დღეს კიდევ ერთ, გამორჩეულ ავეჯის საწარმოზე გიამბობთ, რომელიც ფილმების სამყაროში გამოგზაურებთ და თქვენს საყვარელ პერსონაჟებს ავეჯის საშუალებით აცოცხლებს. ცოტა ხნის წინ დაარსებულ საწარმოში შექმნილი ნამუშევრები უკვე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. „სადგურის“ ძირითად კონცეფციაზე კი მისი დამფუძნებელი, გიორგი ქვრივიშვილი გვესაუბრება.
გიორგი, გვიამბეთ თქვენ შესახებ, როგორ მოხვდით ამ სფეროში?
პროფესიით თეატრის მსახიობი ვარ. დღემდე აქტიურად ვმონაწილეობ სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალური თეატრის სპექტაკლებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესია ძალიან მიყვარს, მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების მიზნით, სხვა სფეროში ძალების მოსინჯვაზე არაერთხელ მიფიქრია. ამიტომაც, ისე გამოვიდა, რომ მიმუშავია ბარმენად, მეტყველების პედაგოგად – საბავშვო ბაღში, შემდეგ კი მენეჯერად – ავეჯის მწარმოებელ კომპანიაში.
როგორ გაჩნდა „სადგურის“ დაარსების იდეა?
ძალიან მომწონს ავეჯის შექმნის პროცესი და მომხმარებელთან ურთიერთობა. როდესაც საკუთარ ბიზნესზე დავიწყე ფიქრი, გადავწყვიტე, ის ცოდნა და გამოცდილება გამომეყენებინა, რომელიც ამ სფეროში დავაგროვე. მიხარია, რომ გავრისკე და არცთუ ისე მარტივ, საკმაოდ კონკურენტულ ინდუსტრიაში შევაბიჯე. მინდოდა ისეთი ბრენდი შემექმნა, რომელიც შემოქმედებით თავისუფლებასაც მომცემდა და მომხმარებელსაც გააბედნიერებდა. ასე შეიქმნა რბილი ავეჯის საწარმო „სადგური“.
რა არის „სადგურის“ ძირითადი კონცეფცია?
„სადგური“ რბილი ავეჯის საწარმოა, რომელიც შინ „გემრიელად“ მოკალათებისა და საყვარელი ფილმების ყურების „წმინდა“ მომენტებისთვის შეიქმნა.
მე და ჩემს მეგობრებს, რომლებიც ასევე ჩემი გუნდის წევრები არიან, ძალიან გვიყვარს ფილმებისა და სერიალების ყურება. ბავშვობიდან მოყოლებული, ამას ერთად ვაკეთებთ, შემდეგ კი სიუჟეტს განვიხილავთ, საყვარელი პერსონაჟები და ბავშვობის გმირები გვყავს. აქედან გამომდინარე, მშვენივრად ვიცით, რომ კარგი ფილმის ყურებისას ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახერხებელი დივანია. ჩვენც სწორედ ასეთ ავეჯს ვქმნით, რათა მომხმარებელს მყუდრო და კომფორტული გარემო შევუქმნათ. „სადგური“ ამ ეტაპზე მხოლოდ დივნებსა და სავარძლებს აწარმოებს, თუმცა, სულ მალე საწოლების ხაზიც დაგვემატება.
რა მომსახურებას სთავაზობს „სადგური“ დამკვეთს და როგორ ერგება ქართველი მომხმარებლის გემოვნებასა და საჭიროებებს?
