ჩინეთის ქალაქ შენჟენის სავაჭრო ცენტრში შექმნილი ამ ჯადოსნური ქალაქის პროექტი არქიტექტურულ კომპანია “X+ Living”-ს ეკუთვნის, რომელიც 2011 წელს შანხაიში დაარსდა და განსხვავებულ საბავშვო ქალაქებს ქმნის.
ჩვენ მიერ შერჩეული პროექტი – “Shenzen Neobio” მშობლებისა და ბავშვებისთვის შექმნილი საოჯახო პარკია, რომელიც აერთიანებს რესტორნების კომპლექსს სათამაშო მოედნებით. ჩანაფიქრის მიხედვით, მანამ, სანამ მშობლები რესტორანში იმყოფებიან, პატარები ათვალიერებენ ფერად, მინიატურულ ოცნების ქალაქს.
სივრცე ისეა მოწყობილი, რომ ბავშვი ჯადოსნურ სამყაროში ხვდება. კაშკაშა ყვითელი ფერით შეღებილ დერეფნებს დამთვალიერებელი შესასვლელთან მიჰყავს. ტკბილეულის ფერებში მორთული ინტერიერი, შავ-თეთრი ხაზებითა და წერტილებით დაფარული იატაკები, წითელი მისაღები, ვარდისფერი ინსტალაციები – ყველა დეტალი შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვებმა თავი ზღაპარში იგრძნონ.
საბავშვო ქალაქში მცირე ზომის მაღაზიები, სალონები, სტომატოლოგიური კაბინეტი და სხვადასხვა მინიატურული ავეჯით მოწყობილი სივრცეებია. თითოეული დანაყოფი ბუშტების ფორმის ნაწილშია მოთავსებული. ამ ჯადოსნურ სამყაროში ბავშვები მანქანებით გადაადგილდებიან.
დონეები ერთმანეთთან კიბეებითა და გამჭვირვალე დერეფნებით არის დაკავშირებული. გიგანტური ფერადი ქოლგები და ჩანართები მინიატურული ქალაქის თავზეა ჩამოკიდებული. პარკი მთლიანად პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი.