ელექტრო წერტილები სივრცის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. მათი სწორი განსაზღვრა კი მაქსიმალურად კომფორტული და მოსახერხებელი საცხოვრებელი პირობების შექმნაში გვეხმარება. სპეციალისტები გვირჩევენ, რემონტის მიმდინარეობისას წინასწარ შევარჩიოთ ჩამრთველებისა და როზეტების ადგილი და მათი საჭირო რაოდენობა, რათა შემდგომში ელექტრო წერტილების სიმცირემ ან არასწორმა მონტაჟმა პრობლემები და დისკომფორტი არ შეგვიქმნას. ამიტომ დღევანდელ სტატიაში ყურადღებას როზეტების სტანდარტულ სიმაღლეზე გავამახვილებთ, რაც სახლის სხვადასხვა ზონის მიხედვით ცვალებადია.
უპირველესად, განარჩევენ რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც როზეტების ადგილმდებარეობაზე ახდენს გავლენას:
უსაფრთხოება — პირველ რიგში, როზეტების მონტაჟისას უნდა დარწმუნდეთ მათ უსაფრთხოებასა და დაცულობაში. აუცილებელია დამიწების გაკეთება და როზეტების წყლისგან მოშორებით მოთავსება, რათა წყალთან კონტაქტი არ ჰქონდეს და საცხოვრებლად მაქსიმალურად უსაფრთხო პირობები შექმნათ.
კომფორტულობა — როზეტების მონტაჟისას სასურველია დავიცვათ ერგონომიული სტანდარტები და ისეთ ადგილას განვალაგოთ ელექტრო წერტილები, რომ ჩვენი სხეულისთვის მოსახერხებელი და კომფორტული იყოს. ამასთანავე, უმჯობესია, წინასწარ განისაზღვროს ტექნიკისა თუ განათების ადგილები, რათა ამის მიხედვით შეირჩეს როზეტების მდებარეობა და სიმაღლე.
ინტერიერთან კავშირი — როზეტების განლაგება და სიმაღლე გარკვეულწილად ინტერიერის იერსახეზეც აისახება, ამიტომ აუცილებელია სტანდარტული სიმაღლეების ცოდნა და ელექტრო წერტილების გეგმარების შედგენა, რათა როზეტების შეუსაბამობამ სივრცის ესთეტიკა არ დააზიანოს.
მისაღები ოთახი — სპეციალისტების აზრით, სასურველია როზეტების მონტაჟი კართან ახლოს მოხდეს, რათა უსაფრთხოების ნორმებიც დაიცვათ და ტექნიკაც თავისუფლად მოათავსოთ. თუმცა, თუ გსურთ ელექტრო წერტილები თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს, უმჯობესია, ისინი რბილი ავეჯის გვერდით ან უკან განათავსოთ იატაკიდან 30 სმ.-ის სიმაღლეზე. ზოგადად, როზეტების სტანდარტულ სიმაღლედ იატაკიდან 90 სმ. მიიჩნევა, თუმცა თუ დასაკიდი ტელევიზორი გაქვთ, სასურველია ეს კოეფიციენტი 140-150 სმ.-მდე გაიზარდოს. ტელევიზორის მაგიდის შემთხვევაში კი როზეტების სიმაღლედ 30-40 სმ. უნდა იანგარიშოთ.
სამზარეულო — სამზარეულო ფუნქციურად ყველაზე მეტად დატვირთული ზონაა, ამიტომ როზეტების გადანაწილებისას მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ. ხშირ შემთხვევაში რამდენიმე დანადგარის ერთდროულად ჩართვაა საჭირო, შესაბამისად, ამ ოთახში ყველაზე მეტი რაოდენობის ელექტრო წერტილები გჭირდებათ. გასათვალისწინებელია, რომ ცალკეული კვების წყაროები უნდა განთავსდეს მაცივრისთვის, გამწოვის, ღუმელისა და გაზქურისთვის, რომელთა სიმაღლე სამზარეულოს ზედაპირიდან 20-30 სმ. უნდა იყოს. ამასთანავე, დაუშვებელია როზეტების ღუმელთან და გაზქურასთან ახლოს დამონტაჟება. როზეტებს უმეტესად სამზარეულოს წინსაფარზე ათავსებენ, ინსტალაციისას კი გასათვალისწინებელია, რომ ელექტრო წერტილები წინსაფრის ზედა ან ქვედა კიდესთან ახლოს განლაგდეს. ასევე, პროფესიონალების აზრით, არაა რეკომენდებული, როზეტები იატაკიდან 115-120 სმ.-ზე მაღლა დაამონტაჟოთ, რათა ყოველდღიური გამოყენებისას დისკომფორტი არ შეგექმნათ.
სააბაზანო — სააბაზანოში როზეტების მდებარეობის დასადგენად, უპირველესია განისაზღვროს სანტექნიკის ადგილები. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ როზეტები წყლისგან და სველი წერტილისგან დისტანციით, მინიმუმ 60 სმ-ის მოშორებით დამონტაჟდეს. ასევე, სხვადასხვა წვრილი ტექნიკისთვის რეკომენდებულია, ელექტრო წერტილები იატაკიდან 110-120 სმ. სიმაღლეზე განათავსოთ, სარეცხი მანქანისთვის კი იატაკიდან 60-100 სმ სიმაღლე იანგარიშოთ. ამ დროს უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ სარეცხი მანქანის უკან როზეტებისა და ჩამრთველების ინსტალაცია, მაქსიმალური უსაფრთხოების დასაცავად, რეკომენდებული არ არის.
საძინებელი — საძინებელში როზეტები მისაღები ოთახის მსგავსად მონტაჟდება. სტანდარტულ სიმაღლედ იატაკიდან 90 სმ. არის განსაზღვრული, თუმცა, თუ გსურთ როზეტები დამალული იყოს, მაშინ უმჯობესია, ისინი იატაკიდან 30 სმ-ზე მოათავსოთ. ტუმბოებისთვის და მცირე ავეჯისთვის კი იატაკიდან 40-50 სმ. სიმაღლე უნდა ივარაუდოთ.