ხარისხი და მომსახურება ჩვენთვის უპირველესია. შესაძლოა, ეს შაბლონური ფრაზაა, მაგრამ ფაქტებითაა გამყარებული. ისეთ შეკვეთას არ ვიღებთ, რომელიც ვიცით, რომ არ გამოგვივა; არასოდეს ვმუშაობთ ქსოვილებით, რომლებიც მალე ზიანდება; არ ვაგვიანებთ შეკვეთას; გვაქვს როგორც პირდაპირი, ასევე დისტანციური კონსულტაციის სერვისი. რა თქმა უნდა, ასეთი ხარისხის შენარჩუნება რთულია, ამიტომ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ „სადგური“ იქნებოდა საწარმო, რომელიც მხოლოდ იმდენ შეკვეთას მიიღებდა, რამდენის ხარისხიანად დამზადებასა და მიწოდებასაც მოახერხებდა.
ჩვენი კოლექცია შეზღუდული არ არის, ნებისმიერი გემოვნების ადამიანს ერგება. მთავარია, მოდელს აუცილებლად სწორი პროპორციები ჰქონდეს, ქსოვილი კი ჩვენი კატალოგიდან იყოს შერჩეული. ამას ერთადერთი მიზეზის გამო ვაკეთებთ: გვინდა, მხოლოდ საუკეთესო მასალა გამოვიყენოთ. დანარჩენი გემოვნების საკითხია.
როგორ დაახასიათებდით თქვენს პროდუქციას?
პროდუქტის მდგრადობისა და ხარისხიანი მომსახურების გარდა, რაც უკვე ვახსენეთ, ბრენდის კონცეფციიდან გამომდინარე, ჩვენი ავეჯი ერთი თავისებურებით ხასიათდება: თითოეულს ფილმის ან სერიალის პერსონაჟის სახელი ჰქვია. შესაბამისად, მათ გამოკვეთილი ხასიათი აქვს. ეს გვეხმარება, მომხმარებელთან მარტივად დავამყაროთ ემოციური კავშირი. ჯერჯერობით ჩვენი საყვარელი ფილმების გარშემო ვტრიალებთ. კოლექციაში წარმოდგენილია მოდელები ფილმებიდან: „Amélie“, „Leelo Dallas“, „Grogu“, „Dark Night“, „Kill Bill“; გვაქვს „Friends“-ის ხაზის ყველაზე დიდი დივანი, რომელზეც რვა მეგობარი ეტევა, ასევე, Duke Fleed-ი მილენიალების ბავშვობის ნოსტალგიური „გრენდაიზერიდან“. მოკლედ, კარგად ვერთობით.
ჩვენი მზა კოლექციის ნახვა შოურუმშია შესაძლებელი, თუმცა, ინდივიდუალურ შეკვეთებსაც ვამზადებთ. შეკვეთას მხოლოდ მას შემდეგ ვიღებთ, რაც კონსულტაციას გავივლით ტექნიკურ გუნდთან, რომელიც შესაბამის ნახაზსა და ზომებს გვიდასტურებს. ინდივიდუალურ შეკვეთის დამზადებისას, ხშირად ვცდილობთ, ავეჯის სახელი დამკვეთის საყვარელი ფილმებიდან შევარჩიოთ.
უნდა ითქვას ისიც, რომ შოურუმს მუსიკალურად ჩვენი საყვარელი ფილმების მელოდიები აფორმებს. დივნებზე დაჯდომას არავის ვუკრძალავთ, პირიქით, შოურუმი სწორედ იმისთვისაა, რომ მომხმარებელმა პროდუქტი ზუსტად მოირგოს და სწორი არჩევანი გააკეთოს.
დაბოლოს, განვითარების რა ეტაპზე ხართ ახლა და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
მიუხედავად იმისა, რომ „სადგურის“ გახსნიდან ორი თვეც არ გასულა, შესაბამისად, დიდი გუნდი არ გვყავს, მომავალს საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ. ვფიქრობთ, განსაკუთრებული იდეა გვაერთიანებს, რომლისაც ბოლომდე გვჯერა: ჩვენ უბრალოდ დივნებს კი არ ვამზადებთ, ვცდილობთ, ადამიანებისთვის შინ ყოფნა უფრო კომფორტული და მყუდრო გავხადოთ.
რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის