ელექტროგაყვანილობის მოწყობა ავეჯის განლაგებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. აუცილებელია სწორი დაგეგმვა და ელექტროენერგიის წყაროების ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მოსახერხებელი იქნება ესა თუ ის სივრცე. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ, იატაკიდან რა სიმაღლეზე და რა რაოდენობის როზეტები უნდა განთავსდეს როგორც მთავარ, ასევე საბავშვო საძინებელში.
საძინებელში ცენტრალურ ადგილს საწოლი იკავებს. ამ ზონაში აუცილებლად დაგჭირდებათ როზეტები სანათებისთვის, დამტენებისა და, შესაძლოა, დამატებითი მოწყობილობებისთვისაც. ძირითადად ისინი, განათების ჩამრთველთან ერთად, ერთ ჩარჩოში მონტაჟდება. ზოგიერთი თანამედროვე საწოლის თავს თავიდანვე მოჰყვება ღიობები როზეტებისთვის, რაც ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტია.
ჩამრთველები და როზეტები საძინებლის სხვა ზონებშიცაა საჭირო: გარდერობთან, სამუშაო სივრცეში, ტელევიზორთან და ა. შ. მათი დამონტაჟების წესები ასეთია:
- როზეტი უნდა განთავსდეს კართან ახლოს. მეტი კომფორტისთვის, შეგიძლიათ ორი ან სამი სხვადასხვა კონექტორისთვის განკუთვნილი როზეტი შეარჩიოთ.
- როზეტებს ამონტაჟებენ რბილი ავეჯის გვერდით ან დივნის უკან (ცხადია, თუ მოდელის დიზაინი ამის საშუალებას იძლევა). იმისთვის, რომ როზეტი უხილავი იყოს, უმჯობესია ქვემოთ, იატაკიდან 30 სმ-ის სიმაღლეზე განათავსოთ.
- კედელზე, რომელზეც ტელევიზორია მოთავსებული, როზეტი 130-140 სმ-ის სიმაღლეზე უნდა დამონტაჟდეს. ტუმბოზე ან კონსოლზე მდგარი მოდელის შემთხვევაში ავეჯის პარამეტრებით უნდა იხელმძღვანელოთ. სასურველია, შესაერთებელი ეკრანის უკან მოთავსდეს. ამასთან, სავარაუდოდ, დამატებითი მოწყობილობების ჩასართავად რამდენიმე სხვა როზეტიც დაგჭირდებათ.
- დაამატეთ იმდენი ჩამრთველი და როზეტი, რამდენიც ნამდვილად გჭირდებათ. მონტაჟის სიმაღლეც თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე განსაზღვრეთ. ევროპული სტანდარტის მიხედვით, მათი ქვემოთ განთავსება უმჯობესია.
საბავშვო საძინებელი
საბავშვო საძინებელში ჩამრთველებისა და როზეტების სიმაღლე უსაფრთხოების ზომების მიხედვით განისაზღვრება. როგორც წესი, თანამედროვე ელექტრომოწყობილობები დაცულია და საფრთხეს არ ქმნის. თუმცა, დამატებითი უსაფრთხოებისთვის შეგიძლიათ, ელექტროენერგიის წყაროები ისე განათავსოთ, რომ ბავშვებს მათზე წვდომა არ ჰქონდეთ. ასევე შეგიძლიათ, დამცავი როზეტებიც გამოიყენოთ, რომლებიც ცარიელ ღიობებში მაგრდება.
ამ ოთახისთვის საჭირო მინიმალური ნაკრებში შედის:
- ჩამრთველი კართან — მისი სიმაღლე იმის მიხედვით განისაზღვრება, გსურთ თუ არა, ბავშვისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
- როზეტი კართან — საჭიროა მტვერსასრუტის, ვენტილატორის, რადიატორის ან სხვა მოწყობილობების ჩასართავად. არ დაგავიწყდეთ, რომ ის კარიდან 10 სმ-ით დაშორებული უნდა იყოს.
- 2-3 როზეტი საწოლთან — ერთი განკუთვნილია ღამის განათების ან კედლის სანათისთვის, დანარჩენები – დამტენისა და ნებისმიერი სხვა პატარა მოწყობილობისთვის. თუ ბავშვი ძალიან პატარაა, გირჩევთ, დამცავი სარქვლების მქონე მოდელები გამოიყენოთ.
- 3-4 როზეტი სამუშაო ზონაში — როგორც წესი, მათგან ერთ-ერთი აუცილებლად სანათისთვისაა განკუთვნილი, დანარჩენები კი – გაჯეტებისა და დამტენებისთვის. მდებარეობა დამოკიდებულია ავეჯის ზომასა და მოწყობილობების რაოდენობაზე. ძირითადად როზეტებს ათავსებენ მაგიდის ქვეშ.