in

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით – მარტივი იდეები შთაგონებისთვის

იმისთვის, რომ საახალწლო ნაძვის ხით მიღებული შთაბეჭდილება თქვენს სტუმრებს დიდი ხანი გაჰყვეთ, ორიგინალური სადღესასწაულო დეკორი და ნაძვის ხის ხელნაკეთი სათამაშოები უნდა შექმნათ. ამის განხორციელებაში ჩვენი იდეები დაგეხმარებათ

დეკორატიული ყუთები

საახალწლო ნაძვის ხისთვის საკუთარი ხელნაკეთი მოსართავის შესაქმნელად მაკრატელი და ქაღალდიც საკმარისია. ფერადი თხელი მუყაოსგან ლამაზი ყუთები გამოდის. ნათელი ლენტები გადაახვიეთ და ნაძვის ხეზე ჩამოკიდეთ. ეს დეკორატიული ყუთები შესაძლებელია საშობაო თაიგულის ან საახალწლო მაგიდისთვისაც გამოიყენოთ.

ხის ქერქის მოსართავი

შესაძლებელია უფრო წინ წახვიდეთ და ნაძვის ხის მოსართავები ხის ქერქისგან დაამზადოთ. ყალიბის და ხის საჭრელის მეშვეობით მომავალი სათამაშოების კონტური დაიტანეთ (ეს შესაძლებელია ვარსკვლავები, გულები, რომბები და სხვა მარტივი ფორმები იყოს) და საყოფაცხოვრებო მაკრატლის მეშვეობით საახალწლო სათამაშოები გამოჭერით. ეკო-სტილი საახალწლო მორთულობების ბოლო წლების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა.

საშობაო გვირგვინი მავთულისგან და ნაძვის ტოტებისგან

მინიატურული საშობაო გვირგვინის დამზადება ჩვეულებრივი ლითონის საკიდისგან და ნაძვის ტოტებისგანაცაა შესაძლებელი. დასაწყისისთვის კაუჭიან საკიდს მრგვალი ფორმა მიეცით, შემდგომ კარკასს რამდენიმე მწვანე ტოტი შემოაკარით (ეს შესაძლებელია ნაძვი, ევკალიპტი და ხმელი ბალახი იყოს). დეკორად კენკრიანი ტოტების, ზარების, მძივების, ლენტებისა და სხვა მოსართავების კომპოზიცია გამოიყენეთ, რომელსაც სახლში იპოვით.

ტოტებისგან დამზადებული ნაძვის ხე

სხვათა შორის, ჩვეულებრივი ტოტებისგან და ჯოხებისგან შესაძლებელია მინი ნაძვის ხის დამზადება. ამ ტიპის სამუშაოსთვის დაგჭირდებათ: თეთრი დაწნული კალათა, აკრილის თეთრი საღებავი, თოკი ან ატლასის ლენტი, ბაღის მაკრატელი, ფუნჯი. „ღერო“ – სქელი ტოტი, ჰორიზონტალურ ზედაპირზე იდება და ამის შემდგომ ხის „აწყობა“ იწყება. ერთმანეთთან ტოტებს თოკით ან ლენტით ამაგრებენ. დაწნული კალათის სახელურებში ორი სქელი ტოტი ეყრება. ნაძვის ხეს იმგვარად დგამენ, რომ ღერო მყარად იყოს დამაგრებული ორივე პარალელური მიმართულებით. შემდგომ ნაძვის ხე თეთრად იღებება, მასზე ბურთები და გირლიანდები იკიდება.

საახალწლო დეკორი ჯანჯაფილის ორცხობილებისგან

შესაძლებელია ნაძვის ხის მოსართავი „გამოაცხოთ“! თუ თქვენს ნაძვის ხეს ჯანჯაფილის, კარდამონისა და დარიჩინის სურნელი ექნება, ეს მას უფრო მომხიბვლელს გახდის. ორცხობილებში ჩამოსაკიდი ნახვრეტების გასაკეთებლად კოქტეილის მილაკი გამოიყენეთ. მომზადებული დეკორაცია შესაძლებელია შაქრის მინანქრით დაამშვენოთ. ასეთი საახალწლო ტკბილეული შესაძლებელია ნაძვის ხეზე დაკიდოთ ან ლენტი გაუყაროთ და არომატული დეკორაცია დაამზადოთ.

ციტრუსისგან დამზადებული საახალწლო დეკორი

გემრიელი საახალწლო მოსართავების გაკეთება ციტრუსისგანაცაა შესაძლებელი. აიღეთ ფორთოხალი ან ლიმონი, დაჭერით წრეებად და რამდენიმე წუთით გაზქურაში მოათავსეთ ან წინასწარ გამოაშრეთ (ამისთვის ყველაზე კარგი ადგილი რადიატორის თავზე არსებული ფანჯრის რაფაა). ამის შემდეგ კი ისღა დაგრჩენიათ, რომ ნახვრეტი გაუკეთოთ და მავთულის ან ლამაზი თასმის მეშვეობით ნაძვის ხეზე დაკიდოთ.

ჭრა-კერვა

საკუთარი ხელებით ნაძვის ხის მოსართავების გასაკეთებლად ჭრა-კერვის უნარებიც გამოგადგებათ. სხვადასხვა ნაჭრებისგან შესაძლებელია რბილი სათამაშოების შეკერვა და მათზე ლამაზი ორნამენტების ამოქარგვა, ღილების, მძივებისა და ბისერის დაკერება. ფერადი ტექსტილის ნაჭრებისგან სიმპათიური ტომსიკები გამოდის, რომლებშიც ბავშვების მინი-საჩუქრების მოთავსებაა შესაძლებელი. სახალისოა, როდესაც ბავშვები ნაძვის ხიდან ასეთ ტომსიკებს თავისით ხსნიან.

ნაძვის ხის თვითნაკეთი ბურთები

ნაძვის ხეზე გამჭვირვალე შუშის ბურთები შემოქმედებისთვის უსაზღვრო მოედანია. მათთვის ინდივიდუალურობის მინიჭებისთვის შიგნით ბუმბული, ოქროსფერი ფოლგის ქაღალდი, ბეწვი, ხის ანათალი, ბრჭყვიალა ან უბრალოდ მწვანე ტოტი მოათავსეთ. ბურთები შესაძლებელია ლენტით გააფორმოთ და თითოეული სტუმრისთვის სურვილი ხელით წააწეროთ. ეს ნამდვილად უჩვეულო საახალწლო საჩუქარი გამოვა.

ფლორარიუმი

ნაძვის ხის კიდევ ერთი მოდური მოსართავი და ორიგინალური საახალწლო საჩუქარი ფლორარიუმი – შუშის ბურთში ცოცხალი მცენარეების კომპოზიციაა. ის რთულ მოვლას არ საჭიროებს და თქვენს სახლს მრავალი წელი დაამშვენებს. ასეთი ფლორარიუმების გაკეთება თქვენი ხელითაც შეგიძლიათ.

ოქრო

საახალწლო დეკორის ერთ-ერთი მთავარი ფერი ოქროა! ნაძვის ხის ოქროსფრად მოსართავად დიდი ფულის დახარჯვა არ არის საჭირო. ნებისმიერი საახალწლო სათამაშო და სხვა ნივთები, რომლის ხეზე დაკიდებაც გსურთ, ოქროს სპრეის მეშვეობით სასურველ ელფერს მიიღებს. ახლა უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ნაძვის ხე ნამდვილად ბრწყინავს!

საახალწლო რუბრიკის წარმდგენია თეთრი კვადრატი.

gjG House – ექსპერიმენტული სახლი გენტში

ზნეობის კოდექსი არქიტექტურაში – ინტერვიუ გიორგი მარგიშვილთან