ინტერიერში ფერი არის პირველი, რაც სივრცის იმიჯს ქმნის. დღეს პასტელურ ფერებს მდიდარი ფერთა პალიტრა ცვლის, თუმცა ყველას არ სურს სახლი მოდის ტენდენციების მიხედვით გააფორმოს. მარადიული ინტერიერის მოყვარულები კომფორტულ ბუნებრივ პალიტრას ირჩევენ.
საინტერესოა, როგორ უნდა განვავითაროთ საკუთარ თავში ფერების შეგრძნება? შეგვიძლია, ჩვენს ინტუიციას დავეყრდნოთ. ზოგიერთ კომბინაციას მეხსიერებაში სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: წითელი ძალასთან და გამბედაობასთან ასოცირდება (სიმდიდრე გამოხატულია მისი ძლიერი მუქი ელფერებით – მაგალითად, შინდისფერი), მოწითალო-ნარინჯისფერი სიცოცხლისუნარიანობასა და ენთუზიაზმთან არის დაკავშირებული, ხოლო ნარინჯისფერი – მეგობრობასთან, ვინაიდან მისი არაკონტრასტული, რბილი ტონები მშვიდ ატმოსფეროს ქმნის.
ყვითელი და ქარვისფერი სტუმართმოყვარე ელფერებია, ხოლო იასამნისფერთან ერთად ისინი სიცოცხლითა და მოძრაობით სავსე ხდება. ლურჯი შთააგონებს ნდობასა და ავტორიტეტს, ცისფერი – სიმშვიდეს, მწვანე – სიახლესა და ჯანმრთელობას. შავი ხაზს უსვამს ძალაუფლებასა და ფუფუნებას. ეს ყველაფერი ინტერიერში ფერის გამოყენების მხოლოდ ზოგადი საფუძვლებია – არქიტექტორისთვის ისინი ისევე საჭიროა, როგორც პიანისტისთვის გამები.
ჟან-ლუი დენო – დიზაინერი, პრიალა ჟურნალებისა და შოუს დეკორატორების საუკეთესო გმირი: „მე ექსპერიმენტებს ვატარებ მონოქრომული სტილით, ანუ ერთი ოთახი – ერთი ფერი. მაგალითად, ჩემს ერთ-ერთ მისაღებ ოთახში შეგიძლიათ, მწვანე ტონის 50 ელფერი აღმოაჩინოთ.“
ფრენსის სულთანა – მილიონერი დეკორატორი, ცნობილი David Gill-ის გალერეის დირექტორი ინტერიერში ფერის შესახებ ამბობს: „მომდევნო წლებში პალიტრების ზრდას ვიხილავთ. ტექსტურები ჩვენს გრძნობით გამოცდილებას ამრავალფეროვნებს: პირველ რიგში, “ხავერდოვანი ციებ-ცხელება” გველის, არ გამიკვირდება, თუ ამ მასალას შენობების ფასადების გაფორმებაშიც ვიხილავთ.“
ეიმე ლო – ნიუ-იორკელი ფუფუნების ოსტატი: „მირჩევნია ინტერიერი მიმდებარე ფერებზე დავაფუძნო – ანუ, ისეთებზე, რომლებიც ფერთა ბორბალზე ერთმანეთის გვერდით არის მოთავსებული. ამ გზით მშვიდ სივრცესა და ატმოსფეროს ვქმნი.“
დანიელ ბისმუტი – Bismut & Bismut Architectes: „ჩვენს პროექტებში ბევრი შავია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინტერიერში შავი ჩვენი საყვარელი ფერია. გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ ლურჯს: ის ძალიან თბილი და ადვილად დასამუშავებელია, მისი სხვადასხვა ელფერი კი ერთმანეთს ადვილად ერწყმის. და, რა თქმა უნდა, თეთრი ფერებში უმნიშვნელოვანესია. მწვანე კი, ჩვენი აზრით, ინტერიერისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული ფერია.“
ლორენცო კასტილო – ესპანელი ანტიკვარული ნივთებით მოვაჭრე და დეკორატორი: „დეკორის სამი უმნიშვნელოვანესი ელემენტია სინათლე, ფერი და პროპორციები. ფერი კი ჩემთვის, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სინათლე. მომგებიანი პალიტრა საცხოვრებელი ინტერიერისთვის არის ის, რაც ბუნების ფერებზეა აგებული. ქვის, თიხის, ქვიშის, სხვადასხვა კრემისფერი და ნაცრისფერი ტონები სასიამოვნო და არამომაბეზრებელია. ინტერიერისთვის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფერი ლურჯია და მის სხვადასხვა გრადაციებს ვიყენებ.“
ფრანსუა შამპსორი – ფრანგი დიზაინერი: „ფერი ცხოვრებაა, მისი შესაძლებლობების შესწავლა საინტერესო და შრომატევადი პროცესია. კარგად შერჩეულ პალიტრას შეუძლია ინტერიერში ჰარმონიის შემოტანა, სხვადასხვა სტილის ობიექტების გაერთიანება. ფერების წარუმატებელმა შერჩევამ კი შეიძლება სრული დისბალანსი შექმნას. ჩემი რჩევა ასეთია: ნუ წახვალთ კარგად ნაცნობი გზით. სცადეთ, შეცდით, ისიამოვნეთ!“
სარა ლავუანი – პარიზელი დიზაინერი: „მიყვარს ინტერიერში ბევრი ფერის გამოყენება. ჩემი ფავორიტებია: ლურჯი, ყვითელი, ვარდისფერი და, რა თქმა უნდა, შავი, რადგან ეს უკანასკნელი ხაზს უსვამს იმას, რაც უნდა გამოაშკარავდეს და მალავს იმას, რისი გამოჩენაც სასურველი არ არის. ინტენსიურ ნოტებზე მუშაობა, სივრცის ამაღლება, განათებისა და ელფერების სიკაშკაშის თამაში ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.“
საშა ვალხოფი – Christian Lacroix Maison/Designer’s Guild-ის დიზაინერი: „ზოგად ტენდენციებს შორის Bicolor Grafikart-ს დავასახელებ. ყოველთვის მჯეროდა, რომ ზოგჯერ ნეიტრალური ელფერების ნაცვლად, სჯობს გამოვიყენოთ შავ-თეთრი ზოლები ან გრაფიკული შავ-თეთრი დიზაინი, რომელიც ყურადღებას იპყრობს.“
ტრიშა გილდი – ბრიტანელი დეკორატორი, დიზაინერების გილდიის ხელმძღვანელი, დეკორის 15 წიგნის ავტორი: „მათ, ვინც ფერთა პალიტრაზე მუშაობს, შემიძლია მარტივი რჩევა მივცე: ენდეთ საკუთარ ინსტინქტებს! და თუ კონკრეტული ტონი ან ნიმუში მოგწონთ, ისინი ინტერიერში ჩართეთ. გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება? არაჩვეულებრივ ფერებთან და ორნამენტებთან გასაცნობად, აქსესუარები შესანიშნავი საშუალება იქნება: რამდენიმე ბალიში, საწოლის გადასაფარებელი და ხალიჩა ოთახს გარდაქმნის. იმედის გაცრუების შემთხვევაში, მათი ჩანაცვლება ადვილი იქნება.“
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი