რუსუდან თუმანიშვილის ნამუშევრებს საქართველოში ძალიან კარგად იცნობენ. დიზაინერის განსხვავებული ხედვა და ორიგინალური სახელწერო სტილი დიდ აღფრთოვანებას იწვევს მომხმარებელში. საკუთარ დახვეწილ და გამორჩეულად სასიამოვნო ინტერიერების შექმნის პროცესზე რუსუდანი დღეს თავად გვიამბობს.
– რუსუდან, როგორ მოხვდით ინტერიერის დიზაინის სფეროში?
– ინტერიერის სფეროში მოვხვდი მარტივად. მივიღე გადაწყვეტილება ჩამებარებინა სამხატვრო აკადემიაში ინტერიერის დიზაინზე. მეოთხე კურსიდან დავიწყე მუშაობა, ხოლო შემდეგ რაც მოხდა ლოგიკური გაგრძელებაა. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს პარალელურად ვმუშაობდი რამდენიმე კომპანიაში.
– თქვენ Iota Group-ის არტ დირექტორი ბრძანდებით. მოგვიყევით ამ კომპანიაზე
– Iota Group არის დეველოპერული კომპანია, რომელიც აქტიურად არის ჩართული სამშენებლო პროცესებთან დაკავშრებულ ყველა ეტაპის ოპერირება-მენეჯმენტის პროცესში. კომპანიას შეუძლია შემოგთავაზოთ არქიტექტორული პროექტის მომზადება, საინჟინრო ქსელების პროექტი, მოიძიოს თქვენთვის საინტერესო სამშენებლო ტერიტორიები და აწარმოოს პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებული სამუშაოები.
გარდა ამისა, იოტაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ინტერიერის დიზაინერების მომსახურებითაც. ისინი იზრუნებენ არა მხოლოდ თქვენი ინტერიერის სილამაზესა და კომფორტზე, არამედ ექსტერიერზეც, რადგან სერვისებში ლანდშაფტის დიზაინიც შედის.
რაც ყველაზე ძალიან მომწონს არის ის, რომ იოტა ჯგუფი ინოვაციური კომპანიაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მუშაობის პროცესში აქტიურად გამოიყენება BIM ტექნოლოგია, VR და AR რეალობა.
ჩემი აზრით, თანამედროვე სამყაროში აუცილებელია, რომ ავუწყოთ პროგრესს ფეხი და მუშაობის პროცესში ინოვაციური ელემენტები ჩავრთოთ, რაც მომსახურებას უფრო მაღალხარისხიანს ხდის.
– როგორ შეაფასებდით საკუთარ სტილს? ყოფილა ისეთი პროექტები, რომლებზეც უარი მხოლოდ იმის გამო გითქვამთ, რომ თქვენთვის დამახასიათებელ სტილში არ ჯდებოდა?
– კონკრეტული პასუხი სტილზე არ მაქვს, ალბათ ამ მხრივ ჯობია სხვამ შემაფასოს. მე ნამუშევარს ვქმნი სპონტანურად, კონკრეტული პროექტიდან გამომდინარე და არ მიყვარს რომელიმე სტილის ჩარჩოებში მოქცევა. ხელოვნებას ჩარჩო და ზღვარი არ აქვს. რაც უფრო გახსნილია ჩარჩო, მით უფრო მეტია ახალი საინტერესო აზრები. თუმცა, სხვა ხელოვნების სფეროებისგან განსხვავებით, ჩვენ კონკრეტულ ინტერიერზე ისედაც გვიწევს ჩარჩოებში მოქცევა. რაც შეეხება კლიენტისთვის უარის თქმას, კი, ყოფილა ასეთი შემთხვევები.
– როდესაც ინტერიერის დიზაინის შექმნის პროცესზე ვსაუბრობთ, რა ტიპის სირთულეებს გამოყოფდით ამ მხრივ?
