ბინა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, ახალგაზრდა ოჯახს ეკუთვნის. ცოლ-ქმარი ამ სივრცეში 4 წელია ცხოვრობს და ეს მათი პირველი საერთო სახლია, რომელთანაც მათ ბევრი სასიამოვნო მოგონება და პოზიტიური ემოცია აკავშირებთ.
როგორც ჩვენი რესპონდენტები გვიამბობენ, ბინის მოწყობა მათ “ნულიდან დაიწყეს”. მეპატრონეებს სურდათ სრულად საკუთარ გემოვნებაზე მორგებული ინტერიერის შექმნა, სწორედ ამიტომ, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული სარემონტო პროცესში.
“ეს ბინა, ფაქტობრივად, სრულიად ჩემმა მეუღლემ დააპროექტა და გააკეთა. ეს იყო ერთგვარი გამოწვევაც და გატაცებაც მისთვის, ვინაიდან თავდაპირველი სამუშაოები საკმაო დროს და ენერგიას მოითხოვდა, ამავდროულად, ეს ყველაფერი გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გვინდოდა ყოველი დეტალი ჩვენს საჭიროებებზე, სურვილებსა და გემოვნებაზე ყოფილიყო მორგებული, მაინც გადავწყვიტეთ ყველაფერი თავიდან გაგვეკეთებინა და სასურველი შედეგიც მივიღეთ ,” – გვიამბობს დიასახლისი
რაც შეეხება ინტერიერს, მასზე დიზაინერმა ნინო ჟღენტმა იმუშავა. როგორც ის იხსენებს, იმ დროს, როდესაც მან ეს დაკვეთა მიიღო, სახლის მეპატრონე ჯერ კიდევ არ იყო დაქორწინებული, ამიტომ საპროექტო დავალება მდგომარეობდა ისეთი სივრცის შექმნაში, რომელიც მარტოხელა მამაკაცზე იქნებოდა მორგებული. მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის შექმნა სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით დაიწყო, საბოლოო ჯამში, სივრცე მაინც სრულად ადაპტირებული აღმოჩნდა საოჯახო ცხოვრების სტილზე და მინიმალური ცვლილებების შეტანა მხოლოდ მას შემდეგ გახდა საჭირო, როდესაც წყვილს შვილი შეეძინა.
“ამ ინტერიერის შექმნის პროცესი ჩემთვის დაუვიწყარი მოგონებაა. ეს მოხდა ამსტერდამში, ერთ-ერთ ღამის კლუბში, სადაც ჩემმა შვილმა წამიყვანა. ჩემთვის ეს იყო კლუბში ყოფნის პირველი გამოცდილება. იქაურმა გარემომ და მუსიკამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ სწორედ იქ ყოფნის პროცესში გონებაში სრულიად ნათლად დავინახე, თუ როგორი უნდა გამოსულიყო ეს პროექტი“, – ნინო ჟღენტი
ცალკე აღნიშვნის ღირსია შენობის ფასადზე არსებული ულამაზესი ორნამენტები, რომლებიც პროექტის ავტორმა პირვანდელი სახით შეინარჩუნა. აქვეა “ქვაში ჩაშენებული” სკამიც, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შენობის განსაკუთრებულობას.
ბინაში გვხვდება გაშლილი მისაღები სივრცე, რომელიც სამზარეულოსგან მხოლოდ 1 კოლონით არის გამოყოფილი და წარმოადგენს კომფორტულ გარემოს სტუმრების მისაღებად. აქვეა თანამედროვე ტიპის ბუხარი, რომელიც ზამთრის პერიოდში განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის სივრცეში.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მასიური და ფართო ვიტრაჟები, რომელთა წყალობით დიდი ოთახი სრულად არის განათებული ბუნებრივი დღის ნათებით, რაც ნებისმიერი სივრცის შემთხვევაში ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს.
აღსანიშვანია ის ფაქტი, რომ მიუხედავად ბინის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ გამზირზე მდებარეობისა, მასში ვერ აღწევს ხმაური და აქ მუდამ მშვიდი გარემოა, ვინაიდან ვერანდის ძირითადი ნაწილი შიდა ეზოს მხარეს იყურება.
“ვფიქრობ, ჩვენი სახლი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, რომ თანამედროვე ინტერიერი იყოს კომფორტული და ამავდროულად ძალიან თბილი, ახალგაზრდული და სახასიათო.”
საინტერესოა კაბინეტის სივრცე, სადაც ჩამოკიდებულია ჰამაკი. როგორც ჩვენი რესპონდენტები გვიამბობენ, ეს ადგილი მათი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კუთხეა, რომელსაც ისინი ხშირად იყენებენ კითხვის, მუშაობის ან დასვენების დროს.
“მე განსაკუთრებით მიყვარს, ბავშვის საძინებელი ოთახი, რომელსაც, ფაქტობრივად, მთელი ორსულობის პერიოდში ვაწყობდით. ვფიქრობ, ამ ოთახს გამორჩეულს ხდის განსხვავებული შპალერი, რომელსაც ძალიან დიდი ხნის ძიების შემდეგ, ერთ-ერთ უცხოურ პლატფორმაზე მივაგენი. ასევე უნიკალურია ის დიდი ვიტრაჟი, რომელიც პატარა აივანზე გადის და ამ ოთახს საკმაოდ ნათელსა და თბილს ხდის.”
“ამ ბინაში ყოველი კუთხე ძალიან დიდი ფიქრის და შრომის შედეგია. აქ ყველა სივრცეს თავისი გამოხატული მახასიათებელი აქვს, რაც უნიკალურს ხდის როგორც მთლიანად სახლს, ასევე მის ცალკეულ ოთახებს. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, სახლში ყველაზე მნიშვნელოვანი ის სითბოა, რასაც დროთა განმავლობაში თავად მისი მობინადრეები ქმნიან.”
აღნიშნული ბინა ამ ეტაპზე გასაყიდად არის გამოტანილი და მის შესყიდვასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია განცხადების ბმულზე.
რუბრიკა #სადვიცხოვროს წარმდგენია უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე