in

ფოლადის ადამიანი – დიზაინერი რონ არადი

უფრო მხატვარი, ვიდრე დიზაინერი – რონ არადი დამკვიდრებული ტრადიციების წინააღმდეგ 1980-იანი წლების დასაწყისიდან აჯანყდა. ისრაელში დაბადებულ ბრიტანელ არქიტექტორს, ლითონთან მუშაობის გამორჩეული უნარის გამო, მეტსახელად „ფოლადის ადამიანი“ შეარქვეს. ამ ბრუტალური მასალით მან პლასტიკურობის მიღწევა და მისი მთელ მსოფლიოში განთქმულ ხელოვნების ობიექტებად და სკულპტურულ ავეჯად გარდაქმნა მოახერხა. ქვემოთ წარმოგიდგენთ რონ არდის საკულტო ნამუშევრებს.

სავარძელი Rover

1981 წელს რონ არადმა და კაროლინ ტორმანმა დააარსეს სტუდია One Off. პირველი ობიექტი, რომელიც, აქ შეიქმნა იყო სავარძელი Rover. კონცეფცია მზა დიზაინზეა დაფუძნებული: მანქანის სავარძელი ლითონის მილებისგან დამზადებულ ბაზას ეყრდნობა.

სავარძელი Well Tempered

სავარძელი Well Tempered 1986 წელს შვეიცარიული ქარხნის – Vitra-ს დაკვეთით შეიქმნა. ოთხი მოქნილი ფოლადის ფირფიტა მოხრილია და ჭანჭიკებით არის დამაგრებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი მასობრივი წარმოების ობიექტი არასოდეს ყოფილა, იგი არადის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრად ითვლება.

სავარძელი Big Easy

Well Tempered-ის ხელახლა წარმოსახულმა ფორმებმა ახალი სიცოცხლე შეიძინა 1988 წელს და მას Big Easy ეწოდა. ამ დროს ავტორი ლითონის თვისებების შესწავლას განაგრძობდა. აღსანიშნავია, რომ არადი წმინდა სკულპტურული ობიექტების შექმნას არ ცდილობდა – მის შემოქმედებაში ფუნქციონალურობა, ასევე, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ამიტომ, მილანში გამართულ გამოფენაზე მან წარმოადგინა სკამის ექსპერიმენტული ვერსიაც, რომელსაც ტექსტილის საფარი ჰქონდა. ობიექტი იტალიური ქარხნის – Moroso-ს წარმომადგენლებმა შენიშნეს და ავტორს მოდელის რბილი ვერსიის შექმნა შესთავაზეს.

წიგნების თარო Bookworm

წიგნის თარო სახელწოდებით Bookworm (ითარგმნება, როგორც „წიგნის ჭია“), შეიძლება ნებისმიერი ფორმის იყოს – მისი შესაძლებლობები მხოლოდ მომხმარებლის ფანტაზიით არის შეზღუდული. მიუხედავად ერთი შეხედვით მსუბუქი სტრუქტურისა, ის 10 კგ-მდე წონას უძლებს. 1993 წლიდან მოდელს იტალიური ქარხანა – Kartell აწარმოებს.

სკამი TomVac

1997 წელს დიზაინერმა ლაკონიური სკამი – TomVac შექმნა. შვეიცარიული Vitra-ს დახმარებით, ნივთი სამრეწველო წარმოებაში ჩაეშვა და ბესტსელერი გახდა. სხვათა შორის, ობიექტი, ჩინელი ხელოსნების მიერ, ძალიან ხშირად ყალბდება. თავად რონ არადი აღნიშნავს, რომ მან იცის ქვეყანაში არსებული მინიმუმ 14 ქარხნის შესახებ, რომელიც მისი სკამის კოპირებაშია სპეციალიზებული.

სკამი Three Skin

სკამი Three Skin შრეებიანი ფიცრისგან არის დამზადებული. ლითონზე ჩატარებული ხანგრძლივი ექსპერიმენტების შემდეგ ეს მოულოდნელი (ან კანონზომიერი) შემობრუნებაა. ეს მოდელი Moroso-ს ბრენდისთვის 2003 წელს შეიქმნა. მიუხედავად მისი შეგნებულად სკულპტურული ფორმისა, სკამი ძალიან კომფორტულია, რადგან ის ერგონომიკის გათვალისწინებით არის დამზადებული.

სავარძელი Oh Void

არადის შემოქმედებას არასტანდარტული მიდგომა ყველგან თან სდევს. ლითონზე ჩატარებული ექსპერიმენტების შემდეგ დიზაინერი ხელოვნურ ქვაზე გადავიდა. საქანელა-სავარძლების სერია 2000-იანი წლების დასაწყისის Oh Void სერიიდან დამზადებულია კორიანისგან. ბიომორფულმა სილუეტმა და ჩვეულმა ლიმიტირებულმა გამოცემამ სკამი მსოფლიოს მრავალი კოლექციონერის სურვილის ობიექტად აქცია.

დიზაინის მუზეუმი ხოლონში

არ დაგავიწყდეთ, რომ რონ არადი არქიტექტორიც არის. 2010 წელს მისი პროექტის მიხედვით ხოლონში (ისრაელი) დიზაინის მუზეუმი გაიხსნა. ხუთი უზარმაზარი ლითონის ხვეული ლენტი შენობას უცნაურ იერს სძენს.

სკულპტურები Pressed Flower

2013 წელს დიზაინერი საყვარელი ლითონისგან ობიექტების შექმნიდან მათ დეკონსტრუქციაზე გადავიდა. Pressed Flower (დაპრესილი ყვავილი) სერია მოიცავდა გაბრტყელებულ, დაუნდობლად დამსხვრეულ, შეკუმშულ Fiat 500-ის მანქანებს. სხვათა შორის, არადს პროექტის შექმნის დროს სწორედ ასეთი მანქანა ჰყავდა. მხატვარმა აიღო პრაქტიკული საგნები და ისინი არაფუნქციურად აქცია, აიღო სამგანზომილებიანი მოდელები და მათ ერთ-ერთი განზომილება ჩამოართვა. არადი ამბობს: „მე არ ვანადგურებ მანქანებს – მე მათ უკვდავყოფ.“

დივანი Matrizia

ერთ დღეს, ნიუ-იორკში სეირნობისას, დიზაინერმა ძველი, გადაგდებული ლეიბები დაინახა. ისინი კედელზე იყო მიყრდნობილი და სიმძიმისგან გადაკეცილ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ასე რომ, 2015 წელს გამოჩნდა Moroso-ს დივანი Matrizia. სახელწოდება აერთიანებს სიტყვას – ლეიბი (მატრასი) და სახელს – პატრიცია (Moroso-ს მუდმივი სამხატვრო ხელმძღვანელის – პარიცია მოროსოს პატივსაცემად).

საუკეთესო ფერები საძინებლისთვის: 5 ვარიანტი Homeis.ge-გან

ქვის კოტეჯი, რომელიც წარმოუდგენლად კომფორტულ სახლად იქცა