აბაზანის სწორად მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე და რემონტის დროს განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. საიდუმლო არ არის, რომ რემონტისას ხშირია სხვადასხვა გაუთვალისწინებელი შეცდომები, რომლებიც მომავალში უფრო დიდ პრობლემას იწვევს. სწორედ ამიტომ დღეს რამდენიმე ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომას გაგიზიარებთ, რათა მომავალში აბაზანის მოწყობის პროცესი გაცილებით გაგიმარტივდეთ.
მასალა იატაკისთვის
ხშირად ადამიანები არჩევანს პრიალა მასალაზე აკეთებენ, რაც ნესტიან ოთახში საგრძნობლად ზრდის რისკებს. სინამდვილეში, წყლის რამდენიმე წვეთიც საკმარისია იმისთვის, რომ საფარმა სრიალი დაიწყოს, რაც განსაკუთრებით საშიშია ისეთი ოჯახებისთვის, სადაც ბავშვები არიან. აქედან გამომდინარე, თუ იატაკის მასალად პრიალა ფილების შერჩევა გსურთ, სასურველია მას ჰქონდეს სპეციალური, მოცურების საწინააღმდეგო საფარი.
ჭერი
აბაზანაში ჭერის გაფორმების პოპულარული და ძალიან გავრცელებული ვარიანტია პლასტმასის პანელები, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ პლასტმასას არ შეუძლია ებრძოლოს დიდი რაოდენობით წყალს. გარდა ამისა, ორთქლთან ურთიერთობის შედეგად მას მარტივად უჩნდება უსიამოვნო ლაქები. მისი ბიუჯეტური და კომფორტული ჩანაცვლება შეიძლება იყოს გასაჭიმი ჭერი, რომელიც არა მხოლოდ უზრუნველყოფს საიმედო დაცვას, არამედ აბაზანის იერსახეს ბევრად უფრო საინტერესოს ხდის.
ფილების რაოდენობა
საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები წინასწარ არ ითვლიან კერამიკული ფილების საჭირო რაოდენობას, მოგვიანებით კი მოპირკეთების დასასრულებლად რამდენიმე ფილა აკლდებათ ან პირიქით – ზედმეტი რაოდენობით რჩებათ. იმისთვის, რომ ზუსტად განსაზღვროთ თუ რა რაოდენობის ფილა გჭირდებათ, ზედაპირის საერთო ფართობი გაყავით ერთი ფილის ფართობზე, თავის დაზღვევის მიზნით კი შეიძინეთ მიღებულ რაოდენობაზე 10%-ით მეტი.
ნიჟარის სიმაღლე
ასევე არც ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც აბაზანაში ნიჟარა ძალიან დაბლა ან მაღლაა განთავსებული, რის გამოც მისი გამოყენება არც ისე მოსახერხებელია. საუკეთესო სიმაღლე ნიჟარისთვის არის იატაკიდან 85 სანტიმეტრზე.
ვენტილაცია
ბევრი ადამიანი არ აფასებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ერთი შეხედვით შეიძლება საინტერესოდ არ ჩანდეს ან შესამჩნევი არ იყოს. თუმცა, გახსოვდეთ, რმ მაღალი ტენიანობის მქონე ოთახებში გამართული ვენტილაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია და მის გარეშე აბაზანაში ჩნდება სოკო და სხვა მიკროორგანიზმები.
თითოეული ამ პუნქტის გათვალისწინებითა და გამოყენებით შეძლებთ ძალიან დახვეწილი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, კომფორტული სააბაზანოს შექმნას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს.
რუბრიკის წამრგენია სამშენებლო სერვისების და მასალების კომპანია “აიპიესი”