისტემის აწყობა ადგილზე ხდება. მასალის ფასი 1 მ2-ის გათვალისწინებით, დაახლოებით, 160 დოლარია (ამ ფასში მონტაჟის ღირებულებაც შედის, ქალაქგარეთ ემატება ტრანსპორტირების ხარჯი). აივნის შემინვის ფასი მინის ფერზეა დამოკიდებული. მუქი შუშის მონტაჟი, დაახლოებით, 20-25 დოლარით მეტი ჯდება. კომპანიაში იმასაც აცხადებენ, რომ 15 მ2-ზე მეტი სივრცის დროს 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, რაც ხარჯებს ამცირებს.