ბინისთვის იატაკის არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია და ბევრს ეს ფაქტი გონებას ურევს. სამშენებლო ბაზარზე სხვადასხვა ბიუჯეტისთვის შესაბამისი მრავალი სახის იატაკის მასალის პოვნა შეგიძლიათ, თუმცა, მაინც როგორი იატაკი უნდა შეარჩიოთ ბინისთვის?
უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოთახში განსათავსებლად ნებისმიერი ტიპის საფარი შესაფერისი არ არის. უმჯობესია არჩევანი შერეულ ვარიანტზე შეაჩეროთ. ანუ, სასურველია, თითოეული ოთახისთვის იატაკი მისი დატვირთვის საფუძველზე შეარჩიოთ.
ბინის რომელი ზონები ითვლება ყველაზე დატვირთულად?
პირველ რიგში, ბინის ყველაზე დატვირთული სივრცეები უნდა გამოყოთ. ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.
- ყველაფერი შემოსასვლელით იწყება. აქ იატაკზე ფეხსაცმელი მტვერს, ქვიშასა და ჭუჭყიან ლაქებს ტოვებს.
- სამზარეულო არის მეორე ოთახი, რომელიც საკმაოდ დატვირთულია, ეს განსაკუთრებით კერძების მომზადების ზონას ეხება. შესაძლოა, ძირს რაიმე დაგექცეთ, ბასრი საგნები დაგივარდეთ და ა. შ.
- ასევე დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ აბაზანას. ასეთი ოთახისთვის მნიშვნელოვანია შეარჩიოთ წყალგაუმტარი საფარი, რომელსაც უხეში ზედაპირი აქვს, რათა მოცურების საშიშროება აღმოფხვრათ.
როგორი იატაკი უნდა შევარჩიოთ ბინისთვის?
- შემოსავლელში შეგიძლიათ გამოიყენოთ კერამიკის უხეში ზედაპირის მქონე ფილები. მათი ზედაპირიდან ჭუჭყის მოშორება ადვილია, გარდა ამისა, ასეთი საფარი ძნელად ზიანდება და მასზე მოცურების საშიშროებაც არ არის.
- როგორც ალტერნატივა, შეგიძლიათ პოლიმერული მასალებისგან დამზადებული ფირფიტები ან ზოგიერთი სახის ხელოვნური ქვა გამოიყენოთ.
- სამზარეულოს მეტად დატვირთული ნაწილისთვის, სასურველია, ლინოლეუმის ან პოლიმერული თვითსწორებადი იატაკის გამოიყენება. ეს მასალები დაზიანების მიმართ მდგრადია.
- აბაზანაში გამოიყენეთ უხეში ზედაპირის მქონე კერამიკული ფილები. ასევე შეგიძლიათ არჩევანი წყალგაუმტარ ხეზე შეაჩეროთ.
- დერეფნისთვის კარგი არჩევანია ლამინირებული იატაკის გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მიერ შერჩეულ ლამინატს მრავალშრიანი პოლიმერული დაცვა გააჩნდეს. ის ხახუნისკენ ნაკლებად მიდრეკილია და ჩვეულებრივზე დიდხანს გაძლებს.
- მისაღებ ოთახში შეგიძლიათ პარკეტი დააგოთ. თუმცა, სავარაუდო დატვირთვის მიხედვით, ხალიჩის ან თხელი ლამინატის გამოყენებაც შესაძლებელია.
- იმ ოთახში, სადაც ფიზიკური ვარჯიშით აპირებთ დაკავებას, კარგი არჩევანია რეზინის ან პოლიმერის სქელი ფენის გამოყენება. დაცემის შემთხვევაში ეს მასალა არ დაგაზიანებთ და ვარჯიშისთვის კომფორტულ გარემოს შეგიქმნით.
შესაძლოა, იატაკის საფარი თქვენთვის სასარგებლოდ იატაკქვეშა გათბობის სისტემასთან გაერთიანდეს. ამ სახის გათბობა მონტაჟდება კერამიკული ფილების, ლამინატის და სხვა სახის საფარების ქვეშ.