in

“სად შევისწავლი არქიტექტურას?” – რატომ არ უნდა დასვათ ეს კითხვა თუ მართლა არქიტექტორობა გსურთ

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, თანამედროვე სამყაროში იცვლება მიდგომები და სასწავლო პრინციპები, რომლებიც სწრაფ, მოკლევადიან შემეცნებით პროგრამებზეა ორიენტირებული და დროის მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური შედეგის მიღებას მოითხოვს. ამგვარი ტენდენცია შეინიშნება არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროშიც, სადაც მრავალწლიან საუნივერსიტეტო სწავლებას ხშირად მოკლევადიანი კურსები ანაცვლებს, რომლებიც არქიტექტურის პროფესიის დაუფლებასა და მის სრულფასოვან შესწავლას გვპირდება.

ბოლო წლებში ამგვარი სასწავლო პროგრამები მომრავლდა და შესაბამისად, იმატა დაინტერესებამაც, რის გამოც ხშირად ისმის კითხვა: სად შევისწავლი არქიტექტურას? თუმცა, რამდენად პასუხობს მოკლევადიანი კურსები იმ მთავარ მოთხოვნებს, რასაც არქიტექტურის პროფესია ითვალისწინებს? რამდენად ეფექტურია ისინი სპეციალობის სრულად დასაუფლებლად?

ამ მეტად საკამათო საკითხის განსახილველად აზრი დარგის წარმომადგენლებსა  და ამ საქმის პროფესიონალებს ვკითხეთ, რომლებიც საკუთარ მოსაზრებებს ღიად და არგუმენტირებულად გვიზიარებენ.

ნინო ლაღიძე, საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას თავად არქიტექტორის პროფესიას განმარტავს და ამ საპასუხისმგებლო საქმიანობის როლსა და დანიშნულებაზე საუბრობს. მისი აზრით, არქიტექტურის პროფესიის დასაუფლებლად აუცილებელია საქმის საფუძვლიანად შესწავლა და თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილების მიღება, რაც მოკლევადიანი კურსებით ვერ მოხერხდება.

„თავდაპირველად მნიშვნელოვანია განიმარტოს, ვინ არის არქიტექტორი/დიზაინერი და რას მოიცავს მისი საქმიანობა. არქიტექტორი არის სპეციალისტი, რომელიც მონაწილეობს, როგორც ერთ-ერთი მთავარი აქტორი სხვადასხვა ობიექტის – შენობის, ნაგებობის, ტერიტორიის – პროექტირებასა და მშენებლობაში. აღნიშნული პროფესიის ისტორიული სახელია ხუროთმოძღვარი. მისი სამუშაო პასუხისმგებლობის სფერო ძალიან დიდია და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს —  შენობისა და ინტერიერის კონცეფციის შექმნას, აზროვნებას; არქიტექტურული და დიზაინის გადაწყვეტილებების ვიზუალიზაციას ესკიზებისა და ნახაზების სახით; გრაფიკული ალბომებისა და მაკეტების წარმოებას; საპროექტო დოკუმენტაციის კოორდინაციას მარეგულირებელ ორგანოებთან და საჭირო ნებართვების მოპოვებას; დაპროექტებული ობიექტის მშენებლობის შესაძლებლობისა და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უსაფრთხოების დამადასტურებელი ტექნიკური გამოთვლების განხორციელებას; სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე კონტროლს; პირდაპირ კომუნიკაციას ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ინვესტორთან, დამკვეთთან,  გენერალურ კონტრაქტორთან თუ  ქვეკონტრაქტორთან. არქიტექტორის მთავარი მიზანია, შექმნას არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ფუნქციონალური შენობა, ინტერიერი, ლანდშაფტის დიზაინის ობიექტი და ა.შ. არქიტექტორი ეს არის პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი პროფესია, კარგი სპეციალისტები კი ყოველთვის მოთხოვნადია.

თუმცა არქიტექტორობა ადვილი არ არის და ხანგრძლივ სწავლებას მოითხოვს. აუცილებელია მოქმედ სამშენებლო და არქიტექტურულ კომპანიებში პრაქტიკის გავლა და დიდი ძალისხმევის დახარჯვა. ამის მიღწევა კი სამ ან ექვს თვეში შეუძლებელია. კომპიუტერული გრაფიკების ცოდნა არ ნიშნავს არქიტექტორობას ან დიზაინერობას. ინტერიერი დამოუკიდებლად არ არსებობს, იგი არქიტექტურასთან შერწყმულია და კარგი რენდერის აწყობა ან ძვირფასი მასალით გაკეთებული რემონტი არ ნიშნავს ამ საქმეში დახელოვნებას“.

არქიტექტურული სტუდია „R-312“-ის თანადამფუძნებელი, არქიტექტორი გიორგი ზაუტაშვილი ასევე გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებას ამ თემასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ არქიტექტორის პროფესიის დასაუფლებლად მხოლოდ კომპიუტერული პროგრამების შესწავლა არ არის საკმარისი და არქიტექტურის შესასწავლად დიდი დრო, ენერგია და რესურსია საჭირო.

„სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს გავრცელებული მითი, რომ მცირეხნიანი კურსების გავლა და შესაბამისი პროგრამების შესწავლა საკმარისია იმისათვის, რომ არქიტექტორი გახდე. ეს შეხედულება კი ძლიერად აზიანებს როგორც პროფესიის აღქმას დამკვეთის მხრიდან, ასევე ზოგადად, ბაზარს და ქვეყნის ვიზუალურ მხარეს. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები, როგორებიცაა ტადაო ანდო ან ლე კორბუზიე, რომლებმაც უმაღლესი პროფესიული განათლების გარეშე მოახდინეს რევოლუცია თანამედროვე არქიტექტურაში. თუმცა, მათ ძალიან დიდი დრო და რესურსი დაუთმეს პროფესიის შესწავლას მოგზაურობით, დაკვირვებით, სხვადასხვა ცნობილ სახელოსნოში პრაქტიკული მუშაობით“.

გიორგი ზაუტაშვილი გვიხსნის, რომ არქიტექტურა კომპიუტერული პროგრამების ცოდნასთან ერთად, ძალიან ბევრ უნარს მოთხოვს. ეს საკმაოდ კომპლექსური პროფესიაა, რის შესწავლასაც დიდი დრო და პრაქტიკული გამოცდილება სჭირდება.

„არქიტექტურა, როგორც ბევრს ჰგონია, არ არის 3D მოდელირების ცოდნა. ეს ყველაფერი ამ პროფესიაში მხოლოდ ხელსაწყოა. შესაბამისად, არქიტექტურის სრულად შესასწავლად აუცილებელია, ფლობდეთ კონცეპტუალურ აზროვნებას, აბსტრაგირების უნარს, სივრცით აზროვნებას, შეგეძლოთ კრიტიკაზე სწორი რეაგირება. მზად უნდა იყოთ მუდმივი თვითკრიტიკისა და განვითარებისთვის. პროფესიის სრულად დასაუფლებლად აუცილებელია ერთი და იგივე ნაბიჯის ბევრჯერ, რუტინულად გამეორება. ცხადია, ყოველ ჯერზე ეს ნაბიჯი უფრო კომპლექსური და რთულია. არანაირი პრინციპული სხვაობა არაა, მცირე ზომის სახლს აპროექტებთ თუ მუზეუმს, პროცესი ყოველთვის ერთი და იგივეა — თემისა და ტერიტორიის კვლევა, საპროექტო დავალების შესწავლა, მის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, პრობლემატიკის დასახვა და ამ პრობლემის გადასაწყვეტად კონცეფციის ჩამოყალიბება, კონცეფციაზე დაყრდნობით სივრცითი გადაწყვეტილების პოვნა და შემდგომ ამ ყველაფრის პროექტის სახით რეალიზაცია. თითოეული ეტაპის სწორად გასავლელად კი აუცილებელია კრიტიკაზე სწორი რეაგირება და საკუთარ შეცდომებზე სწავლა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არქიტექტურა, ხელოვნების სხვა სფეროებისგან განსხვავებით, პირველ რიგში, ფუნქციონალურია, ხოლო თუ ის ფუნქციას ვერ ასრულებს, მაშინ უბრალო ბუტაფორიაა. არქიტექტურის შეფასება არ უნდა ხდებოდეს გემოვნებაზე დაყრდნობით, მისი შეფასება გემოვნების მიღმა, მაქსიმალურად ობიექტურადა უნდა მოხდეს. არქიტექტურის კონცეფციასა და ფუნქციონალიზმზე დაყრდნობით კი მსგავსი კომპლექსური პროფესიის რამდენიმე თვესა ან წელში მოკლე კურსის დახმარებით შესწავლა უბრალოდ თავის მოტყუება, პროფესიის არსის არ ცოდნა და მისადმი უპატივცემულობაა“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი, დავით ბოსტანაშვილი უფრო ფართო ჭრილში განიხილავს საკითხს და ზოგადად, მსჯელობს უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობაზე, რომელიც ადამიანის პიროვნულ თუ ინტელექტუალურ განვითარებაში დიდ ადგილს იკავებს.

„რას გვპირდება ცოდნის მიღების ახალი ტიპი – მოკლევადიანი კურსები არქიტექტურასა თუ სხვა პროფესიებში? მხოლოდ ახალი კარიერის შესაძლებლობას. მთავარი მოტივაცია არის იმ უნარების მიღება, რომლებიც დასაქმებაში დაგვეხმარება. თანამედროვე სამყაროში ცოდნას ჩაენაცვლა უნარი, შემოქმედებითი განვითარების სურვილს — ეკონომიკური ინტერესი. სამწუხაროდ, ეს პრობლემა სცილდება მოკლევადიანი კურსების სფეროს. ამგვარ დამოკიდებულებას ხშირად ვხვდებით უნივერსიტეტის სივრცეშიც, სადაც განათლების მიზნად დასაქმება განიხილება. თუ სწავლისადმი დამოკიდებულება პროფესიაში შემოსვლის მსურველისთვის ასეთად დარჩა, არ აქვს მნიშვნელობა 4 წელი ისწავლი თუ 4 თვე.

