აბაზანაში ჰაერი ნოტიო და თბილია, ამიტომ სახლის ამ ნაწილში განთავსებული ავეჯი შესაბამისი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული. აბაზანის ავეჯისთვის განკუთვნილი მასალა ვიზუალურად ძალიან არ განსხვავდება და განსხვავებას მხოლოდ ფერებში ან დიზაინში თუ შეამჩნევთ, მაგრამ თითოეულ მასალას აქვს დამახასიათებელი თვისებები.
აბაზანის ავეჯი ყველაზე ხშირად მზადდება როგორც ხისგან, ასევე MDF-ისგან, თუმცა ასევე პოპულარულია მინის ან უჟანგავი ფოლადისგან შექმნილი ნივთებიც.
დღევანდელ სტატიაში გიამბობთ 5 ყველაზე გავრცელებული მასალის შესახებ, რომლებსაც სააბაზანოს ნაწილში ვხვდებით.
ფანერა
ფანერა ერთგვარი ტექნოგენური ხის დაფაა, რომელსაც აქვს მაღალი მდგრადობა ტენის, ცხელი წყლისა და ორთქლის მიმართ. ამ მასალასთან მუშაობა საკმაოდ იოლია და შესაბამისად, ავეჯი შედარებით სწრაფად და ბიუჯეტურად მზადდება. ფანერა შედგება ხის მინიმუმ სამი ფენისგან, რომლებიც ერთმანეთს კვეთენ და მნიშვნელოვნად ამცირებენ მასალის შეკუმშვისა და დეფორმაციის რისკებს.
რაც შეეხება ფასს, სტანდარტული ზომის ნაჭრის ფასი დაახლოებით 30 ლარია და დამოკიდებულია მასალის ხარისხსა და დიზაინზე, ხოლო მისი ზომები სტანდარტულად 20×30სმ-ია.
ნახერხის დაფა
ნახერხის დაფა, რომელიც Cheapbord-ის სახელით არის ცნობილი, წყალგაუმტარი მასალაა, რომელიც მუშავდება მარტივად და ახასიათებს განსაკუთრებული სიმტკიცე. ის ძირითადად მზადდება ნახერხისა და ხის ნაჭრებისგან, რომლებიც გაჟღენთილია სხვადასხვა ტიპის ზეთით.
მიუხედავად იმისა, რომ ჩიპბორდი საკმაოდ ხელმისაწვდომი მასალაა და მას საკმაოდ ხშირად ვიყენებთ, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ის ჯანმრთელობისთვის საშიშია, რადგან არ ახასიათებს ეკოლოგიური სისუფთავე.
ჩიპბორდის ნაჭრის ფასი საშუალოდ 20 ლარია, თუმცა არსებობს უფრო მაღალი ხარისხის მასალაც, რომლის ფასებიც 60-100 ლარამდე მერყეობს. ნაჭრის ზომა დაახლოებით 2750×1830მმ-ია, სისქით-12მმ.
საშუალო სიმკვრივის ბოჭკოვანი დაფა
ეს მასალა უფრო მეტად MDF-ის სახელითაა ცნობილი. MDF-ის დაფებს აქვთ ძალიან გლუვი ზედაპირი, რომელიც იდეალურად ერგება სააბაზანოს ინტერიერს. ვიზუალურად მასალა საკმაოდ დახვეწილი და ელეგანტურია, თუმცა ჩიპბორდთან შედარებით, გაცილებით მძიმეა.
2800×34მმ ზომის დაფის ფასი, რომლის სისქეც 12მმ-ია, დაახლოებით 10-20 ლარის ფარგლებში მერყეობს და ამ შემთხვევაშიც ვხვდებით შედარებით ძვირადღირებულ მოდელებს.
მელამინი
მელამინი არის მაღალი ხარისხის დეკორატიული მასალა, რომელიც გამოირჩევა სიმტკიცით და იდეალურად ერგება სველი წერტილების ტენიანობას. გარეგნულად მელამინი ხეს გავს, თუმცა გაცილებით ბიუჯეტურია, ამას გარდა, ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერებსა და დიზაინში. როდესაც ხე დაფარულია/ლამინირებულია მელამინის ფურცლებით, ის უზრუნველყოფს ზედაპირის გლუვ შეხედულებას. მელამინის მასალა კარგად უძლებს ორთქლს, წყალსა და ტენს.
1220×2440მმ-ის ზომის დაფის ფასი დაახლოებით 15-20 ლარია და სისქე საშუალოდ 3მმ-დან იწყება.
შუშა
შუშა იდეალური მასალაა აბაზანისთვის იმ შემთხვევაში, თუ ის ნაწრთობია და მაქსიმალურადაა დაცული უსაფრთხოების ნორმები. შუშის ავეჯი არა მხოლოდ ვიზუალურად ლამაზია, არამედ მთლიანად წყალგაუმტარიცაა და ავეჯს დახვეწილ ხასიათს ანიჭებს.
აბაზანისთვის შუშის ავეჯს ძირითადად უკვე დამუშავებული ფორმით ვხვდებით და შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში ფასები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. თუ საშხაპე კაბინის შეძენა ერთ მაღაზიაში 600 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი, შეიძლება სხვაგან ის გაცილებით ნაკლებ ან პირიქით, გაცილებით მეტ ფასადაც შეიძინოთ, რადგან შუშის შემთხვევაში მთავარი აქცენტი ავეჯის დიზაინსა და სიმტკიცეზე კეთდება.