– სირთულეები ნებისმიერი პროცესის გვერდითი მოვლენაა. ჩემი პროფესიის სირთულე რუტინა შეიძლება იყოს. თუმცა, სამუშაო პროცესი საინტერესოა სირთულეების გადალახვის პროცესთან ერთად.
– რა არის თქვენს პროფესიაში ისეთი, რისთვისაც ღირს ამ სფეროში ყოფნა? რა გაძლევთ მთავარ სტიმულს მუშაობისას?
– ზოგადად, ჩემი პროფესია იმდენად მომწონს, რომ ის ჩემთვის პროფესიაც არის და ჰობიც. ძირითადად არ ვმუშაობ, ჩემთვის ეს გართობის ნაირსახეობაა და ვისურვებდი, ადამიანებმა ისეთი პროფესია აირჩიონ, რომ 6 საათს და სახლში წასვლას არ ელოდებოდნენ.
– როგორ შეაფასებდით ინტერიერის დიზაინის სფეროს საქართველოში? განვითარების რა ეტაპზეა აღნიშნული დარგი დღეს?
– ქართველი მომხმარებლის მოთხოვნა მსოფლიო ტენდენციების განვითარებას ფეხდაფეხ მიყვება. ჩნდება ახალი პრივატული სივრცეები, სადაც ინტერიერის დაგეგმარება აუცილებელი მოთხოვნაა.
ჯერჯერობით დასახვეწია ალბათ ის, რომ უფრო ესთეტიური ინტერიერის შესაქმნელად საჭიროა გამოყენებული იყოს რაც შეიძლება მეტი ფუნქციური, ნატურალური შიშველი მასალა – ხე, ბეტონი, ქვა, მეტალი. ანუ ის, რაც არის ბუნებრივად ჩამოსხმული, ნალესი ფაქტურა. ისეთი ბუნებრივი, როგორიც მხოლოდ მუშაობის პროცესში შეიძლება არსებობდეს და არა ხელოვნურად შექმნილი ვიზუალით. საჭიროა მეტი ნატურალური ფერი, რაც ბუნებრივად მიიღება და არა მანქანებზე გრამობით პიგმენტების საშუალებით.
რაც ყველაზე თვალშისაცემია ევროპის წამყვან გამოფენებზე, ბუნებრივისა და ნატურალურის სინთეზი ტექნოლოგიური სიახლეების გამოყენებით მინიმალისტურად არის წარმოდგენილი. ეს ჯერ ჩვენს გარემოში ნაკლებადაა. ჩვენთან ჯერ კიდევ ხშირია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მინიმალისტური გარემო ქმნის იაფფასიანის შთაბეჭდილებას. თუმცა, პროცესი გარდაუვალია და მომავლის დიზაინი ფუნქციური და მინიმალისტურია. XXI საუკუნის ზრდის ტემპებთან ერთად მინიმალიზმი მეტად არის “ლაქშერი” (luxury), ვიდრე გადატვირთული და გადამეტებული მცდელობა სივრცის გადავსებისა და დეკორის ყველა ნაბიჯზე გამოყენების.
სწორედ ამიტომ, ლუდვიგ მის ვან დერ როეს (Ludwig Mies van der Rohe) ცნობილი ფრაზა – “The less is more” – 73 წლის შემდეგაც აქტუალურია.
– თქვენ ასევე კითხულობთ ლექციებს ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. რა სპეციფიკა აქვს ლექტორობას ამ კუთხით და რა არის თქვენი მთავარი ამოცანა სტუდენტებთან მუშაობის დროს?
– მთავარი ამოცანა არის გადავცე ცოდნა და გამოცდილება სტუდენტებს. ეს არის ის ინფორმაცია რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვე გამოცდილებით ან საზღვარგარეთ მიღებული ტრენინგებით. მინდა რაც შეიძლება ბევრ სტუდენტს გავუზიარო ჩემი გამოცდილება. ინტერიერში ნამდვილად არის ბევრი ნიუანსი, რისი ტექნიკური ცოდნაც აუცილებელია დიზაინერისთვის. დაგროვილი ინფორმაციის გაზიარება ვფიქრობ ყველა გამოცდილი პროფესიონალის ამოცანაა.
– თქვენს მოსწავლეებზე დაკვირვებით, რას იტყვით მომავალი თაობის ინტერიერის დიზაინერებზე? რა პერსპექტივა აქვს ამ მხრივ აღნიშნულ დარგს საქართველოში?
– სტუდენტები ძალიან ყურადღებიანი არიან სიახლეების მიმართ, რაც ძალიან მომწონს.
რაც შეეხება ამ დარგს, ბოლო წლების გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ მას ნამდვილად აქვს პერსპექტივა. ჩვენი მომხმარებელი ძალიან გაზრდილია ამ მხრივ და მოთხოვნაც გაცილებით ადეკვატურია ვიდრე 15 ან 10 წლის წინ იყო. ასევე ძალიან ხშირად ვაკეთებ სამუშაო სივრცეების დიზაინს, რაც მისასალმებელია ნამდვილად.
“Good design is good business” – თუ დღევანდელ ტენდენციებს თვალს გადავავლებთ, უფრო ცხადი ხდება თუ რატომ თქვა ეს თომას ჯეი უოთსონმა და მეტნაკლებად უკვე ქართულ ბიზნესსაც ეტყობა, რაც განვითარების გარკვეულ ეტაპზე გარდაუვალი უნდა ყოფილიყო. ორგანიზაციები, რომლებიც აქამდე მხოლოდ სავიზიტო ან გაყიდვების დეპარტამენტის ინტერიერზე ზრუნავდა და პროფესიონალი დიზაინერის დახმარებით აგეგმარებდა ამ სივრცეებს, უკვე წლებია ე.წ. ბექ ოფისისთვისაც არ იზარებენ იგივეს, რაც კომპანიის არამარტო სტუმრის მიმართ პატივისცემასა და დამოკიდებულებაზე მეტყველებს, არამედ საკუთარი თანამშრომლების შრომისუნარიანობასა და მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვას გამოხატავს. ამას აუცილებლად მოყვება უკუკავშირი სხვადასხვა სახით. ყველა განვითარებული ორგანიზაცია ცდილობს შიდა სივრცის დიზაინი არა თავად, არამედ არქიტექტორის ან დიზაინერის ჩარევით დააგეგმაროს, თუნდაც კონცეპტუალურ დონეზე, რაც საბოლოო ჯამში კომპანიის იმიჯზე აისახება. სულ რაღაც 15იოდე წლის წინ თითზე ჩამოსათვლელი ბიზნესი შეიძლებოდა დაგვესახელებინა, ვისაც ეს ფინასურად თუ იდეურად აინტერესებდა.
თითქმის შეუძლბელია ცარიელ ფართზე არაპროფესიონალის მიერ გრამატიკულად გამართულ დონეზე და უნივერსალური სტანდარტის გათვალისწინებით დაიგეგმოს სამუშაო თუ საგამოფენო სივრცე. აღსანიშნავია სამუშაო გარემოში ღია სამუშაო სივრცეების აქტუალობის ზრდა, რითაც კაბინეტური სისტემების ჩანაცვლება ხდება და ეს მოდელი ბევრად მოქნილია, ვიდრე ძველი ტიპის დერეფნები და კაბინეტები.
ბიზნესის ზრდისათვის ინტერიერის დიზაინი არ არის მხოლოდ ესთეტიკური შესაძლებლობების გამოყენება, ეს არის ის კომუნიკაცია რაც მის განვითარებაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რეკლამის არსებობა ნებისმიერი სახით.
– გაქვთ თუ არა “საოცნებო პროექტი”?
– დიახ, მაქვს საოცნებო პროექტი. მინდა დიდი საგამოფენო სივრცე ან თანამედროვე ხელოვნების გალერეა დავაპროექტო.