ხშირად მოისმენთ არქიტექტურული ოფისის ხელმძღვანელებისგან, რომ მათ უწევთ, დამწყებ არქიტექტორებს ყველაფერი ასწავლონ. ბაზარი მოითხოვს სტუდენტს, რომელსაც ეცოდინება ისეთი დავალების შესრულება, რაც არქიტექტურულ კულტურასთან ნაკლებ კავშირშია და მხოლოდ ნახაზების სათანადოდ შესრულებასა და კომპიუტერული რენდერის უნარებს გულისხმობს. ამიტომ ბევრი სტუდენტი ამბობს, რომ უნივერსიტეტი რაღაც „არარეალურია“ და რეალური დაპროექტება ოფისში ისწავლება. აქედან გამომდინარე, ოთხთვიან კურს-გამოვლილი ეკონომისტი ან საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი ისევე შეიძლება დასაქმდეს ოფისში, სადაც მას „არქიტექტურას შეასწავლიან“, როგორც უნივერსიტეტელი ახალგაზრდა. შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ ოთხთვიანი კურსი უფრო ახლოსაა რეალობასთან, ვიდრე საუნივერსიტეტო საგანი, რომელიც, მაგალითად, გვიყვება, როგორ ესაუბრებოდნენ ძველი ეგვიპტელები მიღმიერ სამყაროს და როგორ გამოიხატა ეს დიალოგი ქვაში. როგორც ხედავთ, მე ემოციურად აღვიქვამ უნივერსიტეტის როლის ასეთ არასწორ გაგებას, ცოდნისადმი ასეთ პრაგმატულ დამოკიდებულებას, რაც გლობალურ მოვლენად მიმაჩნია.

რა არის უნივერსიტეტი? რა არის განათლება? ამ შეკითხვაზე სრულფასოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. ვფიქრობ, არქიტექტურა ეთიკური ვალდებულებების აღებაა. ვალდებულების დანახვას, გააზრებას, შეთვისებას არა გზის დამოკლება, არამედ დროის გრძელ ლაბირინთში გავლა სჭირდება. ამ ლაბირინთში კი ყალიბდება პიროვნება და შემოქმედი. 

არქიტექტურა ადამიანის ცხოვრების ამბავია, არქიტექტურა გვიყვება ისტორიას ჩვენ შესახებ; ამ ცოდნისკენ სწრაფვა თავისთავადაა სასიხარულო. ეს სიხარული კი მოცალეობის დროს მოდის. მოცალეობის დრო, რომელსაც ბერძნები უწოდებენ სქოლეს, განათლების უანგარო ინტერესს უნდა დაეთმოს.  

არქიტექტურა აზროვნების ფორმაა და არა განსაზღვრული უნარების დაოსტატება. აზროვნების განვითარება, რა თქმა უნდა, მთელ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მოითხოვს. ოთხთვიანი კურსით დაწყება თავიდანვე აღკვეთს გზას აზროვნებისკენ. უნივერსიტეტმა არა იმდენად უნარები უნდა ასწავლოს, რამდენადაც ძლიერი სააზროვნო საფუძველი შეუქმნას სწავლის მსურველს, ჩაუნერგოს მას ცოდნის ძიების დაუოკებელი ინტერესი.

უნარების სწრაფი ათვისების მსურველებს მივმართავდი: თუ გსურთ კიდევ ერთი აგური დადოთ ჩვენი ფიზიკური გარემოს გადაგვარებაში, ჩააბარეთ ოთხთვიან კურსზე, ან თუ უნივერსიტეტში ხართ, ნუ დაკარგავთ დროს ისეთ რამეზე, რაც ოფისში არ გამოგადგებათ. ის ურბანული და არქიტექტურული გარემო, რასაც ვქმნით, არ მოითხოვს აზროვნებას. მხოლოდ საჭიროებს ფურცლების და დოკუმენტების სათანადოდ შესრულება-გაფორმებას, რათა პროექტი „სამართლებრივად სწორი“ იყოს. ასეთი არქიტექტურული უკულტურობისთვის კი სწორედ ოთხთვიანი კურსებია ადეკვატური. თუმცა ასეთ შემთხვევაში თქვენ ვერ გადაწყვეტთ ამოცანას დაზეპირების გარეშე. თქვენ ვერ დაინახავთ მის რეალურ არსს. თქვენ მხოლოდ ამოცანების გარედან მიმღები იქნებით. თქვენ ვერ დაუსახავთ საკუთარ თავს უფრო დიდ ამოცანებს, რადგან არქიტექტურულმა განათლებამ (და არა კურსებმა) სამყაროზე ახალი ფანჯარა უნდა გაგიხსნათ და დაგეხმაროთ თქვენ იდეალურ შემოქმედებით „მე“-მდე გაზრდაში“, — აღნიშნავს დავით ბოსტანაშვილი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

რემონტის გამოცდილება — ხატია ცირგაიას რჩევები

ჩრდილოვანი პროფილი — მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე